Wednesday, August 7, 2013

როგორ მივიღოთ ალიმენტი ქართველი „ვაჟკაცისგან“ - ნაწილი I

ეს პოსტი ეძვნება ყველა ქალს, რომელსაც ქორწინებაში თუ ქორწინების გარეშე გაჩენილი შვილის გაზრდა/აღზრდა მარტოს მოუხდა და ფინანსური დახმარება არ ითხოვა
.
უცნობი ავტორი
ალიმენტი მტკივნეული თემაა საკმაოდ ბევრი ქალისთვის. რატომღაც, მისი მოთხოვნა თავმოყვარეობა/სიამაყის, სისუსტისა და სიძლიერის დილემებს წარმოშობს. ამ საკითხის პრობლემატურობა ჩემთვის პირველ რიგში ნიშნავს, რომ კულტურაში მამის პასუხისმგებლობის საკითხი სათანადოდ არ არის არც დასმული და არც გააზრებული. 

დააორსულოს ქალი, ეს მამაკაცისათვის ერთგვარი მისია და წარმატებაა. თუნდაც ოჯახს გარეშე, თუნდაც ოჯახს მიღმა – მთავარია ცოლი უყვარდეს, თორემ ყველა კაცი კაცია და გაექცევა თვალი ხანდახან. მეტნაკლებად, ცოლსაც ,,ესმის" ეს და შვილებსაც. ,,განზე გაკეთებული" შვილის მიხედვა კი რა მისი საქმეა? ქალს თუ არ უნდა, მოიშოროს – რაც მის სხეულს არ ეხება, არც მისი პრობლემაა. საუკეთესო შემთხვევაში, აბორტის ფულს გაუგზავნის. მეტი რაღა ქნას?

ამის პარალელურად, ყოველდღიურად გვესმის, რომ დედობა სხვა განცდაა, დედობა ქალის მოვალეობაა, ეს ბიოლოგიური საათია ქალის ორგანიზმში, დედობა, დედობა, დედობა, დიდება დედებს და ა.შ. ძალიან იშვიათად ხდება, რომ ბიჭს უნერგავდნენ ქორწინებამდელ (თუ მას შემდგომ) სქესობრივ აქტივობასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას. ქორწინების გარეშე გაჩენილ შვილებს ვინ ჩივის, რამდენჯერ გამიგია, რომ გაშორებულ ცოლებს არ უხდიან ალიმენტს. და მართლა ვერ ვხვდები, როგორ ახერხებენ ბიჭების მშობლები ასეთი უპასუხისმგებლო ადამიანების გამოძერწვას. 

ცხადია, ამას ბევრი კულტურული ასპექტი აქვს, ამ შემთხვევაში კი ერთზე შევჩერდები: პატრიარქალური მიდგომები მამაკაცის სქესობრივ აქტივობასთან მიმართებაში  უპირველესი საფუძველია იმისა, რომ მომავალში მამაკაცს მოჩლუნგებული ქონდეს ამ სქესობრივი აქტივობის შედეგისადმი პასუხისმგებლობა.

რატომ უნდა მოვითხოვოთ ალიმენტი?


ეს ჩემი აზრია, მაგრამ ვთვლი, რომ არასოდეს არ უნდა დათმოთ ის, რაც კანონიერად თქვენს შვილს ეკუთვნის. აბა დაფიქრდით: რატომ არის ალიმენტის მოთხოვნა მათხოვრობა და რატომ არ არის შვილისთვის კუთვნილი ფინანსური დახმარების დაკარგვა უპასუხისმგებლობა? რატომ ითვლება სიძლიერედ ყველაფრის მარტო გამკლავება (რაც ხშირ შემთხვევაში ისევ ბავშვს აზარალებს ან ნაადრევად გაბერებთ თქვენ) და  რატომ არ ითვლება სისუსტედ ვალდებული მხარისათვის პასუხიმგებლობისგან გაქცევის ხელისშეწყობა?

ერთხელ ასეთი არგუმენტიც მოვისმინე: ბიოლოგიურ მამას ცოლ–შვილი ყავს, ისეც არ აქვს საშუალება, მიყვარს და ასე ვერ მოვექცევიო. შე კაი ადამიანო, სექსი რომ ქონდა, დაავიწყდა ის ,,კანონიერი" შვილები როგორი ჩაისახნენ? ცოლისთვის ღალატს რომ ახერხებდა და თავის დაცვა არ ახსოვდა, არ იცოდა სექსის მერე ბავშვები რომ ჩნდებიან? გასაგებია, რომ იგივე ქალსაც უნდა ახსოვდეს – მეც უნდა მხსომებოდა მათ შორის, მაგრამ ისევ კულტურის ზეგავლენა და სექსის ტაბუირებაა, ქალის სექსუალობის მუდმივად მიჩქმალვა, რომ ეს ქალები აზრზე გვიან მოდიან და ბევრად გაუფრთხილებლები არიან ,,ეს მე არ მომივა"–ს პრინციპით. ქალის პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დგას და პრიციპში, როდესაც ქალი ბავშვის ზრდის ეს სწორედ ამ პასუხიმგებლობის აღებაა. თუმცა, მე მაინც მამაკაცი მგონია მეტად პასუხისმგებელი თავდაცვის საკითხში. ბოლოს და ბოლოს, სპერმა მისი სხეულიდან გამოედინება, და თუკი არასასურველი შედეგები არ სურს, ინებოს კეთილი და გააკონტროლოს მისი ჩადინების მიმართულება.

