Thursday, November 21, 2013

სექსიზმი "არიფებისთვის" ანუ ცოტაოდენი რამ მარკეტინგული ეთიკის შესახებ (ნაწილი I)

ეს პოსტი მინდოდა დამეწერა "Dummies" სერიების მსგავსად, რაც ნიშნავს, რომ მასალა იწერება ,,დამწყებთათვის". რუსულად ეს ტერმინი თარგმნეს, როგორც "чайник" – მაგალითად, მე მაქვს წიგნი ,,Гендер для чайников". ქართული შესატყვისის პოვნა გამიჭირდა, რადგან მინდოდა შინაარსიც შემენარჩუნებინა და იუმორიც. სიტყვა ,,არიფი" ჩემმა მეგობარმა გაიხსენა და მეც მომეწონა – გულისხმობს დამწყებს, და იუმორიც არ იკარგება. იმედია, ეს სიტყვა ისევე გულკეთილად იქნება  გაგებული, როგორც ჩვენ ვიგულისხმეთ :)

იმ იშვიათი შემთხვევების დროს, როდესაც ტელევიზორს ჩავრთავ და ერთი–ორ რეკლამას მოვკრავ თვალს, მიჩნდება ხოლმე შეკითხვა: ნუთუ ერთი წელი გენდერის მაგისტრატურაზე სწავლაა აუცილებელი, რომ ადამიანები აღშფოთდნენ იმით, რასაც ამ რეკლამებში ხედავენ? ნუთუ ასე თვალსაჩინო და აშკარა არაა ის, რასაც აკადემიის ენაზე ქალის გასაგნება (ქალის არა როგორც სუბიექტის/პიროვნების, არამედ როგორც საგნის წარმოჩენა) ქვია?

როდესაც შარშან ელიტ–ელექტრონიქსის რეკლამა გავაკრიტიკე, ერთმა მეგობარმა გულწრფელად გაიოცა – აი აქ ეხლა სექსიზმს სად ხედავო. შენ ალბათ კმაყოფილი მაშინ იქნები, როდესაც რეკლამაში ქალს ექნება ფალოსი და კაცზე მოახდენს დომინირებას–ო. ალბათ გასაგებია, რომ მეგობრის კომენტარი ძალიან ვეცადე და აკადემიურად გადმოვთარგმნე. ეს ყველაფერი გაცილებით უფრო "უხერხულად" იყო ნათქვამი. და სწორედ ამ ნათქვამში ჩანს პატრიარქალური კულტურისთვის აგრერიგად დამახასიათებელი – ფალოცენტრული აზროვნება. პოპულარულ ენაზე რომ ვთქვათ, აზროვნება, სადაც დომინირებულისა და დაქვემდებარებულის როლს ფალოსის ქონდა–არქონა განსაზღვრავს. აზროვნებას, სადაც სექსიზმი სხეულებრივ ფაქტად მიიჩნევა. შესაბამისად, ვინც ფალოსს ფლობს, ის დომინირებს და ისაა სუბიექტი. ამ აზროვნების შედეგია ისიც, რომ სექსში ქალი მუდმივად წაგებულ როლში მოაზრება.

აქვე ვფიქრობ აუცილებელია განვმარტოთ სექსიზმი. ეს ფრაზა ამ ბოლოს ხშირად მეორდება, თუმცა მაინც მგონია, რომ მნიშვნელობა ცოტამ თუ იცის. სექსიზმი ქვია დისკრიმინაციას სქესობრივი ნიშნით, რაც გულისხმობს მმართველი (იგივე დომინანტი) სქესის მიერ დაქვემდებარებული სქესის ჩაგვრას. გამომდინარე იქედან, რომ პატრიარქალურ კულტურებში გვიწევს ცხოვრება, სექსიზმი ქალების მიმართ გამოვლენილი დისკრიმინაციაა. სექსიზმი შეიძლება გამოვლინდეს ქალებისადმი არასერიოზულ/დამცინავ დამოკიდებულებაში, მამაკაცთა უპირობო აღმატებულობის აღიარებაში, ქალებზე სტერეოტიპულ მსჯელობებში და ასე შემდეგ.  სარეკლამო კამპანიებში ერთი სქესის მხრიდან მეორეს დაჩაგვრა ან დაკნინებულად წარმოჩენა ზოგჯერ ძალიან თვალშისაცემია, უფრო ხშირ შემთხვევაში კი ოსტატურად არის შეფუთული. ჩემი შეფასებით, ჩვენი მარკეტოლოგები ჯერ ვერ გადავიდნენ "შეფუთვის" ეტაპზე, ქართულ რეკლამებში სექსიზმი "შეუიარაღებელი" თვალისთვისაც მტკივნეულად თვალშისაცემია.

როდესაც ქართულ რეკლამებს ვაკრიტიკებთ, აუცილებლია აღინიშნოს, რომ ე.წ.  "დასავლეთში" (საიდანაც მარკეტინგის ანა–ბანა დავისწავლეთ) უკვე 80–იანი წლებიდან ალაპარაკდნენ მარკეტინგულ ეთიკაზე.  სწორედ ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. რეკლამების ის სტილი, რასაც მონდომებით ბაძავენ ჩვენი "კრეაწივშიკები" ცხადია იმ "საოცნებო დასავლეთში" დაიბადა. მაგრამ იმედისმომცემი სწორედ რომ კრიტიკის არსებობაა. კრიტიკისა, რომელსაც ჩვენში პირად შეურაცხყოფად იღებენ. იქ, სადაც მარკეტინგულ ეთიკაზე დისკუსიებს უკვე მრავალწლიანი ისტორია აქვს, საზოგადოების განათლებული ნაწილისთვის მაინც რეკლამები ადვილად "გასაშიფრია", ჩვენთან კი უკრიტიკოდ ხდება ამ "კრეატიული" მასალის პირდაპირ ეთერში გაშვება. სექსიზმს რომ თავი გავანებოთ, მართლა როგორ შეიძლება საბავშვო პროგრამების დროს ეთერში მოხვდეს ისეთი რეკლამა, როგორიც "ელიტ ელექტრონიქსის" შედევრია? ამას ხომ მართლა არ ჭირდება გენდერული სენსიტიურობა.

ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, ჯეინ კილბორნს მოვიშველიებ. დიდი ხნის წინ და გაცილებით უფრო ლაკონურად აქვს ეს ყველაფერი ლექციად გადაქცეული. მათთვის, ვინც ინგლისური არ იცის, ამ მონაკვეთის თარგმანსაც ვდებ ქვემოთ.



,,ხანდახან ადამიანები მეკითხებიან: ამაზე უკვე 40 წელია ლაპარაკობ და რაიმე შეიცვალა უკეთესობისკენ? სამწუხაროა, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ სინამდვილეში, რაღაცეები გაუარესდა კიდეც. რეკლამები უფრო მეტ რამეს ყიდიან, ვიდრე მხოლოდ პროდუქტია: ყიდიან ღირებულებებს, გარეგნობას, სიყვარულის, სექსუალობის და წარმატების ცნებებს, და ალბათ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ნორმალურობის ცნებას – მეტწილად რეკლამები გვეუბნებიან ვინ ვართ და ვინ უდნა ვიყოთ.

და რას გვეუბნება რეკლამა ქალების შესახებ? როგორც ყოველთვის, რეკლამა გვეუბნება, რომ ჩვენში ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ როგორ გამოვიყურებით. პირველი, რასაც მარგეტოლოგი აკეთებს, არის ის, რომ თავს გვახვევს სრულყოფილად ლამაზი ქალების გამოსახულებებს. ქალები ძალიან პატარა ასაკიდან სწავლობენ, რომ უნდა დავხარჯოთ უზარმაზარი დრო, ენერგია და ფული, რომ მივაღწიოთ ასეთ გარეგნობას, ხოლო თუკი ვერ მოვახერხებთ, დარცხვენილად და დანმაშავედ ვიგრძნოთ თავი. და იმედგაცრუება გარდაუვალია, რადგან იდეალი გულისხმობს აბსოლუტურ უნაკლობას. რეკლამაში წარმოდგენილ ქალს არ აქვს არავითარი ხაზები, ნაოჭები, რასაკვირველია არ აქვს სიწითლეები, და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს – კანის ფორებიც კი არ აქვს! 

და ამ უნაკლობის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ისაა, რომ ვერავინ ვერასდროს მიაღწევს მას, ასე არავინ გამოიყურება – რეკლამაზე გამოსახული ქალის ჩათვლით. დიახ, ეს სიმართლეა – არავინ გამოიყურება ასე. სუპერმოდელმა სინდი კროუფორდმა თქვა ერთხელ: ვისურვებდი მეც სინდი კროუფორდივით გამოვიყურებოდე".

თუკი კილბორნის მსჯელობას ჩვენს კონტექსტში ჩავსვამთ, საინტერესოა დაისვას შეკითხვა:


რას ამბობს ქალების შესახებ ქართული რეკლამები?


1. ელიტ–ელექტრონიქსი რადგან შესავალ ნაწილში ელიტ–ელექტრონიქსის რეკლამა ვახსენე, სწორედ ამ რეკლამის ანალიზით დავიწყებ. თუმცა, მასალა საკმაოდ "მდიდარია" და ვფიქრობ, გამიჭირდება ერთ პოსტში ჩავეტიო. რადგან მცირე თეორიული მონახაზი უკვე გავაკეთე, რამდენიმე რეკლამის ანალიზს აქვე შემოგთავაზებთ, სხვა მაგალითებს კი პოსტის მეორე ნაწილისთვის შემოვინახავ.

ვიდეოს სანახავად გადადით ლინკზე: ელიტ-ელექტრონიქსის საახალწლო კრეატივი



ამ რეკლამას ბევრმა უწოდა მდარე, მაგრამ ცოტამ თუ დაინახა სად იყო სექსიზმი. სწორედ ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ ისეთი პოსტი დამეწერა სექსისტურ რეკლამებზე, რომელსაც მხოლოდ სოციალური მეცნიერებების მაგისტრები არ გაიგებენ.

რეკლამა იწყება სცენით, სადაც ვხედავთ ქალის სახეს, რომელიც (არც მთლად ნიჭიერად)  სექსს  ასახიერებს. რა ვიცი, ეგებ ვცდები მაგრამ სექსი უფრო კარგი რამე მგონია. ეს სახე, პირველ რიგში, სექსს როგორც ქალისთვის შემაწუხებელ რამეს წარმოაჩენს. ქალი არ იღებს სიამოვნებას ამ აქტისგან, და რაც მთავარია, ის არაა სექსის თანასწორი მონაწილე –  მას–ზე აქვთ სექსი და არა მას–თან. გამომდინარე იქედან, რომ ის "ქვემოთაა" და მმართველი ძალა კი "ზემოთ", მამაკაცს ეს სცენა კარნახობს, რომ აქ ოღრაშულად უნდა ახორხოცდეს  <3 შემდეგ კადრი მიიწევს უკან და "აღმოვაჩენთ", რომ ამ სიამოვნებას თუ უხერხულობას ქალს მამაკაცის მიერ შეძენილი დოვლათი ანიჭებს.

