Wednesday, September 11, 2013

როგორ მივიღოთ ალიმენტი ქართველი „ვაჟკაცისგან“ - დასასრული

წმინდანის შურისძიება


ცოტა პროვოკაციული ქვესათაური კი გამომივიდა, მაგრამ აუცილებელია ალიმენტსა და მამის პასუხისმგებლობაზე მთლიან მსჯელობას დავუმატო ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომელიც გამომრჩა: მამის პერსპექტივა. უფრო სწორად, არა მამის პერსპექტივა, არამედ მამის პოზიციის გათვალისწინებაც.  რამდენად გამომივა ეს არ ვიცი, მაგრამ წლების შემდეგ რეტროსპექტულად დანახულ ჩემივე და სხვების მაგალითზე შევეცდები მეტნაკლებად ობიექტური ანალიზის გაკეთებას.

ამ შემთხვევაში მინდა ჩავუღრმავდე პოსტის პირველ ნაწილში ნახსენებ ,,გმირი დედის" პოზიციას - ,,მე ყველაფერს მარტო შევძლებ". გარდა იმ ყველაფრისა, რაზეც აქამდე ვწერდი, რომ ესაა უპასუხისმგებლობასთან შეგუება და ასე შემდეგ, ჩემი პირადი მოსაზრებით, ესაა სამაგიეროს გადახდის ერთ-ერთი ფორმა. თუ რატომაა ეს ფორმა არამართებული, ამის ახსნას ეხლავე შევეცდები.

როდესაც მოცემულობა არის ნაწყენი/გაბრაზებული/შეურაცხყოფილი ქალი, იქნება ეს მარტოხელა დედა თუ გაშორებული მეუღლე, ძალიან ბუნებრივია, რომ ადამიანი დაითრგუნოს. თუმცა, ჩემივე თავი რომ გავიხსენო და რამოდენიმე სხვა მაგალითიც დავუმატო, ხშირად ვხედავთ საპირისპიროს: ამაღლებული ზნეობის, ძლიერი ქალი, რომელსაც ვერაფერი მოდრეკს, ვერაფერი შეაშინებს, ყველაფერს მარტო გაუმკლავდება, ისეთი ყოჩაღია არავის დახმარება არ სჭირდება. ამ ყველაფრის ფონზე კი ხდება მამის პერსონის დამდაბლება და მიწასთან გასწორება: მამა უზნეო, ნაძირალა და სუსტია. 

მაშინ, როდესაც მამა უკვე მოიქცა ისე, როგორც მოიქცა (ამას შეიძლება ეწოდოს შეცდომა, ან მისი გადაწყვეტილება, მაგრამ მიუხედავად სათაურისა - უკვე არსებული, კონკრეტული საქციელია) ეს საქციელი ხშირ შემთხვევაში, ყოფილი პარტნიორის ანუ დედის მისამართითაა ჩადენილი. როდესაც ქალი ირგებს ,,გმირის" და ,,წმინდანის" პოზიციას, ავიწყდება შვილის ფაქტორი. რაც უფრო ძლიერია დედა, რაც უფრო არაფერს არ ითხოვს და რაც უფრო მაღლდება ადამიანურ სისუსტეებზე, მით უფრო კნინდება მამის პერსონა, მით უფრო  ეკარგება მას შანსი ,,დაეწიოს" დედას. ამას ხელს უწყობს საზოგადოებრივი მხარდაჭერაც, და მუდმივი ლანძღვა მამის. ის უკვე არის უარყოფითი პერსონაჟი, და თუნდაც ძალიან უნდოდეს ,,უკეთესი" მამობა სცადოს, უკვე აღარაფრად აღარ ჩანს მისი მცდელობები. დრო კი გადის, გროვდება დედის წვლილი, რის პარალელურადაც კიდევ უფრო მძიმდება მამის შეცდომები. 