ალიმენტის მოთხოვნა ყველაფერია გარდა მათხოვრობისა. ეს არის ის მინიმუმი, რაშიც ბიოლოგიური მამა კანონმდებლობით არის ვალდებული. მაშინ, როდესაც აღზრდას ერთი მშობელი (დედა) კისრულობს, მინიმუმ ფინანსური ხარჯი ნამდვილად უნდა გაინაწილოს მამამ.

ეხლა არც კი მჯერა, რომ ამას ახსნა ჭირდება. მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც ეს საკითხი წამოიჭრება, ჩნდება საპირისპირო აზრი და მახსნედება ჩემი თავი 4 წლის წინ. როდესაც ფორუმზე სახელმწიფოს მხრიდან დახმარების არარსებობაზე ვწუწუნებდი, ერთმა ფორუმელმა საკმაოდ უხეშად შემახსენა, რომ ჯერ ალიმენტი უნდა მოითხოვოო. მაგ დროისთვის ჯერ კიდევ გაჭედილი ვიყავი ,,გმირი" დედის ,,მე ყველაფერს მარტო შევძლებ" როლში, ამიტომ ვერანაირად ვერ დავაკავშირე - რა შუაში იყო ალიმენტი და სახელმწიფო დახმარება.

დღეს, როდესაც იგივე რჩევას ვაძლევ სხვას და იგივეს ახსნა მჭირდება, ვხსნი - იმ შუაშია, რომ ბიოლოგიური მშობლები (დედაც და მამაც) პირველ რიგში არიან პასუხისმგებლები ბავშვის წინაშე. თუკი რომელიმე მათგანს ჩვენივე ნებით ვაშორებთ ამ პასუხისმგებლობას, არავითარი უფლება არ გვაქვს პასუხისმგებლობა თუდნაც სახელმწიფოს დავაკისროთ. ამიტომ, ,,საცოდავი ქალობა" ალიმენტის მოთხოვნა კი არაა, სწორედ მამის უპასუხისმგებლობასთან შეგუებაა. მაშინ, როცა ბიოლოგიური მამა ვალდებულებას გაურბის, ალიმენტის მოთხოვნა საკმაოდ გრძელვადიანი ბრძოლინუარიანობის გამოჩენაა, რასაც მტკიცე ნებისყოფა და ძლიერი ნერვები ჭირდება. თუ არ გჯერათ, მაშინ თვალსაჩინოებისათვის განვილიხილოთ კონკრეტული მაგალითი.

საუბრები ნახმარ ტანსაცმელზე, ანაბრებსა და ბავშვის განათლებაზე


ჩემი შვილი დაახლოებით 2 წლის იყო, როდესაც ბიოლოგიურმა მამამ მისი ნახვის სურვილი გამოთქვა. რამოდენიმე თვის შემდეგ კი ფინანსურ დახმარებაზე დალაპარაკებაც გადავწყვიტე. პირადმა შეხვედრამ კარგად ჩაიარა და შევთანხმდით, რომ კონკრეტულ თანხებზე მიმოწერით მოვილაპარაკებდით:

მე. 4 მაისი, 2011.
„(...) მოკლედ, ეხლა შენსგან ველოდები პასუხს. ჩემი აზრით, გავხსნათ ანაბარი, სადაც ჩარიცხავ ხოლმე თანხას. რაც არ დამჭირდება, ის დაგროვდება ბავშვის სახელზე ან გაუთვალისწინებელ სიტუაციაში გამოადგება ისევ მას“.




ბიოლოგიური მამა, 19 მაისი, 2011

 
პირველ რიგში, დავაკვირდეთ ტონს, სიტყვების არჩევანს: ,,ანაბრის გახსნა გამორიცხე“. პარალელურად, აცხადებს უნდობლობას - მხოლოდ ,,ინვოისის საფუძველზე“ პირდაპირ ბაღისათვის ჩარიცხვაზეა თანახმა. სხვა თემაა ,,ნახმარი ტანსაცმელი“ - მეწვრილმანეობას რომ თავი დავანებოთ, უბრალოდ არაპოლიტკორექტულია.