როგორც უკვე აღვნიშნე, ყველაზე შემაწუხებელი ამ რეკლამაში ისაა, რომ ქალი სექსშიც კი დამცირებულად არის წარმოჩენილი. ის სექსის ობიექტია და არა სუბიექტი. რეკლამა ყოველგვარი შეფუთვის გარეშე მხოლოდ მამაკაცს ხედავს სამიზნედ – მას მამაკაცი მიაჩნია ამ საჩუქრების მსყიდველობითუნარიან სუბიექტად, და არა ქალი. ქალი მისთვის სამიზნე არ არის, ამ სამიზნის ყურადღების მისაქცევად გამოყენებული სატყუარაა – თუკი მამაკაცის თავმოყვარეობას მოელამუნება, ის მამაკაცი მოვა და ფულსაც დახარჯავს. ქალი კი უმოქმედოდ იჯდება მანქანაში, ყიდვის ფულს ვინ ჩივის, საჩუქრების დალაგებაში დახმარების უნარიც კი არ გააჩნია. ამ ქალის სახის მიხედვით მას უფრო ტკივა, ვიდრე სიამოვნებს "სექსი". მაგრამ მაინც უმოქმედოდ ზის, წუხს მაგრამ ბედს ეგუება. ასეთია ქალის ტრადიციული როლი – პასიური, მორჩილი, რომელიც მაშინაც კი არ იღებს ხმას, როდესაც რაღაც არ მოწონს. სწორედ ამიტომ, მე ვთვლი რომ ამ რეკლამიდან ძალადობის ნორმალიზაციაც მოდის.

2. საქართველოს ბანკი რამდენადაც მახსოვს, ატეხილი განგაშის გამო ეს სარეკლამო კამპანია ჩავარდა, თუმცა ფაქტია, რომ მსგავსი იდეა არათუ დაიბადა, არამედ განხორციელებამდეც მიაღწია. საქართველოს ბანკის ავტოსესხის რეკლამა გამორჩეულია გენდერულად დაყოფილი მესიჯებით, რაც ნიშნავს, რომ სხვა მესიჯები მოდის ქალის მონაწილეობით გადაღებული რეკლამიდან, და სხვა – მამაკაცის მონაწილეობით გადაღებული რეკლამისგან. ეს დაპირისპირება საკმაოდ საინტერესო სურათს გვაძლევს.



ტექსტი: "შენთან გატარებული 3 წელი არაჩვეულებრივი იყო, მაგრამ ამ წლების შემდეგ შენ ისეთი აღარ ხარ". "მე იმისთვის პირველი ვიქნები, ეს სულ სხვა შეგრძნებაა. ჩემამდე ის არავისი ყოფილა" "ნახმარ ავტომობილთან გამომშვიდობება ეხლა უკვე ბევრად უფრო ადვილია".

ძნელია კომენტარი გააკეთო. გულდასაწყვეტია. მესიჯებს ანალიზიც არ ჭირდება, მჯერა, მაგრამ მაინც გადავღეჭავ. რეკლამა გვეუბნება, რომ მამაკაცი "ბუნებით" ისეთია, რამდენიმე წელიწადში ,,ნახმარი" ნივთი (თუ ქალი) ბეზრდება. აფასებს, პატივს ცემს – მაგრამ ბოდიში და, ნახმარია და უნდა გადააგდოს. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ახალი ნივთი "უხმარია", ეს თურმე "სულ სხვა შეგრძნებაა" <3






პირველ რიგში, რადიკალური სხვაობაა საუბრის მანერასა და ემოციაში. ქალი ისტერიკულია, მას მშვიდად ლაპარაკი უბრალოდ "ბუნებით" არ მოსდგამს. ის ხომ ქალია, ეს კი ნიშნავს რომ არ შეუძლია გაწონასწორებულად, დალაგებულად ახსნას თავისი არგუმენტი.

ტექსტი: "შენს ხასიათზე ვარ დამოკიდებული", "შენთან უსაფრთხოდ არ ვარ".
აქედან მესიჯები: ქალი სხვაზე დამოკიდებული არსებაა, და არა დამოუკიდებელი სუბიექტი. ის სუსტი არსებაა, რომელსაც თავდაცვა არ ძალუძს, ამიტომ მას სჭირდება ძლიერი საყრდენი, ვისთანაც თავს უსაფრთხოდ იგრძნობს.

ტექსტი: "თავს ქალად ვგრძნობ, დაცული ვარ".
მესიჯები:  დამოუკიდებელი ქალი თავს ქალად ვერ გრძნობს. ქალობა დამოკიდებულებაა, რაც დაცულობაში გამოიხატება. სწორედ ამიტომ გაცვალა "ძველი" "ახალში", და არა "უხმარობის" გამო. "უხმარობა" ქალისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს.

როგორც ამ ორი რეკლამის დაპირისპირებით კარგად ჩანს, ბანკის "კრეაწივშიკების" გუნდი ძალიან მგრძნობიარეა საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების მიმართ – ქალი უხმარი უნდა იყოს და სუსტი, ხოლო მამაკაცი კი მომხმარებელი და ძლიერი. ქალის მჩაგვრელი ტრადიციები სარეკლამო კამპანიაში გამოყენებულია, როგორც ნორმა, ამ ნორმაზე კი მესიჯებია აგებული.  იმედია ვთანხმდებით, რომ არსებული ტრადიციების მიხედვით ქალის სექსუალური თავისუფლების შეზღუდვა, ხოლო მამაკაცის მექალთანეობის მუდმივი წაქეზება ჩაგვრის ერთ–ერთი ფორმაა. და როდესაც ამის გაძლიერებას სარეკლამო კამპანიის საშუალებით ხელს უწყობს ქვეყნის წამყვანი კომპანია, უბრალოდ დასანანია.

ცხადია, ამით ქართული სარეკლამო ბაზრის საბადოები არ ამოწურულა. შემდეგ პოსტში თემას გავაგრძელებ სოციალურ პასუხისმგებლობაზე საუბრით მარკეტინგული ეთიკის ჭრილში, პარალელურად კი სხვა რეკლამებსაც განვიხილავ. 





Friday, October 25, 2013

განსხვავებულის დევნა, სიძულვილი და შიში – ანუ ეროტიკული ,,სხვა“ სექსუალობის ისტორიაში

სტატია, რომელიც სექსუალობის პოლიტიკის მცირე ისტორიული მიმოხილვაა, ,,იდენტობის" მიერ ორგანიზებული საჯარო ლექციების სერიისთვის მოვამზადე. სტატია ძირითადად თარგმნილი მასალის წარმოდგენაა და ნაკლებადაა ჩართული ანალიზი, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ამ ტიპის მასალა საკმაოდ დეფიციტურია ქართულ ენაზე – ვფიქრობ მაინც საინტერესო უნდა იყოს   მკითხველისათვის. მსჯელობა და ანალიზი შეგვიძლია კომენატრების საშუალებით განვავრცოთ.

ნაცისტური სექსუალობის პოლიტიკა
პოლიტიკა – როგორც საჯარო, საზოგადოებრივი მოღვაწეობის სფერო,  და სექსუალობა – როგორც ყველაზე პირადისა და ინტიმურის განსაზღვრება – ერთ კონტექსტში არც ისე შორეულ წარსულში მოხვდა. ტერმინი ,,სექსუალობის (სქესობრივი) პოლიტიკა“ (sexual politics) 70-იან წლებში გაჩნდა, ანუ მაშინ, როდესაც მკვიდრად გამიჯნული საჯარო და პირადი სფეროების რღვევა დაიწყო. ძალაუფლების სქესებს შორის გადანაწილების სტრუქტურებიდან გამომდინარე, პოლიტიკა მხოლოდ ფორმალურ სფეროში არ რჩება და გავლენას პირადი ურთიერთობების პრინციპებზეც ახდენს. ანუ, პირად ურთიერთობებში ძალაუფლება ფართომასშტაბიანი პოლიტიკის შედეგად ნაწილდება, ეს უკანასკნელი კი საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა, ძლიერდებოდა და იჭრებოდა ჩვენს ცნობიერებაში. სწორედ ამიტომ, დამკვიდრებული და მიღებული პრინციპები ბუნებრიობის ელფერით საიმედოდ არის შეფუთული. 

ისტორიულად სქესობრივი ან/და სექსუალობის პოლიტიკა  რეპრესიული ხასიათისაა და იგი სექსუალობის ერთი ფორმის წაქეზებით მეორე ფორმას ზღუდავს, დევნის და ახშობს. ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე ნორმის დადგენას სხვადასხვა კრიტერიუმი განსაზღვრავდა, სხვადასხვა მიზეზი და მიზანი ადგენდა სექსუალობის პოლიტიკის ფორმას და მისი გატარების მეთოდებს. ის მორალი და ნორმები, რასაც დღეს ჩვენ ვიღებთ როგორც ჭეშმარიტს, ეჭვგარეშეს და საზოგადოების საყრდენს, კონკრეტული და პოლიტიკური მიზნების მიხედვით ჩამოყალიბდა. წინამდებარე სტატია მიყვება ისტორიის ხაზს იმისათვის, რომ ყურადღების ცენტრში მიზეზები მოექცეს: თუ როგორ და რატომ მივიღეთ ის ნორმები, რაც დღეს გვაქვს; და შევაფასოთ, რამდენად მისაღებია ეს ნორმები კრიტიკის და კითხვების დასმის გარეშე.  სხვადასხვა ავტორის ნამუშევრების შეჯერების გზით მე მოვახდენ დემონსტრირებას, თუ როგორ იქმნება და იდევნება ეროტიკული ,,სხვა“, როგორც ჯანსაღი საზოგადოებითვის საშიში ელემენტი და როგორ განსხვავდება ამ დევნის არგუმენტები სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში. ჩემ მიერ წარმოდგენილი მასალა ასევე გამოკვეთს, თუ რაოდენ პირობითია ,,ჯანსაღის“ და ,,ნორმალურის“ ცნება. 