წმინდანის როლში შეჭრა საკმაოდ ადვილია, როდესაც ირგვლივ ყველა გამოხატავს აღფრთოვანებას, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღე, გაბედე, არ შეუშინდი, ამ ყველაფერს უმკლავდები და უძლებ. ეს დამოკიდებულება წნეხად იქცევა მერე: უკვე უფლება აღარ გაქვს, იყო სუსტი, დაწვრილმანდე და გაბრაზებული ქალივით მოიქცე. ერთ-ერთი მსგავსი პოზიციაა ,,არასოდეს არ გავცემ მამა ვინ იყო და არ გავალანძღინებ ხალხს". ჩემთვის, ეს ჩუმი, შეფუთული სამაგიეროს გადახდაა. მიუხედავად იმისა რომ რეალობაში არა მგონია განხორციელებადი იყოს, ასეთი წარმოდგენის ქონით ისევ მამაზე ხორციელდება დამსჯელი ღონისძიება - მე ასეთი კარგი, შენ ისეთი ცუდი ხარ.

ავტორი: Pro-Woman
მე ვფიქრობ, ამ ტიპის შურისძიება ბევრად უფრო აზიანებს დედასაც და შვილსაც. დავიწყოთ იქედან, რომ საკუთარი თავისთვის იდეალის დაწესება უკვე მცდარი დასაწყისია. ისედაც, ქალი და დედა ბევრად მეტი იდეალითაა დატვირთული (შესაბამისად შემოჭილი) თითქმის ყველა კულტურაში, და არა მგონია დამატებითი იდეალიზირება საჭირო იყოს. გაბრაზებული ხარ? გამოხატე. შეურაცხყოფილი ხარ? აღიარე რომ შინაგანად სამაგიეროს გადახდა გწყურია. აღიარება საკუთარ თავთან პირველი ნაბიჯია იმისკენ, რომ ამ მტკივნეულ მოგონებაზე მიბმულობა დაიკარგოს და ცხოვრება სხვა სიახლეებით გაგრძელდეს. 

ჩემთვის, ჯანსაღი დამოკიდებულება ისაა, რომ აიძულო ბავშვის მამა აიღოს პასუხისმგებლობა, აიძულო მიიღოს მომაწილეობა. აიძულო, ისევ შენი შვილისთვის, რომ თანდათან თითონაც გაუჩნდეს ინვესტიცია ამ ურთიერთობაში და ამოუვსებადი უფსკრულით არ ჩამორჩეს შენს მიერ გაწეულ ამაგს. ერთ-ერთი ასეთი ,,იძულება" სწორედ ალიმენტია. აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ არიან ადამიანები, რომლებთანაც არაფერს აქვს აზრი, მაგრამ ხომ შეიძლება ეს ის შემთხვევა არ იყოს? მე ფსიქოლოგი არ ვარ, მაგრამ ძალიან მარტივია - თუკი თავს ,,მოიწმინდანებ" და ბრაზს არასოდეს გამოუშვებ, ის ბრაზი არც არასდროს გაგივლის. საუკეთესო შემთხვევაში, გრძელვადიანად გაგჭედავს მტკივნეული გამოცდილების ზეგავლენაში.  ამ უკანასკნელის გადალახვა კი აუცილებელია, რომ ცხოვრება სხვა კალაპოტში გააგრძელო და გმირი დედის გარდა, საინტერესო, წარმატებული, რეალიზებული და ბედნიერი ქალის ტიტულებიც მოიპოვო. 

9 comments:

  1. გეთანხმები და არც გეთანხმები. გეთანხმები იმაში, რომ მამის როლი უნდა გაიზარდოს და ყველანაირად დაავალდებულო, ისევ ბავშვის გამო - მე მიმაჩნია, რომ ბავშვისთვის მამა უნდა იყოს მამა და დედის/ქალის პირადი წყენა გვერდზე უნდა გადაიდოს. მაგრამ ჩემს შემთხვევაში, ვერაფერს დაავალდებულებ, იმიტომ რომ აზრი არ აქვს, ერთადერთი ბავშვთან ურთიერთობაა, რომელიც მეტნაკლებად გარანტირებულია და რასაც მაქსიმალურად შევუწყობ ხელს. მაგრამ წყენის მომენტში... ის რომ გამოხატო წყენა - "დაახურო თავზე"... მე იმდენად გავთიშე ყველანაირი შეგრძნება ჩემი "პრობლემის" მიმართ, რომ ვერც კი ვხვდები რა უნდა მეწყინოს და უნდა ვიყო თუ არა ნაწყენი. ალბათ სადღაც ამომასხამს, არ ვიცი. ყველა ინდივიდუალურია. მე მარტლა ყველაფერზე მაღლა დავდექი და გადავწყვიტე არაფერზე რეაგირება არ მომეხდინა და როგორც თავიდანვე ვიყავი ძლიერი და "წმინდანი", "იდეალი", ეხლაც მასე ვარ, სხვანაირად არ შემიძლია უბრალოდ. არა იმიტომ, რომ ავიცილო თავიდან ბიოლოგიურ მამასთან ურთიერთობით გამოწვეული ნერვების შლა, არა, უბრალოდ აზრი არ აქვს ამ ეტაპზე. არ ვიცი ჩამოვაყალიბე თუ არა აზრი... მერე უფრო გავშლი :)

    ReplyDelete
    Replies
    1. სალამი,
      შენი მესმის. ზუსტად მაგაზეა ეს პოსტი, რომ ესეც ეტაპია. ეტაპია, რომელმაც უდნა გაიაროს.თავზე დახურვა არც ჩემი სტილია, მაგრამ საიდანმე ,,ბოლი" უნდა გამოუშვა :) გავა წლები, და იმედია შენც იმ პოზიციაზე მოხვალ სადაც მე ვარ, და მერე დამეთანხმები :)

      მე დაახლოებით წელიწადნახევარი დამჭირდა. იმდენად ვიყავი საკუთარ აღფრთოვანებაში მოსული, რომ აღარ ვვითარდებოდი. მაშინ ჩემმა ერთმა კეთილისმსურველმა მეგობარმა შემომილაწუნა, და საკმაოდ მშრალად მითხრა: ნუთუ არ ფიქრობ, რომ იდენტიფიცირება მარტო გმირ დედასთან აღარ გქონდეს? სწავლა გააგრძელო, მომავალზე იფიქრო.

      უცებ ძალიან მეწყინა, მაგრამ დღეს მისი მადლიერი ვარ. ზუსტად ამ წყენის მერე იყო, რაღაცეების გადაფასება რომ დავიწყე, მართლაც შევიტანე განაცხადი, და გრანტიც ავიღე რომ მაგისტრატურა უცხოეთში გამეკეთებინა :) დღეს, ის ,,მაგარი გოგოც" ვარ, მაგრამ მარტო ეს აღარაა ჩემი პიროვნების განმსაზღვრელი :)უკეთესი განათლება მაქვს, უკეთესი სამსახური, გვერდით კი საყვარელი ადამიანი :)

      შენც იგივეს გისურვებ!

      Delete
  2. მე ძალიან მომეწონა, ერთადერთი შენიშვნა მაქვს, ან ორი :პ პირველი - ბავშვს ინტერესზე უფრო მეტი ხაზგასმაა საჭირო - არაა ეს მარტო დედის და მამის ეგოების ბრძოლა. მთავარი ხომ ბავშვია ? რა შესაძლო ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს ამა თუ იმ ფაქტორს. მეორე - მეჩვენება რომ მასწავლებლურ როლში ხარ და იმედი გაქვს რომ შენ რომ ჭეშმარიტება დაადგინე და რომ "გავა წლები, და იმედია შენც იმ პოზიციაზე მოხვალ სადაც მე ვარ, და მერე დამეთანხმები :)" მე ვფიქრობ ესეც მორიგი ეტაპია შენს განვითარებაში რომ ამ რაღაცნაირი თვითზედმეტშეფასებიდანაც გამოხვალ. რაც იმას ნიშნავს რომ ვეღარ იტყვი ასე დარწმუნებით თუ სადაა ჭეშმარიტება, სიმართლე თუ რაც გინდა ის დაარქვი. რომ ეს ერთადერთი გზა არაა და არავის, აბსოლუტურად არავის არ აქვს ერთადერთი გასაღები რომელიც ამ კარებს თუ ფანჯარას აღებს. ცოტა შემოლაწუნებასავეთ გამომივიდა და აქვე მაინც ვიყვი რომ ძალიან სწორი კუთხე გაქვს დანახული ამ წმინდანის როლის კუთით :პ