მე, 21 მაისი, 2011




ამ წერილის შემდეგ 300 ლარის გადახდაზე შევთანხმდით. თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები შემდგომ, და რა ხდებოდა სასამართლოზე - ამას ბლოგპოსტის მეორე ნაწილში დავწერ. იურიდიული დახმარების კუთხით დაინტერესებულ ადამიანებს კი ვთხოვ, გაეცნონ პოსტ სკრიპტუმს.



პ.ს. სასარგებლო ინფორმაცია იურიდიულ საკითხებზე:

  • ორგანიზაციები, რომლებსაც შეგიძლიათ მიმართოთ: 
  1. ქალთა საინფორმაციო ცენტრი (WIC), ოფისის ნომერი: 295-29-34/294 99 26; 
  2. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი, ცხელი ხაზი: 272-67-17
  3. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, იურიდიული კონსულტაცია: 299-50-76
  4. აღსრულების ეროვნული ბიურო, თუკი სასამართლოს გადაწყვეტილება ხელთ გაქვთ, მაგრამ მოპასუხე თავს არიდებს მოვალეობის შესრულებას, აღსრულების ეროვნულ ბიუროს უნდა მიმართოთ, 274-96-49

  • ალიმენტის პროცესზე ბაჟისგან გათავისუფლებულია ნებისმიერი მოქალაქე, იქნება ის სოციალურად დაცული თუ დაუცველი. სარჩელის მომზადება იმდენად მარტივი ამბავია, რომ ადვოკატის აყვანის გარეშეც, რომელიმე არასამთავრობოს შეგიძლიათ მიმართოთ თხოვნით და მოამზადებინოთ.
  • თუკი მამობა დადგენილი არ არის, მოსარჩელეს შეუძლია მოითხოვოს შუამდგომლობა, და ექსპერტიზის საფასურის გადახდა მხოლოდ დასკვნის მიღების შემდეგ მოხდება. შესაბამისად, თუკი მამობა დადგინდა, დეენემის ანალიზის საფასურის, 1500 ლარის გადახდა ბიოლოგიურ მამას დაეკისრება. 
  • როდესაც მამობა დადგენილია, სასამართლო პროცესიც მარტივად ვითარდება. არ დაიჯეროთ, როდესაც გეტყვიან, რომ თუკი ოფიციალური შემოსავალი არ აქვს, სასამართლო მამას არაფერს დააკისრებსო - რასაკვირველია, ამ შემთხვევაში ან მოგიწევთ რომ დაამტკიცოთ მისი სხვა შემოსავალი, ან მცირე თანხას დაჯერდეთ. თუმცა რაღაცას აუცილებლად დააკისრებს მშობელს სასამართლო. და რომ იცოდეთ, არა მხოლოდ უშუალოდ მშობელი, არამედ ოჯახის სხვა წევრებიც კი ითვლებიან ვალდებულად საჭიროების შემთხვევაში.

არასასარგებლო ინფორმაცია პირადი გამოცდილებიდან:


არასამთავრობოებთან ჩემი პირველი შეხება ალიმენტის თემას უკავშირდება. მიუხედევად სიტყვიერი შეთანხმებისა, ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი შვილის ბიოლოგიური მამა არ იყო თანხის გადამხდელი, ამიტომ, სანამ სასწავლებლად უცხოეთში წავიდოდი, ვცადე წინასწარ გამერკვია სიტუაცია. ვნახე არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, რომელიც საკმაოდ რესპექტაბელურად გამოიყურებოდა და მივედი კიდეც კონსულტაციაზე. ორგანიზაციამ დახმარება აღმითქვა, ამიხსნა, რომ მინდობილობა სკაიპითაც კეთდება და თუკი დამჭირდებოდა, შემეძლო მათთვის უცხოეთიდანაც მიმემართა. სანამ ქვეყანას დავტოვებდი, კიდევ ერთხელ დავრეკე, ისევ დამიდასტურეს თანადგომა და გულდამშვიდებული გავემგზავრე.

ზუსტად ერთ თვეში დავდექი ამ საჭიროების წინაშე. მე, საკუთარი წინდახედულებით კმაყოფილმა, სასწრაფოდ ვაფრინე წერილი აღნიშნულ ორგანიზაციაში. პასუხად მივიღე, რომ დირექტორი საქართველოში არ იმყოფებოდა, და მომწერდა დაბრუნების შემდეგ. ორი კვირის შემდეგ ისევ მივწერე, და მიპასუხა:

 „საკითხი ამგვარად დგას, ამჟამად ჩვენ ყველა საქმეზე ვერ ვმუშაობთ, და ვშიშობ რომ ამ საქმეზეც ვერ შევძლებთ ადვოკატირებას. რესურსები გავქვს ძალიან შეზღუდული და მხოლოდ სტრატეგიულ საქმეებზე გვიწევს მუშაობა, სხვა მხრივ ადვოკატების რაოდენობა საკმარისი არ არის ორგანიზაციაში. რაც შეეხება კონსულტაციების გაწევას, ეს რა თქმა უნდა პრობლემა არ არის“.