სექსუალობის რაობა


რა არის სექსუალობა? რა განსაზღვრავს მას დღეს და რა განსაზღვრავდა მას ისტორიულად? შეიძლება თუ არა ვილაპარაკოთ სექსუალობის ისტორიაზე? დევიდ ჰალპერინის მიხედვით, სექსის ისტორიაზე საუბარი შეუძლებელია, რადგან იგი  სხეულის ფუნქციონირებასთან მიბმულ ბუნებრივ ფაქტს წარმოადგენს, რასაც ვერ ვიტყვით სექსუალობაზე: „...სექსუალობა კულტურული პროდუქტია: ნორმებს სხეულის და მისი ფსიქოლოგიური შესაძლებლობების შესახებ იდეოლოგიური დისკურსები ქმნიან. სექსუალობა არ წარმოადგენს სხეულებრივ ფაქტს, ის კულტურული ეფექტია“ (1993, გვ. 416). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სექსუალობის არსი გაიგება ისე, როგორც კონკრეტული ეპოქა შექმნის მას რიგი ფაქტორებისა თუ პოლიტიკის მიხედვით. მარტივი მაგალითია იმ კრიტერიუმებზე დაკვირვება, რაც სექსუალურობას განსაზღვრავს. თუკი დღეს პოპულარული კულტურა გამხდარი ქალის ფორმებს გვაწვდის როგორც იდეალურს და სასურველს, რამდენიმე საუკუნის წინ გაცილებით მრგვალი ფორმები ითვლებოდა მიმზიდველად. ამ პარალელით მინდა ხაზი გავუსვა,  თუ რაოდენ დიდ გავლენას ახდენს ჩვენს აღქმაზე კონკრეტული დისკურსები, იდეოლოგიები და ამას დამატებული თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილები  - პოპულარული კულტურა, მოდა და ასე შემდეგ. ფაქტიურად არ არსებობს ცნება, რაზეც  ხელაღებით შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ მის მიმართ დამოკიდებულება, მისი აღქმა ჩამოგვიყალიბდა დამოუკიდებლად, ჩვენი შინაგანი განწყობით, გარე ფაქტორების ზემოქმედების გარეშე. ის, რასაც დღეს ჩვენ ვიღებთ როგორც ბუნებრივს, ცხადს და ჭეშმარიტს, გარკვეული ისტორიის შედეგად ჩამოყალიბდა იმ სახით, რითიც არსებობს; ის, რაც თუნდაც მრავალი საუკუნე ითვლებოდა ნორმად, არ ამტკიცებს ამ ნორმის ჭეშმარიტებას. ამ განცხადების ცნობილი ფემინისტური არგუმენტია მონების მაგალითი: მონები ჰყავდათ და მათით ვაჭრობდნენ საუკუნეების განმავლობაში, მაგრამ დღეს ეს ითვლება კრიმინალად და ნორმის აბსოლუტურ დარღვევად. 

საინტერესოა სექსუალობის ცნების ანტიკური და თანამედროვე განმატების დაპირისპირება. თანამედროვე განსაზღვრება სექსუალობას წარმოგვიდგენს როგორც  ,,გამოყოფილ, სექსუალურ სფეროს ადამიანის ფსიქოლოგიური ბუნების უფრო ფართო სივრცეში. მეორე რიგში, სექსუალობა ზეგავლენას ახდენს, რომ ეს სფერო გაიჯნოს და იზოლირდეს პიროვნული და სოციალური ცხოვრების ყველა სხვა სფეროსაგან (...). და ბოლოს, სექსუალობა ქმნის იდენტობას: ის გვაჯილდოებს ინდივიდუალური სექსუალური ბუნებით, სადაც პიროვნული არსი განსაზღვრულია (სულ მცირე ნაწილობრივ) სპეციფიური სექსუალური თვისებებით; რაც გულისხმობს, რომ ადამიანები სწორედ სექსუალურ დონეზე ყალიბდებიან ცალკეულ ინდივიდებად, გამოირჩევიან ერთმანეთისაგან თავიანთი სექსუალობით და მიეკუთვნებიან სხვადასხვა ტიპებს სწორედ სექსუალობიდან გამომდინარე“ (ჰალპერინი, 1993, გვ. 417). ანუ, დღეს სექსუალობა გაიგება როგორც პიროვნების ფსიქოლოგიის ცალკეული, შემადგენელი ნაწილი, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს კიდეც ამ პიროვნებას. 

საკმაოდ კონტრასტულად გამოიყურება კლასიკური ათენის მაგალითი. ათენის მაგალითს ვიღებ იმ მიზეზით, რომ ბერძნული კულტურა ცივილიზაციის, ხელოვნების, მეცნიერების აკვნად მიიჩნევა. ათენში სქესობრივი აქტი გაიგებოდა არა როგორც მონაწილეების შინაგანი მიდრეკილებების ამსახველი ორმხრივი ქმედება, არამედ როგორც სოციალური სტატუსით მინიჭებული უფლების განხორციელება უფრო მაღალი სტატუსის მქონე პირის მიერ უფრო დაბალი სტატუსის მქონეზე  (ჰალპერინი, 1993, გვ. 418). მაღალი სტატუსის მქონე, რასაკვირველია, იყო მოქალაქე მამაკაცი, ანუ „პენეტრეიტორი,“ ანუ მოქმედების ინიციატორი და შემსრულებელი; ხოლო მიმღები შეიძლებოდა ყოფილიყო დიდგვაროვანი ქალი, პროსტიტუციით დაკავებული ქალი ან ახალგაზრდა მამაკაცი, ან მომავალი მოქალაქე - ბიჭი მოწიფულ ასაკამდე. სექსუალური ობიექტის არჩევანი არ განსაზღვრავდა მოქალაქის შინაგან მიდრეკილებებს, ეს უბრალოდ გემოვნების საკითხად ითვლებოდა. მაგრამ სქესობრივი აქტი სოციალურ კიბეზე უპირატეს ადგილს უჩენდა მოქალაქეს და დაქვემდებარებულს -ყველა დანარჩენს (ჰალპერინი, 1993). 

ათენის მაგალითი სწორედ იმას გვიჩვენებს, თუ რამდენად ურთიერთგადაჯაჭვულია „სოციალური პრაქტიკა და სუბიექტური გამოცდილება“ (ჰალპერინი, 1993, გვ. 419). იმისდა მიუხედავად, რომ დღეს სწორედ სექსის ობიექტის არჩევას ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა ადამიანების კატეგორიებად დაყოფის თვალსაზრისით, სოციალურის და სუბიექტურის ურთიერთქმედება კვლავაც გადამწყვეტ როლს თამაშობს. სოციალური ფაქტორები ადგენენ ნორმას, რომელიც ორიენტირებულია სუბიექტური გამოცდილებების კონტროლზე, რათა უზრუნველყოს ნორმის არსებობა და შენარჩუნება. ნორმის დაწესება კი, თავის მხრივ, ნორმიდან უმცირეს გადახვევასაც კი უპირობოდ ათავსებს არა–ნორმალურის კატეგორიაში. 

ნორმა, მორალი, ნაციონალიზმი


რა არის ნორმა და ვინ დაადგინა ის? რა არის ნორმალური, მისაღები და სათანადო სექსუალური ქცევა დღეს? რას წარმოადგენს მორალის არსი, რომელიც საზღვრებს უწესებს ჩვენს ყოველდღიურ სექსუალურ პრაქტიკას? ჯორჯ მოსი (1985) ამტკიცებს, რომ ნაციონალიზმი არის ყველაზე მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორი თანამედროვე ნორმატიული სექსუალობის ჩამოყალიბებაში. მოსი ,,რესპექტაბელურობის“ ცნებას ნაციონალიზმის ცენტრალურ საყრდენს უწოდებს, სადაც რესპექტაბელურობა აღნიშნავს ,,წესიერ და სწორ“ მანერებს და მორალს, რაც მოიცავს სექსუალობისადმი სათანადო დამოკიდებულებასაც“ (მოსი, 1985, გვ.1). ნაციონალისტურ დისკურსში სექსუალობა ინტენსიურად განიხილება მორალურ ჭრილში, რადგან სექსუალობა ,,ფუნდამენტალური მახასიათებელია ადამიანის ქცევის“, ხოლო ქცევა, თავის მხრივ, შინაგანი მორალურობის და წესიერების გამომხატველი უნდა იყოს (მოსი, 1985, გვ.2).  

მაშინ, როდესაც ნორმალურს და მორალურს განვიხილავთ, არ უდნა დაგვავიწყდეს, რომ ეს კონკრეტული ნორმები და მორალები საზოგადოებაში მუდამ არ არსებობდა. ისტორიის სხვადასხხვა ეტაპზე ნორმის გაგება იცვლებოდა იმ ეპოქისათვის დამახასიათებელი პოლიტიკის მიხედვით. ჯორჯ მოსი ამტკიცებს, რომ დღევანდელი ნორმები იმ პერიოდიდან იღებს სათავეს, როდესაც ნაციონალიზმის, როგორც იდეოლოგიის ჩამოყალიბება დაიწყო. ეს კი, მეცხრამეტე საუკუნის მიწურულში მოხდა (მოსი, 1985, გვ.1). ნაციონალიზმი სწორედ ის იდეოლოგიაა, რომელმაც მკვეთრი ხაზი გაავლო ნორმალურსა და არა-ნორმალურს შორის, და ასევე განსაზღვრა თუ როგორ უნდა გაკონტრელებულიყო და შენარჩუნებულიყო დადგენილი ნორმები. (მოსი, 1985, გვ.10). ნაციონალიზმმა შექმნა მითი, თუ ,,რანი ვიყავით“, რასთანაც მტკიცედაა მიბმული კონკრეტული ერის ნაციონალური იდენტობა, ხოლო ნებისმიერი გადახვევა ამ იდეალიდან ერის ღალატად ითვლება. თუნდაც ის, რომ ნაციონალიზმი ოჯახის სიმბოლიკას იყენებს, უკვე კონკრეტულად აწესებს იმის რწმენას, რომ ნორმატიული სექსუალობა მოიაზრებს მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას და მხოლოდ ოჯახურ სივრცეში. 

აუცილებელია აქვე აღინიშნოს, რომ ოჯახური საზღვრებით, ძირითადად, ქალის სექსუალობაა შემოფარგლული. მამაკაცის შემთხვევაში კი პირიქით: ტრადიციული სექსუალობის ფარგლებში მრავალრიცხოვანი თავგადასავლები სტერეოტიპულად აუცილებელიც კია რესპექტაბელური მამაკაცის იმიჯისათვის (ნაგელი, 1998). ამ კონკრეტული განცხადების ღრმად განხილვის სივრცეს მოცემულ სტატია არ მაძლევს, მაგრამ მაგალითისათვის საკმარისია ქართულ რეალობაში რელიგიის სახელით ქალის სექსუალობის მუდმივი შეზღუდვა და ამის პარალელურად ქართველი მამაკაცის მაჩო იმიჯის განმეორებითი გაძლიერება და პოპულარიზაცია გავიხსენოთ. თუკი რელიგია ქალს მოუწოდებს, თავი შეიკავოს სქესობრივი ურთიერთობისაგან ჯვრისწერამდე, იგი ზუსტად იმავეს ავალდებულებს მამაკაცსაც. მაგრამ აქ რელიგია და კულტურული სტერეოტიპები მოდის წინააღმდეგობაში: პატრიარქალურ საზოგადოებაში სექსუალურად გამოუცდელი მამაკაცი დაცინვის ობიექტს წარმოადგენს, თუმცაღა სექსუალურ გამოცდილებაში მხოლოდ ტრადიციული, ჰეტერონორმატიული გამოცდილება მოიაზრება. არატრადიციული ანუ არა-ნორმალური სექსუალური აქტივობა  კვლავ რელიგიის სახელით იგმობა და იდევნება. 