    ReplyDelete
    Replies
    1. ერთი,
      გადახედე პოსტს და ნახავ რამდენჯერ მაქვს გამეორებული ,,ჩემი აზრით" ,,მე ვფიქრობ" ,,ასე მგონია" :) ასე რომ, ჭეშმარიტების მიგნების პრეტენზია გამორიცხე :))

      რაც შეეხება პირველ შენიშვნას, გეთანხმები.ალბათ შემეძლო მეტად ჩაღრმავება, მაგრმა ეხლა რომ ვფიქრობ, ნამეტანი ,,ფსიქოლოგობანაც" ჩემს თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება იქნება :) მე ვწერ ჩემს გამოცდილებაზე და ამას ვუკეთებ ანალიზს, და ის, რომ როცა მამის პერსონა კნინდება, ამით ბავსვი ზარალდება - მგონი ისედაც ცხადია.

      Delete
  3. შენი აზრის მიუხედავად, წინა პოსტის ავტორს უსურვებ რომ შენს აზრზე მოვიდეს წლები რომ გავა. :პ ეს ისე, თორემ კარგი ხარ, კარგი :პ

    ReplyDelete
    Replies
    1. ადამიანი თავის თავს უფლებას რომ აძლევს აზრი გამოთქვას, (და მითუმეტეს ბლოგზე გააზიაროს) - ეს უკვე ნიშნავს, რომ თავისი აზრი მოწონს :) მე, როგორც დღეს ვარ, მართლა ვუსურვებ ყველა მარტოხელა დედას, რომელიც დღეს ისევ არის რთულ პერიოდში, რომ სამომავლოდ ეგრე იყოს. მთელი ჩემი ანაზილი, იმის დართვით რომ ეს ჩემი აზრია და არა აბსოლუტური ჭეშმარიტება - იმაზეა, რომ დისტანცირება უნდა მოხდეს მტკვინეულ გამოცდილებასთან. მართლა არ ვარ ფსიქოლოგი, თორემ უკეთ ავხსნიდი ალბათ, რომ ადამიანი მაგ დროს ბევრად დიდ ჰარმონიაშია, ვიდრე მიბმული რომაა ტკივილთან.

      Delete
    2. და კარგობაზე მადლობა :*

      Delete
  4. :) მადლობთ :) ეგ ყველაფერი (საყვარელი ადამიანის გარდა ჯერჯერობით) მაქვს: მოვასწარი გრანტიც, განათლებაც, კარიერითაც მეტნაკლებად კმაყოფილი ვარ :) სხვების ფონზე ძალიან მაგრად ვარ კარიერულად, მაგრამ საკუთარი თავით ხომ ყოველთვის უკმაყოფილოა ადამიანი (მე სულ მეტი მინდა). განქორწინების მერე ვიპოვე ის სამსახური, რომელშიც არანორმალურად ბედნიერი ვარ და ყოველი დღე ისეთი ნათელი და ბედნიერია, რომ ალბათ წყენისთვის დროც არ მრჩება? არ ვიცი. ბოლი გამოვუშვი იმ პერიოდში - ძალიან მშვიდად ჩამოვუყალიბე რა და ვინ არის. იმის მერე კი ვარ ჩემთვის კარგად. ის აგრძელებს ჩემს წყობიდან გამოყვანას და მე უბრალოდ არ ვყვები, სულ ეს არის. მეზარება აყოლა. აი "მამობას" თუ მოაკლებს, მერე უკვე სხვანაირ ბოლს გამოვუშვებ :)

    ReplyDelete
    Replies
    1. :) წარმატებები! კარგია კარგი და საინტერესო სამსახური <3

      Delete