<3 რა ხელგაშლილობაა! რასაკვირველია, მანამდე არ იცოდნენ რა რესურსები აქვთ. მოულოდნელად შეიტყვეს და მეც გამაგებინეს. არც ის იცოდნენ, ,,სტრატეგიული“ საქმე რომ არ არის ალიმენტი. ბევრი რომ არ გავაგრძელო - გადამაგდეს. სასწრაფოდ უნდა მენახა სხვა ორგანიზაცია. ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) რეგიონალურ ფილიალს მივმართე. ვწერდი, რომ ვარ უცხოეთში, და ასე შემდეგ. და მივიღე პასუხი:

,, (...) აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უნდა მობრძანდეთ ჩვენს 
ოფისში, მისამართი (…)“.

ჰო, რაღა დაგიმალოთ, და შოკში ჩავვარდი. ძალიან ბანალურია, მაგრამ ჩემი წერილი ბოლომდე არ წაიკითხეს. ამის შემდეგ ხელი ჩავიქნიე, მაგრამ თვითმფრინავში შემთხვევით გაცნობილი ადამიანი დამეხმარა, თბილისის ოფისთან მიშუამდგომლა და საბოლოოდ რეგიონალურმა ოფისმა ჩემი საქმე აიღო. სამწუხაროა, რომ ნაცნობობის ჩარევა დამჭირდა, მაგრამ ძალიან საყვარელი ადვოკატი მყავდა, და 2013 წლის 23 ივლისს პროცესიც მოვიგე. დიდი მადლობა მას!

პოსტის მეორე ნაწილი <როგორ მივიღოთ ალიმენტი ქართველი „ვაჟკაცისგან“ - ნაწილი II>


















Friday, July 19, 2013

ვაგინებო სრულიად საქართველოსა, შეერთდით!

ფოტო: ლელა რეხვიაშვილი
როგორ მომწონს ეს მოწოდება <3 მაგრამ ვიცი, რომ უმცირესობაში ვარ.
საზოგადოებისათვის სიტყვა ვაგინის ხმამაღლა ხსენება მიუღებელია და ეს აღშფოთებას იწვევს. მერე რა, რომ ყველანი ამ ვაგინებიდან გავჩნდით - ვაგინა ულამაზოა, მისი ხსენება კი სამარცხვინო. ნეტგაზეთზე გამოქვეყნებული პატარა ვიდეოს გასაჯაროების შემდეგ ძალიან ახლობელმა და საყვარელმა ქალმა აი, ასეთი კომენტარი გამიკეთა:


"გაფიცებ მაგ სპექტაკლი რა იყო, გაპარსული, გაუპარსავი, აწი იარეთ მაშინ     შიშვლებმა. შეიძლება პირადული მეგობართან თქვა, მაგრამ რად უნდა მაგას საჯაროდ ლაპარაკი. უფლებები შეიძლება დაიცვათ, მაგრამ ეს სიბინძურე იყო და მეტი არაფერი. გული ამერია და კიდევ თუ აპირებთ ამის დადგმას, ყოჩაღ თქვენ".

როდესაც ქალი, რომელიც ბედნიერ ქორწინებაშია, თვლის რომ ვაგინის ხსენება გულისამრევია, ეს აუცილებლად ნიშნავს, რომ ძალიან რელევანტურ დროს დაგვიდგამს ,,ვაგინა მონოლოგები". ეს ხდება ქვეყანაში, სადაც ქალს გაჩენის დღიდან უნერგავენ მთავარ მოვალეობას - დედობას, ხოლო პარალელურად აიგნორებენ მის სექსუალურ ბუნებას, ამ ბუნების ყველა გამოვლინება კი ,,ბოზობის" იარლიყს იწებებს.  ბავშვობიდანვე ვეგუებით, რომ ,,ის" ძალიან პრივატულია, ქორწინებამდე არც არავის უნდა ვანახოთ და უმჯობესი იქნება ჩვენც თუ ძალიან არ დავაკვირდებით. შეხება გამორიცხეთ.

პარადოქსული სულაც არ არის, რომ ბიჭის შეძენის პირველივე დღიდან ,,კუტუნების" კულტი მყარდება. ბიჭისთვის ასე მიმართვა მოფერებითი ფორმაა, ხოლო ზრდასრულ ასაკში ,,დაზომება" ერთ-ერთი ჩვეულებრივი, მამაკაცური ჟესტი. არც სექსუალური თავგადასავლების მოყოლაა სათაკილო - პირად ისტორიებს ბიჭები სიამაყით უყვებიან ერთმანეთს და გმირობის შარავანდედითაც იმოსებიან.