ანდრე ტისოტი
სანამ დავუბრუნდებით ნაციონალიზმში სექსუალობის პოლიტიკას, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ თანამედროვე ნაციონალიზმის აღმოცენებას წინ უსწრებდა მეთვრამეტე საუკუნეში სექსუალობის მედიკალიზაცია. შვეიცარელი ექიმის, სიმონ ანდრე ტისოტის 1760 წელს გამოცემული წიგნი ,,ონანიზმი“, რომელიც ვოლტერმა და რუსომ აიტაცეს, მასტურბაციას საზოგადოებისათვის განსაკუთრებულ საფრთხედ აღიქვამდა. საინტერესო ფაქტია, რომ 1775 წელს პარიზში ცვილის მუზეუმი გაიხსნა, სადაც წარმოდგენილი იყო ნამუშევრები, რომლებიც  მასტურბაციაზე შექმნილ სტერეოტიპებს ამყარებდნენ:  დასუსტებული, ფერმკრთალი, ვენერიული დაავადებებით დაუძლურებული ფიგურები საზოგადოებას სექსუალური სურვილების გაკონტროლებისკენ მოუწოდებდა (მოსი, 1985, გვ. 11-13). ამ სტერეოტიპის განვრცობის შედეგად იოჰან ვალენტინ მიულერი 1796 წელს აცხადებდა, რომ მასტურბაცია სექსუალური ზღვარგადასულობის დასაბამი იყო, და ჰომოსექსულობამდე მიჰყავდა ადამიანი - ეს იდეა კი კარგად იქნა გამოყენებული მეცხრამეტე საუკუნეში ნაციონალისტების მიერ (მოსი, 1985, გვ. 29).

მოყვანილი მაგალითები ძალიან ნათლად აჩვენებს, როგორ იქმნებოდა მითი სექსუალობის ერთ–ერთ ასპექტზე – მასტურბაციაზე, რაც თანამედროვე მედიცინის გადასახედიდან, აბსოლუტურად აბსურდული შეხედულებაა. ამ მითის მუტაციის შედეგად კი ჰომოსექსუალსა და მასტურბატორს შორის მოხდა მტკიცე ხაზის გავლება, რაც ყოველ ჰომოსექსუალს მასტურბატორად განიხილავდა, და კონკრეტული გარეგნული ნიშნებით ახასიათებდა: ის, რაც დამახასიათებელი იყო მასტურბატორისათვის, ბუნებრივია, დამახასიათებელი იქნებოდა ჰომოსექსუალისათვის. ამგვარად, მოხდა ჰომოსექსუალის სტერეოტიპული სახის შექმნა და მისი, როგორც სექსუალურად ზღვარგადასული, გადაჭარბებულად აქტიური და საზოგადოების მორალისათვის საშიში სუბიექტის სტიგმატიზირება.  

განსხვავებული სექსუალობების დევნა ფაშისტურ გერმანიაში


ბენედიქტ ფრიდლენდერი
მოსის მოჰყავს ძალიან საინტერესო მაგალითები იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობდნენ ჰომოსექსუალები ამ სტერეოტიპებთან ბრძოლას. ფერმკრთალ და ღონემიხდილ იმიჯს ღონიერი, ნავარჯიშევი სხეულით უპირისპირდებოდნენ, ზღვარგადასული სექსუალურ ქცევას - მოკრძალებული სექსუალური აქტივობით. ამასთან, იხსენებდნენ მაგალითებს ანტიკური ხანიდან იმის დასამტკიცებლად, რომ ისინი საუკეთესო ჯარისკაცები იყვნენ. ანუ, მარგინალიზებული ჯგუფი ცდილობდა რესპექტაბელურის კატეგორიაში მოხვედრას საზოგადოების მიერ დადგენილი ჩარჩოების მორგებით. მეტიც, მეოცე საუკუნის გერმანელი ჰომოსექსუალი ავტორი ბენედიქტ ფრიდლენდერი 1911 წელს გამოცემულ წიგნში გერმანიაში უკვე აგორებულ რასიზმსაც კი იშველიებდა ჰომოსექსუალობის დასაცავად. ის აცხადებდა, რომ ჰომოსექსუალებს სწორედ ებრალები ესხმოდნენ თავს რათა არიული, ვაჟკაცური ბუნება ჩაეხშოთ (მოსი, 1985, გვ.40-41). მიუხედავად ამ და სხვა მცდელობებისა, ნაცისტური რეჟიმი საპირისპირო ხედვამდე მივიდა: ,,ჰომოსექსუალობა მამაკაცურობას ნგრევის საფრთხის წინაშე აყენებდა, რის გამოც ნაციზმმა ამ საფრთხისათვის წერტილის დასმა გადაწყვიტა (მოსი, 1985, გვ. 43).

ნაცისტური სექსუალობის პოლიტიკა ხასიათდებოდა ანტი–სემიტიზმით გაჯერებული სექსუალური ემანსიპაციის რიტორიკით. რასაკვირველია, ამ პოლიტიკას ჰყავდნენ მოწინააღმდეგეებიც, მაგრამ ნაცისტი ლიდერები დადებითად უყურებდნენ თავისუფალი სექსის საკითხს, განსაკუთრებით კი ქრისტიანულ ეკლესიასთან დაპირისპირების ფონზე. რასიზმის წამყვანმა თეორეტიკოსმა, ჰანს ენდრესმა ამ სიტყვებით მიმართა აუდიტორიას 1941 წელს: ,,ჩვენ კრიმინალურ ფანატიზმში გავიზარდეთ, რადგან ორიანტალური ქრისტიანული მენტალიტეტი წნეხის ქვეშ ამყოფებდა ჩვენს ჟანსაღ გერმანულ სექსუალურ ინსტინქტებს. ჩვენმა ახალგაზრდა თაობამ ... უნდა იამაყოს თავისი სხეულით და ისიამოვნოს სექსის ბუნებრივი სიამეებით სირცხვილის გრძნობის გარეშე“ (ჰერცოგი, 2002, გვ. 9). უფრო მეტიც, ექიმი იოჰანეს შულცი 1937 გამოცემულ ესსეში ბავშვისა და მოზარდის მასტურბაციას ,,ახალგაზრდისათვის ცხოვრებისეული ძიების საჭირო და გარდამავალ ფაზად“ (ჰერცოგი, 2002, გვ. 14) მოიხსენიებდა. ის ასევე ამბობდა, რომ მასტურბაციისაგან თავის შეკავება ქალებში ფრიგიდულობას იწვევდა. 

ექიმი შულცი
ამ პროპაგანდის პარალელურად წამყვანი ჟურნალები თავს ესხმოდნენ ებრაელებს, მენტალურად დაავადებულებსა და ჰომოსექსუალებს. ექიმი შულცი იმ ადამიანთა შორის იყო, ვინც მონაწილეობას იღებდა მენტალურად დაავადებულთა მოსპობის პროექტში. ამასთან ერთად, სწორედ ის იღებდა გადაწყვეტილებას ჰომოსექსუალების ბედზე: შულცის თეორიის მიხედვით, ჰომოსექსუალები ორ ტიპად იყოფოდნენ. ერთი ტიპის ჰომოსექსუალებს თანდაყოლილად დაავადებულებს უწოდებდა, ხოლო მეორე ტიპის ,,განკურნებას“ შესაძლებლად თვლიდა. ჰომოსექსუალის ,,ტიპის“ დადგენა ხდებოდა შემდეგნაირად: თუკი ეჭვმიტანილი კომისიის თანდასწრებით სქესობრივ აქტს განახორციელებდა მეძავთან, მაშინ მას გაათავსუფლებდნენ; თუ ვერა – ეს ნიშნავდა, რომ მკურნალობას არ ექვემდებარებოდა და, შესაბამისად, მას საკონცენტრაციო ბანაკში გაამწესებდნენ (ჰერცოგი, 2002, გვ.14-15). 

ჰომოსექსუალობა ისჯებოდა კანონის 175 მუხლის თანახმად, რომელიც 1871 წლიდან იყო მოქმედებაში, ხოლო 1935 წელს ნაცისტებმა ის უფრო გააღმავეს და მკაცრ მოქმედებაში მოიყვანეს. ამ საკითხს ეძღვნება 2000 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმი  “Paragraph 175”, რომლის მიხედვითაც 100 000–მდე ადამიანის დაკავება  ნაცისტური რეჟიმის დროს სწორედ ამ მუხლით მოხდა. ამ ადამიანების ნაწილი საკონცენტრაციო ბანაკებში გადაგზავნა და მათგან მხოლოდ 4000-მდე გადაურჩა სიკვდილს. ფილმის გადაღების მომენტში მხოლოდ 10–მდე ადამიანი იყო ცოცხალი.

როგორც ვხედავთ, ნაცისტური რეჟიმი სექსუალური თავისუფლების გარკვეულ პროპაგანდას ეწეოდა, თუმცა, ამავდროულად, მთელი სისასტიკით დევნიდა არა–ნორმატიულ სექსუალობებს. ამ შემთხვევაში, განსხვავებული სექსუალობები იდევნებოდნენ არა რელიგიური ანუ სულიერი, არამედ ფიზიკური სიჯანსაღის მოტივებით. ჰომოსექსუალები იდევნებოდნენ როგორც განუკურნებელი დაავადებით შეპყრობილი ადამიანები, რომლებიც რასას აბინძურებდნენ.  ანუ, ამ შემთხვევაში ჯანსაღის ცნებას რასისტული პოლიტიკა ამკვიდრებდა, და მოიაზრებდა მხოლოდ ფიზიკურად და მენტალურად ჯანმრთელ, ჰეტეროსექსუალს არიელს. 