უნდა გვახსოვდეს, რომ ქალის სექსუალობის პრობლემა გლობალურია. ქალის ორგაზმი რომ ორგაზმია, ისიც კი მხოლოდ წინა საუკუნეში ,,აღმოაჩინეს". მეცხრამეტე საუკუნეში დაწყებული მსჯელობა მხოლოდ 1950 წელს, უილიამ მასტერისა და ვირჯინია ჯონსონის მიერ იქნა დამტკიცებული მეცნიერულად (ჰოი, წამებულო ვაგინებო! გაიხარეთ, რამეთუ ორგაზმის არსებობა უკვე დადასტურებულია!). რაც შეეხება თავად ვაგინას, შიდა კლიტორის შესწავლა სულ რაღაც 1990 წლიდან დაიწყო. უფრო მეტ ინფორმაციას აქ გაეცნობით ამ საკითხზე. ეხლა კი, დროა შევთანხმდეთ, რომ ჩვენი ორგაზმის ლეგიტიმაციისათვის მართლაც რომ ბრძოლაა საჭირო  :)

ძალიან საწყენია, რომ ქალის სექსუალობის პრობლემატიკას მხოლოდ ახალგაზრდა ქალები, და მათი თანამოაზრე მამაკაცები აღიარებენ. საწყენია იმიტომ, რომ ქალებს ყველაზე მეტად სოლიდარობა გვაკლია ერთმანეთთან. მერე რა, რომ ტრადიციული ოჯახები შექმენით, რატომ გგონიათ რომ თქვენ ხართ ის ერთადერთები, ვისი გამოცდილებაც სწორი, მართალი და ყველასთვის მისაღებია? სანამ ქალები არ გავერთიანდებით, ყოველთვის იქნება ბევრი არარეალიზებული, დაკომპლექსებული ქალი, არასაინტერსო სქესობრივი ცხოვრებით. და ამის შესაბამისად, გულწრფელად დაინტერესებული სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფით.

ჰო ვიცი, ბევრი ფიქრობს რომ ეს გაზვიადებაა. თუკი გაზვიადებაა, ყველამ სათითაოდ გაიხსენეთ - რამდენი ქალია თქვენს ირგვლივ, რომელსაც ბედნიერი და მრავალფეროვანი სქესობრივი ცხოვრება აქვს? სავარაუდოდ, თუკი თავად თამამ ქალთა რიცხვს მიეკუთვნებით, სამეგობროში ასეთი ბევრი გეყოლებათ. მაგრამ ნუ დავკეტავთ წრეს - გაიხსენეთ ნათესავები, ახლობლები და დარწმუნდებით, რომ მათი რიცხვი არც ისე დიდია. სამაგიეროდ, ბევრი გაგახსენდებათ დაჩაგრული, ხანდახან ძალადობის მომთმენი და გულნატკენი. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ ვისურვებ, რომ გავიაზროთ პრობლემა და ერთმანეთის გაჭორვის ნაცვლად მეტი სოლიდარობა გამოვიჩინოთ. ეს ერთადერთი საკითხია, სადაც კარგი იქნება, თუკი მამაკაცებს მივბაძავთ.



სპექტაკლის თბილისური დადგმა


ფოტო: მარია როხვაძე
საქართველოში ,,ვაგინა მონოლოგები" აქამდეც დადგმულა, მაგრამ სრული სახით და თეატრალიზებულად, სცენზე პირველად 2013 წლის 23 ივნისს, თეატრალურ უნივერსიტეტში დავდგით. ამ უნივერსიტეტის ახალგაზრდა სტუდენტმა (სქესი მამრობითი - რაღა თქმა უნდა) ვერ აიტანა სცენიდან ამ ,,უხამსობის" მოსმენა, სცადა სპექტაკლის ჩაშლა და საბოლოოდ, გაძევებულ იქნა დარბაზიდან. ამას მოყვა გასახდელში მეორე ჯგუფის შემოჭრა, და ჩემთვის ძალიან საინტერსო შეკითხვის დასმა: ,,კურთხევა თუ გაქვთ აღებული"?


გოგოები ვხუმრობდით მერე, რა საინტერესო სცენა იქნება, ვაგინის მონოლოგებზე კურთხევის ასაღებად რომ მიდიხარ :) ეხლა კი მეცინება, მაგრამ როდესაც გამნათებელმაც მიგვატოვა (რომელსაც რეპეტიციები, ცხადია, ნანახი ქონდა) საკმაოდ დავიძაბეთ და დავშინდით. საბოლოოდ, სპექტაკლმა წარმატებით ჩაიარა და მეორე დღეს არაერთგვაროვანი კომენტარებიც მოზღვავდა.