ეროტიკული ,,სხვა“ საბჭოთა კავშირში


ნაცისტურ მოდელს არც საბჭოთა იმპერია ჩამოუვარდებოდა განსხვავებული სექსუალობების დევნის თვალსაზრისით. მიტუმეტეს, რომ ლენინის პოზიცია სექსუალობის საჯაროდ დემონსტრირებისადმი უარყოფითი იყო. ბოლშევიკური იდეოლოგია სიამოვნებას საშიშ კატეგორიაში განიხილავდა, რომელზე აყოლაც სოციალისტურ სახელმწიფოს კაპიტალიზმის მორევისკენ წაიყვანდა (ჰილი, 2002, გვ. 354). მიუხედავად ამისა, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, ბოლშევიკების ძალაუფლებაში მოსვლის პირველივე წლებში კანონმდებლობაში სოდომის დეკრიმინალიზაცია მოხდა. კანონმდებლობიდან რელიგიური აკრძალვების ამოღებით თანამედროვე სოციალისტური სახელმწიფო სამეფო წარსულთან წყვეტდა კავშირებს და სოდომის საკითხის გადაწყვეტას მეცნიერებასა და მედიცინას აბარებდა. ეს პარადოქსი კარგი დემონსტრირებაა იმის, რომ ნორმები კონკრეტული პოლიტიკურ–ეკონომიკური საჭიროების მიხედვით ყალიბდება და მორალის სფეროში მხოლოდ საფუძველის გამაგრების მიზნით გადადის, რასაც წარმატებით ახორციელებს კიდეც.

ამ დროს საერთაშორისო მედიცინა წინ დგამდა ნაბიჯებს ჰორმონების უკეთ გაგების თვალსაზრისით. რასაკვირველია, საბჭოთა მედიცინაც ცდილობდა საერთაშორისო პრესტიჟის მოპოვებას და ენდოკრინოლოგია მნიშვნელოვან პრიორიტეტად იქცა. ამასთანავე, ენდოკრინოლოგია ანტირელიგიურ დისკურსსაც ერგებდა, და სექსს განსაზღვრავდა როგორც ,,ქიმიურ, და არა სულიერ ბაზისს“ (ჰილი, 2002, გვ. 355).  საბჭოთა ფსიქიატრები ჰორმონების საშუალებით ცდილობდნენ ჰომოსექსუალობის ახსნას და ფიქრობდნენ, რომ  თავისივე სქესის წარმომადგენლებისადმი მიზიდულობის მიზეზი სქესობრივი ჯირკვლების გადაგვარება შეიძლებოდა ყოფილიყო. 

რასაკვირველია, ეს დამოკიდებულება ჰომოსექსუალობას, როგორც ავადმყოფობას ისე განიხილავდა, მაგრამ არ დევნიდა მას. პედერასტია, როგორც ასეთი, განიხილებოდა როგორც რელიგიური კულტურისთვის დამახასიათებელი თვისება, რომელიც ყვაოდა მონასტრების ერთსქესიან სამყაროში, სადაც აცდუნებდნენ ახალგაზრდა ყმაწვილებს. საეკლესიო პედერასტიას უპირისპირდებოდა მორალურად სუფთა, მშრომელი საბჭოთა მოქალაქის სახე და ეს 1920-იან წლებში ათეისტური დისკურსის მუდმივი თემა იყო (ჰილი, 2002, გვ. 356). 

ჩიჩერინი
საბჭოთა ფსიქიატრების ჩანაწერები უჩვენებს, რომ ინდივიდუალი ჰომოსექსუალების მიმართ ისინი თანაგრძნობას გამოხატავდნენ. თუკი მშრომელი, პატიოსანი საბჭოთა ადამიანი თავისივე სქესით იყო დაინტერესებული, ამის გამო მას არ დევნიდნენ. პოლიტიკურ ფიგურათა შორის ამის ცნობილი მაგალითია გ.ვ. ჩიჩერინი, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა 1918-30 წლებში. აღსანიშნავია, რომ საკმაოდ მიღებულები იყვნენ სამხედრო პოზიციებზე მყოფი ქალები, რომლებიც, პრაქტიკულად, ტრანს–გენდერებს წარმოადგენდნენ. უფრო მეტიც, დახურულ კარს მიღმა სამედიცინო ექსპერტები იმაზეც კი მსჯელობდნენ, რომ მათთვის პარტნიორ ქალებზე დაქორწინების უფლება უნდა მიეცათ. 

ხელისუფლებაში იოსებ სტალინის მოსვლის და ეკონომიკის ,,პირველი 5 წლის გეგმის“ წარმოდგენის შემდეგ დღის წესრიგში დადგა ქალაქებში უზომოდ გაზრდილი მოსახლეობის პრობლემის გადაჭრის საკითხი. დაიწყო ქალაქების წმენდა ,,სოციალური ანომალიებისაგან“, რომლებსაც შეადგენდნენ მათხოვრები, უსახლკაროები და მეძავები – ანუ ადამიამები, რომლებიც სოციალისტურ სახელმწიფოში არასათანადო ეკონომიკურ ურთიერთობების წარმოშობას უწყობდნენ ხელს. სოციალურ წმენდასთან დაკავშირებული იდეები საიდუმლო პოლიციის უფროსის მოადგილის, იაგოდას მიერ მუშავდებოდა. 

იაგოდა
მიუხედავად იმისა, რომ ,,სოციალურად საშიში ელემენტები“ პირდაპირ არ ასახელებდა ჰომოსექსუალებს, ეს ტერმინი აშკარად მოიცავდა მათ. მიუხედავად ადრინდელი ,,შემწყნარებლობისა“, ჰომოსექსუალებს არსად არ ჰქონდათ ღია გასაქანი, რამაც ჩამოაყალიბა ქუჩის სუბკულტურა 1930–იან წლებში, სადაც ,,არასათანადო“ ეკონომიკური ტრანზაქციები მიღებულ პრაქტიკას წარმოადგენდა. სწორედ აქედან გამომდინარე, 1933 წელს საიდუმლო პოლიციამ სოდომის რეკრიმინალიზაცია შესთავაზა სტალინს: ,,იაგოდამ სტალინს ინფორმაცია მიაწოდა, რომ მოსკოვსა და ლენინგადში საიდუმლო პოლიციის მიერ ჩატარებული ბოლო ჩხრეკის დროს დაკავებულ იქნა 130 ადამიანი, რომლებსაც კავშირები ჰქონდათ ,,სალონებთან, ცენტრებთან, ბუდეებთან, ჯგუფებთან და პედერასტების სხვა ორგანიზებულ ფორმირებებთან“. ხოლო ამ ,,ფორმირებების“ მიზანი, სავარაუდოდ, ჯაშუშობა იყო. იაგოდა აცხადებდა, რომ ,,პედერასტი აქტივისტები“ ჯაშუშობისკენ იყვნენ მიდრეკილები და ამ განცხადებამ სტალინის ყურადღება მიიპყრო“ (ჰილი, 2002, გვ. 362). 

შედეგად, 1933 წლის დეკემბერში ჰომოსექსუალობის რეკრიმინალიზაცია მოხდა.
როგორც დენ ჰილი სამართლიანად აღნიშნავს, საბჭოთა არქივების მიუწვდომლობის გამო დღემდე შეუძლებელია ამ კანონის შედეგად რეპრესირებული ადამიანების მიახლოებითი რაოდენობის განსაზღვრა. არც ისაა გამორიცხული, რომ სხვადასხვა ბრალდების ქვეშ (,,ყოფილი ბურჟუა“, ,,ტროცკისტი“, ,,კლასის მტერი“) სწორედ ჰომოსექსუალები მოყოლილიყვნენ, როგორც ,,საზოგადოებისათვის საშიში ელემენტები“(2002, გვ. 363). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სექსუალობის პოლიტიკის  რეპრესიული ხასიათი შესაძლოა შეფარული ყოფილიყო  იმ მომენტისათვის აქტუალური მოტივებით. 

სექს–პანიკა


როდესაც სექსუალობის ისტორიას ასე ახლოდან და ყურადღებით ვაკვირდებით, უფრო ხელშესახები ხდება ის არგუმენტები, რაც ამ სტატიის დასაწყისში მოვიყვანე. სექსუალობის რეპრესია და მუდმივი დევნა, რაც ისტორიის თანმდევი იყო სხვადასხვა არგუმენტაციითა და ფორმებით, სამწუხაროდ, არც თანამედროვე რეალობაში არის აღმოფხვრილი. შესაძლოა, დღეს ამის ფორმები უფრო შეფარული და პოლიტიკურად შეფუთულია, მაგრამ არანაკლებ პარადოქსებს ვაწყდებით, ვიდრე ,,არასათანადო ეკონომიკის“ აღკვეთის მასშტაბებში ჰომოსექსუალების მოყოლა იყო. 

თანამედროვე სამართალში არსებობს ისეთი ფენომენი, როგორიცაა „ჰომოსექსუალისაგან  თავდაცვის პანიკა“ (homosexual panic defense). აღნიშნული თავდაცვა ეფუძნება ,,ჰომოსექსუალისადმი მწვავე პანიკის“ ცნებას, რომელიც 1920 წელს გაჟღერდა პირველად. ორიგინალური განმარტებით, ეს იყო ერთსქესიან გარემოში მოხვედრილი ადამიანის მიერ ვერ გაკონტროლება ჰომოსექსუალური სურვილების. შეიძლება ითქვას, რომ ორიგინალური განმარტებით ,,გეი პანიკა“ ლატენტურ ჰომოსექსუალობას აღნიშნავდა. მეოცე საუკუნის განმავლობაში ამ ტერმინმა განიცადა ცვლილება და ეხლა უკვე გამოიყენება იმ მამაკაცისათვის გარემოების შესამსუბუქებლად, რომელმაც მეორე მამაკაცის მხრიდან გამოხატული სექსუალურ ინტერესს ან გამოწვევას აგრესიით უპასუხა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის ლეგალური დაცვის მექანიზმი იმ მამაკაცებისთვის, რომლებმაც ჰომოსექსუალი მოკლეს წარმოსახული ან არსებული სექსუალური გამოწვევის გამო (კულიკი, 2003, გვ. 143). მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური აღიარება ამ ტერმინს არ აქვს, ჰომოსექსუალი მამაკაცების მკვლელების სასამართლო პროცესებზე ეს ფრაზა წარმატებულად ჟღერდება და შედეგსაც აღწევს (ლი, 2003, გვ. 475).