უნდა დავაკოპიო ერთ-ერთ ფორუმზე ცინიკურად დაწერილი პოსტი, რომელსაც ვეთანხმები, და ავხსნი კიდევაც რატომ:

"ნუ გასაგები სიტუაციაა, ამდენი ხნის მანძილზე ჩაწიხლული და დაჩაგრული მდედრული საწყისი არტახებისგან თავისუფლდება, თითქოს თვრება და ტკბება მიღებული თავისუფლებით.  აი მოზარდები რომ ძაან კაცობენ/ქალობენ და "უ ზ დ რ ე ლ უ რ" სიტყვებს ამბობენ თამამად, ზოგჯერ კედლებზეც რომ წერენ და ბედნიერი არიან ამით - დაახლოებით ეგ სიტუაციაა. გავა დრო და ჭეშმარიტად თავისუფალი ქალების საზოგადოება გაიზრდება, დაღვინდება და ერთხელაც ღიმილით გაიხსნებს საკუთარ პუბერტადულ დესტრუქციას".

ყოჩაღ! მიუხედავად ცინიზმისა, ძალიან კარგად არის ახსნილი ,,ვაგინა მონოლოგების" არსი. მართლაც, იმისთვის უნდა ვიძახოთ ვაგინა ძალიან ხმამაღლა, და იმისთვის უნდა ვისაუბროთ ძალიან პირადულ თემებზე, რომ ერთ დღესაც მართლაც თავისუფალი ქალების საზოგადოება შევქმნათ! ნუთუ ეს ძალიან კეთილი მიზანი არ არის?

სპექტაკლი ისევ დაიდგმება!

დიახ, 23 ივლისს, სპექტაკლს ისევ დავდგამთ. აქ შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია. თუკი არ იცით სპექტაკლის შინაარსი, ძალიან მოკლედ შევეცდები მიმოხილვა გავუკეთო.

,,ვაგინა მონოლოგები" ივ ენსლერის ცნობილი პიესაა. ენსლერმა 200 ქალთან ჩატარებულ ინტერვიუებს დააფუძნა პიესა, რაც ნიშნავს, რომ თითოეული მონოლოგი ერთი ან რამდენიმე ქალის ნამდვილ მონათხრობს ეფუძნება. მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლი ძალადობაზე ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, ძალიან მსუბუქად და ზომიერად ხდება ამის მოწოდება. მონოლოგების დიდი ნაწილი იუმორითაა გაკეთებული და ძალიან ყურებადს ხდის სპექტაკლს. საინტერესო განცდაა, როდესაც ზიხარ და უცებ სრულიად სხვა ქვეყანაში გაკეთებული სპექტაკლიდან ამდენი, შენთვის ძალიან ნაცნობი და პირადული თემა მოდის. უცებ ხვდები, რამდენად გლობალურია ქალის სექსუალობის პრობლემა, იმისდა მიუხედავად, რომ ფილმებიდან უცხოელი ქალი ძალიან თავისუფალი და უპრობლემო გვგონია. 

და მთავარი: სპექტაკლში ჩვეულებრივი ქალები მონაწილეობენ :)) არავინ არ არის პროფესიონალი. სპექტაკლი მრავალ ქვეყანაში იდგმება ყოველწლიურად, და შემოსული თანხა ძალადობის წინააღმდეგ მომუშავე ორგანიზაციებს ერიცხებათ. 

ასე რომ, მეგობრებო, მოდით სპექტაკლზე, გავერთიანდეთ და გამოვითხოვოთ ჩვენი სექსუალობა <3




Saturday, July 13, 2013

მამა, მე ორსულად ვარ

დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ ბლოგის გაკეთება მოულოდნელად გადამაწყვეტინა რამდენიმე დღის წინ შემთხვევით ნაპოვნმა იმეილმა. წერილი 5 წლის წინ არის დაწერილი და ოდნავადაც აღარ მახსოვდა მისი არსებობა. თემამ დამაინტერესა, მერე ადრესატად მამაჩემი შევნიშნე – და გამიკვირდა. იმეილზე მიმოწერა არ მქონია მასთან არასდროს.

ალბათ ნაცნობია განცდა, ძველ ნაწერს რომ იპოვნი – დღიურს მაგალითად, და არ გესიამოვნება. სადღაც შეგრცხვება, სადღაც უხერხულობას იგრძნობ და საბოლოოდ გინდა რომ დაწვა, დახიო, მოსპო. დაახლოებით მაგ განწყობით დავიწყე კითხვა. და ამ 5 წლის შემდეგ, უცებ ძალიან შორიდან დავინახე ის მე, მაშინ რომ ვიყავი. და გამიკვირდა, მართლა გულწრფელად გამიკვირდა და გამიხარდა იმდროინდელი მეს დანახვა. მე აღარ ვარ ის 23 წლის გოგო, ქირით რომ ცხოვრობდა, ხელფასი 400 ლარი რომ ქონდა და ბევრისთვის სრულიად უპასუხიმგებლოდ – ქორწინების გარეშე აჩენდა შვილს.  იმ წერილში სულ სხვა რეალობაში მცხოვები მე გამახსენდა, და გამიხარდა, რომ მასთან ისევ იგივე იდეალები და პრინციპები მაერთიანებს. 