ერთ–ერთი ყველაზე გახმაურებული მაგალითი 1995 წელს ამერიკაში მოხდა, როდესაც 26 წლის ჯონათან შმიტცს ნაცნობი სკოტ ამადერი  სატელევიზიო გადაცემის ,,ჯენი ჯოუნსის შოუს“ საშუალებით სიყვარულში გამოუტყდა. შოუს ეთერში გასვლიდან სამი დღის შემდეგ სმიტცმა შეიძინა იარაღი, მივიდა ამადერის სახლში და ორჯერ ესროლა მკერდის არეში.  შმიტზის ადვოკატები აცხადებდნენ, რომ ამადერის სატელევიზიო განცხადება ,,აგრესიული ნაბიჯი იყო, რამაც გამოიწვია ასევე აგრესიული სამაგიერო“ (კულიკი, 2003, გვ. 145). შედეგად, სასამართლომ კულიკი არა პირველი ხარისხის, არამედ მეორე ხარისხის მკვლელობაში ცნო დამნაშავედ (პირველი ხარისხის მკვლელობა წინასწარ განზრახულს გულისხმობს, რაც არ შეეფარდა ჰომოსექსუალის მკვლელს). თუკი მივიღებთ მხედველობაში იმ ფაქტს, რომ მკვლელობა გადაცემის ნახვიდან სამ დღეში ჩაიდინა მკვლელმა, აშკარაა, რომ განაჩენზე გავლენა სწორედ მსხვერპლის ,,აგრესიულმა“ სექსუალობამ მოახდინა.  


ამ სტატიაში წარმოდგენილი მასალის ერთად თავმოყრის მიზანი არის საზოგადოების მუდმივი ყურადღების ცენტრში მყოფი სექსუალობის შეცნობის ხელშეწყობა, რომელზეც, სამწუხაროდ, ნაკლები ლიტერატურა მოიპოვება ქართულ ენაზე. როგორც მოყვანილი მაგალითები გვიჩვენებს, ყველა დროის საზოგადოება ცდილობდა და ცდილობს სექსუალობის გაკონტროლებით ადამიანზე კონტროლის მოპოვებას, რაც სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა სარჩულით ხორციელდებოდა. თუმცა, როგორც მიშელ ფუკო განსაზღვრავს (1978), შეზღუდვა ყოველთვის ბადებს წინააღმდეგობას. ამ შემთხვევაშიც, ჩემი მიზანი იყო ისტორიის და მაგალითების დემონსტრირებით უფრო თვალსაჩინო გამეხადა დადგენილი ნორმების შედეგად შეზღუდული სექსუალობა, განსაკუთებით კი – განსხვავებული სექსუალობა, და წამექეზებინა ამ ნორმების მეტად კრიტიკული გადახედვა, ვიდრე ეს დღეს ხდება ჩვენს საზოგადოებაში. ის სტერეოტიპები, რომლებსაც ნაციონალისტური დისკურსი მზამზარეულად გვაწვდის სხვადასხვა მედიატორების საშუალებით, იმ ცოდნის შედეგად უნდა დაიმსხვრეს, რაც შეძლებისდაგვარად გამჭვირვალეს გახდის ამ სტერეოტიპების შექმნის მიზეზებს და მიზნებს.  


Tuesday, August 13, 2013

როგორ მივიღოთ ალიმენტი ქართველი „ვაჟკაცისგან“ - ნაწილი II

კომენტარი პოსტის პირველ ნაწილზე, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ აქ:



და მართალიცაა. როდესაც საკითხი პრინციპულია, არც სასამართლოში სირბილს დაიზარებ, არც ორგანიზაციებთან კონსულტაციების გავლას, მაგრამ მედლის მეორე, ემოციური მხარის გამკლავება არც ისე ადვილია. როდესაც საქმე სასამართლომდე მიდის,თავისთავად ცხადია, რომ შეგნებულ, პასუხიმგებლიან ადამიანთან არ გვაქვს საქმე. შესაბამისად, შეუგნებელი ადამიანი აუცილებლად იტყვის ან გააკეთებს რაღაცას ისეთს, რაც სულ მცირე, 5 წუთით მაინც გაგვიფუჭებს განწყობას. მე საკმაოდ ძლიერი ადამიანი ვარ, თუმცა წინა პოსტში ნახსენები ,,ნახმარი ტანსაცმელი" სრული გულგრილობით არ მიმიღია. 

მიმოწერა გრძელდება


ბევრი რომ არ გავაგრძელო, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე ჩარიცხვა სულ 3-ჯერ განხორციელდა. ყოველი ახალი ჩარიცხვა იწელებოდა, და როდესაც ვიკითხავდი თარიღს, ვისმენდი ისეთ პასუხს, რომელიც ხაზს უსვამდა, რომ აჯობებდა მშვიდად დავლოდებოდი - რადგან მე ,,ვთხოვდი", ის კი კეთილ ნებას ამჟღავნებდა. ცხადია, ამ პატარა მინიშნებებზე სიმშვიდის შენარჩუნება არ იყო იოლი, მაგრამ დიპლომატიას არ ვღალატობდი. აგვისტოში ჩარიცხვა ,,ვერ მოახერხა", მაგრამ მომწერა, სექტემბერში ავანაზღაურებო. სექტემბერში, როგორც მოსალოდნელი იყო, ანაზღაურება არ მოხდა და მხოლოდ 400 ლარი ჩაირიცხა. 

2011 წლის ოქტომბერი. მე უკვე საქართველოში აღარ ვიმყოფები და ფინანსური დახმარება ბავშვისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. რეგიონში მოქმედი პროგრამის მიხედვით, დედაჩემი გათავისუფლებული იყო ბაღის გადასახადისგან, რომელიც დაახლოებით 30 ლარს შეადგენდა. მაინც, ოჯახისთვის, რომელსაც მუდმივი შემოსავალი არ აქვს, ეს კარგი შეღავათი იყო. მე ველოდები რიგით მეოთხე ტრანზაქციას, და ამ დროს მივიღე წერილი:

ბიოლოგიური მამა, 6 ოქტომბერი, 2011.
"ცნობისთვის ბავშვის ბაღის საფასური აგვისტოს თვემდე გადახდილია. სულ 315 GEL".

.
მე. 8 ოქტომბერი, 2011


ცხადია, შემეძლო უფრო რბილად მიწერა, მაგრამ მეც კრიტიკულ ზღვარზე ვიყავი. გადავწყვიტე, რომ საზღვარი აქვს დიპლომატიასაც, და ამ ელექტრონულ ჭიდილს ყოველ თვეში, სასამართლოთი გარკვეული სიტუაცია მერჩივნა.



ბიოლოგიური მამა, 9 ოქტომბერი, 2011

მცირე ანალიზი გავუკეთოთ წერილს.

  • ბავშვი ამ მომენტისთვის უკვე 4 თვეა იმყოფება იმავე ქალაქში, და მას არც ერთხელ არ გამოუთქვამს ნახვის სურვილი. დავუშვათ, რომ მესმის. არ უყვარს ეს ბავშვი და რა ქნას. მაგრამ ფაქტი კი ფაქტად რჩება - ანგარიშის ნომერი ,,სხვა გზის" მონახვის შემდეგ კი არ გახდება ბავშვი, არამედ არც მანამდე ყოფილა უფრო მეტი. 
  • ,,შეიღირსიე რასაც ვაკეთებ, სულელური შეკითხვები აღარ დასვა" - შეღირსიება მაფიქრებინებს, რომ მე მადლიერი უნდა ვყოფილიყავი იმისთვის, რასაც აკეთებდა. თუკი მადლიერი არ ვიქნებოდი, ავტომატურად უმადური ვხდებოდი. მთელი თვე მშვიდად უნდა დავლოდებოდი რასაც გადაწყვეტდა, და არ გამებედა მეკითხა, რას აპირებდა და როდის.
  • ,,ყველა შენს საქციელს ანალიზი გაუკეთე ჩემთან მიმართებაში" - ის სათუთი ადამიანია, მას უნდა მოვუფრთხილდეთ. 
  • ,,შენს შვილს იმაზე უკეთესი მომავალი ექნება" - შვილი მხოლოდ ჩემია.
  • ,,დარწმუნებული ვარ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებ" - ეს უკვე მუქარას გავს. ის ფიქრობს, რომ ამ მუქარის შემდეგ მე სასამართლოზე ფიქრს დავივიწყებ.
  • ,,ვიდრე ჩემი ინიციატივით მზად ვარ გავუკეთო" - მას ჯერ კიდევ გონია, რომ რასაც აკეთებს, იმ მისი კეთილი ნებაა, ქველმოქმედებაა, და ეს უნდა დააფასონ.
  • ,,ბოდიში რომ გვიან გწერ პასუხს" - ის თავაზიანია.


ამ წერილის შემდეგ რაღა დამრჩენოდა, და სასწრაფოდ დავიწყე არასამთავრობო ორგანიზაციის ძებნა. ამის დეტალები პოსტის წინა ნაწილში მიწერია, ამიტომ აღარ შევყოვნდები. უკვე ზამთარი იქნებოდა, როდესაც ,,საია"-მ ჩემი საქმე აიღო.  ყველაფერი ძალიან იწელებოდა. პირველ რიგში იმიტომ, რომ მე საზღვარგარეთ ვიყავი, და იურისტთან იმეილებით ვკონტაქტობდი. ამასობაში სწავლაც დავასრულე და 2012 წლის ივლისში საქართველოში დავბრუნდი. ამ ეტაპზე უნდა შედგარიყო პატარა პროცესი, რომელსაც უდაო წარმოება ქვია. ბიოლოგიურ მამას დაიბარებდნენ, და თუკი ის აღიარებდა, მამობა დადგენილად ჩაითვლებოდა. 

არ აღიარა. თუმცა, ჩემი იურისტი დარწმუნებული იყო, ხვალ შევხვდები და დაველაპარაკებიო. შეხვედრაზე გაირკვა, რომ დეენემის ანალიზის გაკეთება სურს. ადვოკატმა მორიდებით შემატყობინა ეს. მე გავიღიმე და გავიფიქრე, რომ ასე ჯობია. საინტერესო იყო სცენა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ეზოში. ბიოლოგიური მამა 4 ძმა-ბიჭთან ერთად გამოცხადდა - სულაც არაა დეენემი ინტიმური საკითხი. ჩვენ - მე, ბავშვი და ჩემი ქმარი მშვიდად მივედით, შემდეგ მე და ბავშვს სინჯი აგვიღეს და წამოვედით.

ძალიან მომწონდა ხუმრობა, რომ ეს ამბავი სერიალივით გაგრძელდებოდა. რომ დეენემის პასუხი უარყოფითი იქნებოდა, ყველა გაბრაზდებოდა ჩემზე, მე გავბრაზდებოდი ყველაზე, რკინის ქალამნებს ჩავიცვამდი და სიმართლის დასამტკიცებლად 9 მთას გადავივლიდი. მაგრამ ამჯერად სერიალი არ გაგრძელდა, პასუხი დადებითი აღმოჩნდა, და მამობის დასადასტურებლად იუსტიციის სახლში წავედით.