დღეს, როცა ყველაფერი მაქვს რაზეც ოდესმე მიოცნებია, დავუშვი, რომ შესაძლოა სხვებისთვისაც იყოს საინტერესო ჩემი გამოცდილების გაზიარება. სწორედ ამიტომ, ბლოგზე პირველ პოსტად ეს წერილი უნდა დავდო. იმისდა მიუხედავად, რომ ზოგირთი ფრაზა, ძახილის ნიშანი, მრავალწერტილი თუ ლოზუნგივით მოწოდება დღეს ჩემი წერის სტილს აღარ შეადგენს, მაინც მგონია, რომ 5 წლის მერეც კი, ეს წერილი ჩემ პიროვნებას საკმაოდ ნათლად წარმოაჩენს.

ადრესატი: მამა
თარიღი: 21 ივლისი, 2008 წ.
თემა: "ის, რაც აქამდეც მინდოდა მეთქვა"

"ძვირფასო მშობლებო, მამა და დედა!

ძალიან სამწუხაროა, რომ პირდაპირი დიალოგი ჩვენს შორის არ შედგა. თუმცა მოუთმენლად ველოდი შენს თბილისში ჩამოსვლას, ძალიან მომერიდა  ლაპარაკი. მას შემდგომ, რაც პირველივე დღეს დამირეკე და დამამშვიდე, ვერ მივეცი ჩემს თავს უფლება ბრძნულად ამეხსნა რა იყო უფრო სწორი და ლოგიკური. თანაც, გამახსენდა ჩემივე აზრები ამ ამბის დასაწყისში: ხან გაქცევაზე ვფიქრობდი, ხან დამალვაზე, და უარეს რამეებზეც! დრო დამჭირდა იმის მისახვედრად, რომ სიმართლეს ვერსად გაექცევი, ვერც საკუთარ თავს. ჰოდა, ჩავთვალე, თქვენც დრო გჭირდებოდათ.

გასაგებია, რომ მე დიდი შეცდომა დავუშვი, მაგრამ მე არ გავქცევივარ ჩემს პასუხისმგებლობას თქვენს წინაშე. ვიცი, ყველას ერჩივნა ეს ამბავი არასოდეს გაეგოთ, მშვიდად გამეკეთებინა აბორტი და მეცლია ყველასთვის მშვიდი ცხოვრება. მე ხომ მარტო საკუთარ შვილზე ვიფიქრე და ყველას ვანერვიულებ. თუმცა, ყველამ ერთად, მთელმა მსოფლიომ რომ მოინდომოს, იმაზე მეტს ვერ ინერვიულებს, რაც მე ვინერვიულე, იმაზე მეტს ვერ გადაიტანს, რაც მე გადავიტანე ამ თვეებში. ვისი ბრალია? არავისი ჩემს გარდა, მაგრამ მე ხომ არც არავის ვკიდებ ჩემს წილ პასუხისმგებლობას…

მე ძალიან უსამართლოდ მიმაჩნია, რომ ჩემს ცხოვრებას ისე განიხილავთ, როგორც ვიღაც ჭიაყელაზე ფეხის დაჭერა არ დაჭერის საკითხს: კია ჭიაყელა და სამარცხვინო, მაგრამ მაინც შვილია და ნუ გავჭყლეტთო. მხარდაჭერის ცნება მე მხარდაჭერად მესმის, და არა იმად, რომ ისედაც არეული ცხოვრება მოგონილი ამბებით უფრო ამერიოს. თქვენც ხომ კარგად იცით, რომ სიმართლეს ყველა გაიგებს, ვერავის ვერ მოატყუებთ . ხოდა, თუკი შედეგი მაინც ეგ იქნება, რატომ უნდა ვთქვათ უარი ღირსებაზე? დაიჭირეთ თავი ღირსეულად, რაც უფრო მეტ სიმართლეს იტყვი პირდაპირ, მით უფრო ნაკლები დარჩებათ თვქენს უკან სათქმელი! დედა არ იყო, სხვის ტყუილებს რომ დასცინოდა? მაინც ყველა მიხვდაო. რატომ აკეთებთ იგივეს?

როცა ჩემი შვილი გაიგებს, რომ მამისთან არც არასოდეს მიქორწინია და ეს მხოლოდ გამოვიგონეთ, რას იფიქრებს? იმას, რასაც ნებისმიერი იფიქრებდა - შერცხვათ ჩემი, და ამიტომ ისე მოიქცნენ, ყველასთვის პრობლემა ვიყავი, და ა.შ. რა ფორმით მიაწვდის კიდევ ამ ამბავს კეთილი ხალხი, ეგ  სხვა ამბავია! ამ წუთას ამაზე ალბათ მარტო მე ვფიქრობ, მაგრამ ჩემს შვილს ეხება და – ვფიქრობ, რა ვქნა!  სახლიდან რომ გამექცეს, მამამისთან გაიქცეს ან რაღაცა უარესი ქნას. ეგეთი კი არა ჩვეულებრივი ბავშვები იტანჯებიან უამრავი კომპლექსით, მე კიდევ მხოლოდ ერთადერთი შემიძლია – მართალი ვიყო მასთან. ამის საშუალებას ნუ მომისპობთ! ეს რაც თავში აზრად მომდის იმას გეუბნებით და კიდევ რაა შესაძლებელი რომ მოხდს ეგ არავინ არ იცის. მე მინდა ჩემს შვილს ვუთხრა რომ მისი არ მრცხვენია. ვისაც ცხვენია – დაე არც მიიღოს იგი.

ვიცი რომ შენ ფიქრობ მამას აჯობებს თუ არც გაიცნობს, მაგრამ მე ვერ დაგეთანხმები. მე არ მინდა ჩემს შვილს ეს გზა მოვუჭრა. არა იმიტომ, რომ მამამისის ,,მონანიების" იმედი მაქვს, არამედ იმიტომ – რომ მე ვიყო მართალი. და საიდუმლოებების წლების მერე გამჟღავნებით ფსიქოლოგიური ტრამვა არ მივაყენო.

თქვენთვის ამ წუთას მეზობელი გულნარა რას იტყვის უფრომნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემს შვილზე მიყენებული ტრამვა მომავალში, ან ის ტრამვა, რაც მე მივიღე. შეცდა როგორ ვთქვათო. არ თქვათ შეცდაო! თუ მანდამაინც და რამე უნდა თქვათ, უყვარდა და ასე მოხდაო. აქაც ორი ვარიანტია მერე: ჩემი შვილია და მის გვერდით ვარ, ან ამის მერე ეგ ჩემთვის აღარ არსებობსო.

ასეთი ამბავი არც პირველად ხდება და არც უკანასკნელად. ბევრი მაგალითია და ამის გამო საზოგადოებასარავინ მოუკვეთია. ბოზობა რა არის ამაზე  დიალოგში შესვლას არ ვაპირებ, უბრალოდ სამწუხაროა ჩემზე რომ ასე ფიქრობთ. მე ვცდილობ ჩემი ღირსების შენარჩუნებით ჩემს შვილს მსგავსი შეურაცხმყოფელი ფრაზები ავაცილო.

ჩემთვის არაა უმნიშვნელო, თქვენ თავს როგორ დაიჭერთ. იმის მიუხედავად, დამეხმარებით და ამომიდგებით თუ არა, მინდა რომ თავი არ ჩახაროთ, არავის დასაცინი არ გახდეთ! რაც მოხდა, ეს არ შეიცვლება. რაც უფრო მაგრად დადგებით, მით უფრონაკლები ჭორაობის საფუძველს მისცემთ სხვებს.

ის, რასაც ეხლა გწერთ, არ მინდა აღიქვათ, როგორც ,,ოჯახის სამარცხვინო ლაქის უმადური ფაფხური", მინდა, რომ აღიქვათ სრულიად სერიოზულად. ეს არის ჩემი პოზიცია, და მინდა იცოდეთ. მეყო ის რაც მივიღე, დამატებითი ტრამვები საჭირო არაა! თუკი მხარს მიჭერთ, ნუღარ დამამადლით. მე დამოუკიდებელი და ცალკე პიროვნება ვარ, ჩემი შეცდომით. თუ მაინც შეძლებთ გიყვარდეთ, დაე გიყვარდეთ. მეც მიყვარდით ყოველთვის ისეთები, როგორებიც იყავით…

მე თანახმა ვარ, ბებოს და ბაბუს შერბილებული ვარიანტი გადასცეთ, ისინი ასაკიანი ადამიანები არიან, და ძალიან მეშინია. მაგრამ, სახალხოდ დადგეთ და ჩემს და ჩემი შვილის ცხოვრებაზე ლეგენდები შექმნათ – ამას ვერ დავეთანხმები. მაპატიეთ, თუ შეგიძლიათ…

ჩემზე რას ილაპარაკებენ ან თქვენი ზღაპრის მერე იმათიანები რომ უფრო გამლანძღავენ, ამას კი არა აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, ჩემს სიმართლეს, თქვენს სიმართლეს, ჩემს ღირსებას, თქვენს ღირსებას აქვს მნიშვნელობა. მხოლოდ სიმართლე შეგვინარჩუნებს ღირსებას!"