სცენა: მე, ფემინისტი აქტივისტი, ის, და იუსტიციის სახლის ოპერატორი. უცებ კითხულობს ბავშვის სახელს და გვარს, და ჩემი გვარი ჩანაცვლებული აქვს მისი გვარით. მართლა საინტერესოა, რომ ოდნავადაც არ აქვთ გააზრებული უბრალო წესები - ჯერ გკითხონ, ბავშვს გვარს უცვლი თუ არა. იმდენად მიღებულია, რომ თუკი მამობას ადგენ, ესე იგი გვარის მიღებისთვის იბრძვი, რომ უკითხავად ცვლიდა გვარს. ეს ხომ უბრალო წესია, აბა გენდერულ სენსიტიურობას ვერავის მოთხოვ საქართველოში. სასწრაფოდ გავუსწორე შეცდომა, და დავიწყე მზადება სასამართლო პროცესისთვის.

სასამართლომდე


სასამართლოსთვის მზადებაც ისევე გამეწელა, როგორც წინა პერიოდი. სარჩელი,  სადაც 400 ლარს ვითხოვდი, 2013 წლის გაზაფხულზე ძლივს შევიტანე. როდესაც ფოსტით ე.წ. შესარგებელი მომივიდა (ეს არის მისი პასუხი ჩემს სარჩელზე), ჩვენს ულამაზეს აივანზე ვიჯექი. კონვერტი გავხსენი და კითხვა დავიწყე. უნდა ვაღიარო - ეს ადამიანი მოულოდნელობებით არის აღსავსე <3



მართლა დარწმუნებული ვარ, რომ თავდაჯერებულობით მოუვიდა. აბა იურისტი ამას როგორ დააწერინებდა? მითუმეტეს, რომ თუკი სარჩელს ბოლომდე წაიკითხავდა, აუცილებლად უნდა ენახა ბლანკის ბოლოს ეს განფრთხილება:



ამას გარდა, ,,მოხუცი მშობლებზე" მტკიცებულების გადამოწმებას ხომ რეესტრის საიტის ცოდნა და ძიების ფუნქციის გამოყენების წინ არაფერი უდგას? თუკი იჯარის ან ქირავნობის ხელშეკრულება დარეგისტრირებულია, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მივიდეს, გადაიხადოს 5 ლარი და ეს ხელშეკრულება გამოითხოვოს. მეც სწორედ ასე მოვიქეცი. და აი შედეგიც:




რასაკვირველია, ალიმენტის დანიშვნას ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ,,მოხუცი მშობლები" ან სხვა შვილები (თუკი მოპასუხეს ოჯახი ყავს) ხელს ვერ შეუშლის, მაგრამ მე მაინც მოვამზადე სათანადო დოკუმენტები, დავურთე ეს იჯარის ხელშეკრულება, 2011 წელს განხორციელებული 3 ჩარიცხვა და მოვამზადე მოხსენება:

,,მე არ ვარ დაინტერესებული თუ რა არის მოპასუხის ოჯახის ან თავად მოპასუხის დამატებითი შემოსავალი, მაგრამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მისი განცხადება მოხუცი მშობლების რჩენის თაობაზე ვერ დასტურდება მტკიცებულებით. პირიქით, როგორც ირკვევა წარმოდგენილი დოკუმენტიდან, ის არ შეესაბამება სიმართლეს".


სასამართლოში


23 ივლისს, 12:30 წუთზე სასამართლოში გამოვცხადდი. მარტო მივედი, ისიც მარტო მოვიდა. ერთმანეთს მივესალმეთ, ხელი ჩამოვართვით და შევედით. პროცესი დაიწყო. მოსამართლე გვეკითხება, თუ მორიგდებითო. მე ვაცხადებ, რომ 400 ლარს ვითხოვ, და არ ვარ თანახმა 300-ზე.

მოსამართლემ გამოყო დრო მოლაპარაკებისთვის, და მიმართავს:

,,იქნებ დათანხმდეთ მორიგებას?"

ის: ,,კარგი, 350 ლარზე თანახმა ვარ".

მოსამართლე მე მომმართავს. მე ისევ 400-ს ვითხოვ, და ვამატებ, რომ თუ ნებას დამრთავენ, წავიკითხავ მომზადებულ მტკიცებულებას.

მოსამართლე მას: ,,ხელფასი რამდენი გაქვთ?"

ის: ,,2225 ლარი".

მოსამართლე: ,,და 50 ლარი ბევრს გიწყვიტავთ?"

აქ უკვე დაირცხვინა და გამოტყდა: ,,პრინციპში, არა".

მოსამართლე: ,,მაშინ, დათანხმდით".

ის: ,,თანახმა ვარ".


მაშ ასე, მიუხედავად იმისა,რომ მთელი პროცესი თითქმის 2 წელი გავწელე, საბოლოოდ მაინც დაინიშნა ალიმენტი და დავა ჩემს სასარგებლოდ გადაწყდა. ვაღიარებ, რომ იყო ემოციურად რთული მომენტები, მაგრამ აუცილებელია ამის გავლა ყველა იმ მიზეზის გამო, რაზეც ვისაუბრე ამ პოსტში. იმედია, მოვახერხე თქვენი დარწმუნება იმაში, რომ დაბრკოლებებს არ უნდა შევუშინდეთ და ალიმენტი აუცილებლად უნდა მოვითხოვოთ. მართლაც არის დრო შემოვულაწუნოთ უპასუხისმგებლო კაცებს და შევცვალოთ ის მიდგომა, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ქალებს აწევთ შვილების აღზრდის ტვირთი.


Wednesday, August 7, 2013

როგორ მივიღოთ ალიმენტი ქართველი „ვაჟკაცისგან“ - ნაწილი I

ეს პოსტი ეძვნება ყველა ქალსრომელსაც ქორწინებაში თუ ქორწინების გარეშე გაჩენილი შვილის გაზრდა/აღზრდა მარტოს მოუხდა და ფინანსური დახმარება არ ითხოვა
.
უცნობი ავტორი
ალიმენტი მტკივნეული თემაა საკმაოდ ბევრი ქალისთვის. რატომღაც, მისი მოთხოვნა თავმოყვარეობა/სიამაყის, სისუსტისა და სიძლიერის დილემებს წარმოშობს. ამ საკითხის პრობლემატურობა ჩემთვის პირველ რიგში ნიშნავს, რომ კულტურაში მამის პასუხისმგებლობის საკითხი სათანადოდ არ არის არც დასმული და არც გააზრებული. 

დააორსულოს ქალი, ეს მამაკაცისათვის ერთგვარი მისია და წარმატებაა. თუნდაც ოჯახს გარეშე, თუნდაც ოჯახს მიღმა – მთავარია ცოლი უყვარდეს, თორემ ყველა კაცი კაცია და გაექცევა თვალი ხანდახან. მეტნაკლებად, ცოლსაც ,,ესმის" ეს და შვილებსაც. ,,განზე გაკეთებული" შვილის მიხედვა კი რა მისი საქმეა? ქალს თუ არ უნდა, მოიშოროს – რაც მის სხეულს არ ეხება, არც მისი პრობლემაა. საუკეთესო შემთხვევაში, აბორტის ფულს გაუგზავნის. მეტი რაღა ქნას?

ამის პარალელურად, ყოველდღიურად გვესმის, რომ დედობა სხვა განცდაა, დედობა ქალის მოვალეობაა, ეს ბიოლოგიური საათია ქალის ორგანიზმში, დედობა, დედობა, დედობა, დიდება დედებს და ა.შ. ძალიან იშვიათად ხდება, რომ ბიჭს უნერგავდნენ ქორწინებამდელ (თუ მას შემდგომ) სქესობრივ აქტივობასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას. ქორწინების გარეშე გაჩენილ შვილებს ვინ ჩივის, რამდენჯერ გამიგია, რომ გაშორებულ ცოლებს არ უხდიან ალიმენტს. და მართლა ვერ ვხვდები, როგორ ახერხებენ ბიჭების მშობლები ასეთი უპასუხისმგებლო ადამიანების გამოძერწვას. 

ცხადია, ამას ბევრი კულტურული ასპექტი აქვს, ამ შემთხვევაში კი ერთზე შევჩერდები: პატრიარქალური მიდგომები მამაკაცის სქესობრივ აქტივობასთან მიმართებაში  უპირველესი საფუძველია იმისა, რომ მომავალში მამაკაცს მოჩლუნგებული ქონდეს ამ სქესობრივი აქტივობის შედეგისადმი პასუხისმგებლობა.

რატომ უნდა მოვითხოვოთ ალიმენტი?


ეს ჩემი აზრია, მაგრამ ვთვლი, რომ არასოდეს არ უნდა დათმოთ ის, რაც კანონიერად თქვენს შვილს ეკუთვნის. აბა დაფიქრდით: რატომ არის ალიმენტის მოთხოვნა მათხოვრობა და რატომ არ არის შვილისთვის კუთვნილი ფინანსური დახმარების დაკარგვა უპასუხისმგებლობა? რატომ ითვლება სიძლიერედ ყველაფრის მარტო გამკლავება (რაც ხშირ შემთხვევაში ისევ ბავშვს აზარალებს ან ნაადრევად გაბერებთ თქვენ) და  რატომ არ ითვლება სისუსტედ ვალდებული მხარისათვის პასუხიმგებლობისგან გაქცევის ხელისშეწყობა?

ერთხელ ასეთი არგუმენტიც მოვისმინე: ბიოლოგიურ მამას ცოლშვილი ყავს, ისეც არ აქვს საშუალება, მიყვარს და ასე ვერ მოვექცევიო. შე კაი ადამიანო, სექსი რომ ქონდა, დაავიწყდა ის ,,კანონიერი" შვილები როგორი ჩაისახნენ? ცოლისთვის ღალატს რომ ახერხებდა და თავის დაცვა არ ახსოვდა, არ იცოდა სექსის მერე ბავშვები რომ ჩნდებიან? გასაგებია, რომ იგივე ქალსაც უნდა ახსოვდესმეც უნდა მხსომებოდა მათ შორის, მაგრამ ისევ კულტურის ზეგავლენა და სექსის ტაბუირებაა, ქალის სექსუალობის მუდმივად მიჩქმალვა, რომ ეს ქალები აზრზე გვიან მოდიან და ბევრად გაუფრთხილებლები არიან ,,ეს მე არ მომივა" პრინციპით. ქალის პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დგას და პრიციპში, როდესაც ქალი ბავშვის ზრდის ეს სწორედ ამ პასუხიმგებლობის აღებაა. თუმცა, მე მაინც მამაკაცი მგონია მეტად პასუხისმგებელი თავდაცვის საკითხში. ბოლოს და ბოლოს, სპერმა მისი სხეულიდან გამოედინება, და თუკი არასასურველი შედეგები არ სურს, ინებოს კეთილი და გააკონტროლოს მისი ჩადინების მიმართულება.

ალიმენტის მოთხოვნა ყველაფერია გარდა მათხოვრობისა. ეს არის ის მინიმუმი, რაშიც ბიოლოგიური მამა კანონმდებლობით არის ვალდებული. მაშინ, როდესაც აღზრდას ერთი მშობელი (დედა) კისრულობს, მინიმუმ ფინანსური ხარჯი ნამდვილად უნდა გაინაწილოს მამამ.

ეხლა არც კი მჯერა, რომ ამას ახსნა ჭირდება. მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც ეს საკითხი წამოიჭრება, ჩნდება საპირისპირო აზრი და მახსნედება ჩემი თავი 4 წლის წინ. როდესაც ფორუმზე სახელმწიფოს მხრიდან დახმარების არარსებობაზე ვწუწუნებდი, ერთმა ფორუმელმა საკმაოდ უხეშად შემახსენა, რომ ჯერ ალიმენტი უნდა მოითხოვოო. მაგ დროისთვის ჯერ კიდევ გაჭედილი ვიყავი ,,გმირი" დედის ,,მე ყველაფერს მარტო შევძლებ" როლში, ამიტომ ვერანაირად ვერ დავაკავშირე - რა შუაში იყო ალიმენტი და სახელმწიფო დახმარება.

დღეს, როდესაც იგივე რჩევას ვაძლევ სხვას და იგივეს ახსნა მჭირდება, ვხსნი - იმ შუაშია, რომ ბიოლოგიური მშობლები (დედაც და მამაც) პირველ რიგში არიან პასუხისმგებლები ბავშვის წინაშე. თუკი რომელიმე მათგანს ჩვენივე ნებით ვაშორებთ ამ პასუხისმგებლობას, არავითარი უფლება არ გვაქვს პასუხისმგებლობა თუდნაც სახელმწიფოს დავაკისროთ. ამიტომ, ,,საცოდავი ქალობა" ალიმენტის მოთხოვნა კი არაა, სწორედ მამის უპასუხისმგებლობასთან შეგუებაა. მაშინ, როცა ბიოლოგიური მამა ვალდებულებას გაურბის, ალიმენტის მოთხოვნა საკმაოდ გრძელვადიანი ბრძოლინუარიანობის გამოჩენაა, რასაც მტკიცე ნებისყოფა და ძლიერი ნერვები ჭირდება. თუ არ გჯერათ, მაშინ თვალსაჩინოებისათვის განვილიხილოთ კონკრეტული მაგალითი.

საუბრები ნახმარ ტანსაცმელზე, ანაბრებსა და ბავშვის განათლებაზე


ჩემი შვილი დაახლოებით 2 წლის იყო, როდესაც ბიოლოგიურმა მამამ მისი ნახვის სურვილი გამოთქვა. რამოდენიმე თვის შემდეგ კი ფინანსურ დახმარებაზე დალაპარაკებაც გადავწყვიტე. პირადმა შეხვედრამ კარგად ჩაიარა და შევთანხმდით, რომ კონკრეტულ თანხებზე მიმოწერით მოვილაპარაკებდით:

მე. 4 მაისი, 2011.
„(...) მოკლედ, ეხლა შენსგან ველოდები პასუხს. ჩემი აზრით, გავხსნათ ანაბარი, სადაც ჩარიცხავ ხოლმე თანხას. რაც არ დამჭირდება, ის დაგროვდება ბავშვის სახელზე ან გაუთვალისწინებელ სიტუაციაში გამოადგება ისევ მა.




ბიოლოგიური მამა, 19 მაისი, 2011

 
პირველ რიგში, დავაკვირდეთ ტონს, სიტყვების არჩევანს: ,,ანაბრის გახსნა გამორიცხე“. პარალელურად, აცხადებს უნდობლობას მხოლოდ ,,ინვოისის საფუძველზე“ პირდაპირ ბაღისათვის ჩარიცხვაზეა თანახმა. სხვა თემაა ,,ნახმარი ტანსაცმელი“ - მეწვრილმანეობას რომ თავი დავანებოთ, უბრალოდ არაპოლიტკორექტულია.

მე, 21 მაისი, 2011




ამ წერილის შემდეგ 300 ლარის გადახდაზე შევთანხმდით. თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები შემდგომ, და რა ხდებოდა სასამართლოზე - ამას ბლოგპოსტის მეორე ნაწილში დავწერ. იურიდიული დახმარების კუთხით დაინტერესებულ ადამიანებს კი ვთხოვ, გაეცნონ პოსტ სკრიპტუმს.



პ.ს. სასარგებლო ინფორმაცია იურიდიულ საკითხებზე:

  • ორგანიზაციები, რომლებსაც შეგიძლიათ მიმართოთ: 
  1. ქალთა საინფორმაციო ცენტრი (WIC), ოფისის ნომერი: 295-29-34/294 99 26; 
  2. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი, ცხელი ხაზი: 272-67-17
  3. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, იურიდიული კონსულტაცია: 299-50-76
  4. აღსრულების ეროვნული ბიურო, თუკი სასამართლოს გადაწყვეტილება ხელთ გაქვთ, მაგრამ მოპასუხე თავს არიდებს მოვალეობის შესრულებას, აღსრულების ეროვნულ ბიუროს უნდა მიმართოთ, 274-96-49

  • ალიმენტის პროცესზე ბაჟისგან გათავისუფლებულია ნებისმიერი მოქალაქე, იქნება ის სოციალურად დაცული თუ დაუცველი. სარჩელის მომზადება იმდენად მარტივი ამბავია, რომ ადვოკატის აყვანის გარეშეც, რომელიმე არასამთავრობოს შეგიძლიათ მიმართოთ თხოვნით და მოამზადებინოთ.
  • თუკი მამობა დადგენილი არ არის, მოსარჩელეს შეუძლია მოითხოვოს შუამდგომლობა, და ექსპერტიზის საფასურის გადახდა მხოლოდ დასკვნის მიღების შემდეგ მოხდება. შესაბამისად, თუკი მამობა დადგინდა, დეენემის ანალიზის საფასურის, 1500 ლარის გადახდა ბიოლოგიურ მამას დაეკისრება. 
  • როდესაც მამობა დადგენილია, სასამართლო პროცესიც მარტივად ვითარდება. არ დაიჯეროთ, როდესაც გეტყვიან, რომ თუკი ოფიციალური შემოსავალი არ აქვს, სასამართლო მამას არაფერს დააკისრებსო - რასაკვირველია, ამ შემთხვევაში ან მოგიწევთ რომ დაამტკიცოთ მისი სხვა შემოსავალი, ან მცირე თანხას დაჯერდეთ. თუმცა რაღაცას აუცილებლად დააკისრებს მშობელს სასამართლო. და რომ იცოდეთ, არა მხოლოდ უშუალოდ მშობელი, არამედ ოჯახის სხვა წევრებიც კი ითვლებიან ვალდებულად საჭიროების შემთხვევაში.

არასასარგებლო ინფორმაცია პირადი გამოცდილებიდან:


არასამთავრობოებთან ჩემი პირველი შეხება ალიმენტის თემას უკავშირდება. მიუხედევად სიტყვიერი შეთანხმებისა, ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი შვილის ბიოლოგიური მამა არ იყო თანხის გადამხდელი, ამიტომ, სანამ სასწავლებლად უცხოეთში წავიდოდი, ვცადე წინასწარ გამერკვია სიტუაცია. ვნახე არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, რომელიც საკმაოდ რესპექტაბელურად გამოიყურებოდა და მივედი კიდეც კონსულტაციაზე. ორგანიზაციამ დახმარება აღმითქვა, ამიხსნა, რომ მინდობილობა სკაიპითაც კეთდება და თუკი დამჭირდებოდა, შემეძლო მათთვის უცხოეთიდანაც მიმემართა. სანამ ქვეყანას დავტოვებდი, კიდევ ერთხელ დავრეკე, ისევ დამიდასტურეს თანადგომა და გულდამშვიდებული გავემგზავრე.

ზუსტად ერთ თვეში დავდექი ამ საჭიროების წინაშე. მე, საკუთარი წინდახედულებით კმაყოფილმა, სასწრაფოდ ვაფრინე წერილი აღნიშნულ ორგანიზაციაში. პასუხად მივიღე, რომ დირექტორი საქართველოში არ იმყოფებოდა, და მომწერდა დაბრუნების შემდეგ. ორი კვირის შემდეგ ისევ მივწერე, და მიპასუხა:

 საკიხი ამგვარად დგას, ამჟამად ჩვენ ყველა საქმეზე ვერ ვმუშაობთ, და ვშიშობ რომ ამ საქმეზეც ვერ ევძლებთ ადვოკატირებას. რესურსები გავქვს ძალიან ეზუდული და მხოლოდ სტრატეგიულ საქმეებზე გვიწევს მუშაობა, სხვა მხრივ ადვოკატების რაოდენობა საკმარისი არ არის ორგანიზაციაში. რაც შეეხება კონსულტაციების გაწევას, ეს რა თქმა უნდა პრობლემა არ არის“.

<3 რა ხელგაშლილობაა! რასაკვირველია, მანამდე არ იცოდნენ რა რესურსები აქვთ. მოულოდნელად შეიტყვეს და მეც გამაგებინეს. არც ის იცოდნენ, ,,სტრატეგიული“ საქმე რომ არ არის ალიმენტი. ბევრი რომ არ გავაგრძელო - გადამაგდეს. სასწრაფოდ უნდა მენახა სხვა ორგანიზაცია. ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) რეგიონალურ ფილიალს მივმართე. ვწერდი, რომ ვარ უცხოეთში, და ასე შემდეგ. და მივიღე პასუხი:

,, (...) აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უნდა მობრძანდეთ ჩვენს 
ოფისში, მისამართი (…)“.

ჰო, რაღა დაგიმალოთ, და შოკში ჩავვარდი. ძალიან ბანალურია, მაგრამ ჩემი წერილი ბოლომდე არ წაიკითხეს. ამის შემდეგ ხელი ჩავიქნიე, მაგრამ თვითმფრინავში შემთხვევით გაცნობილი ადამიანი დამეხმარა, თბილისის ოფისთან მიშუამდგომლა და საბოლოოდ რეგიონალურმა ოფისმა ჩემი საქმე აიღო. სამწუხაროა, რომ ნაცნობობის ჩარევა დამჭირდა, მაგრამ ძალიან საყვარელი ადვოკატი მყავდა, და 2013 წლის 23 ივლისს პროცესიც მოვიგე. დიდი მადლობა მას!

პოსტის მეორე ნაწილი <როგორ მივიღოთ ალიმენტი ქართველი „ვაჟკაცისგან“ - ნაწილი II>