Friday, July 11, 2014

GD_Ass ანუ როგორ ვიქცეთ ეროვნულ ტაკოვიზიად


სექსიზმის მარტივი და მოკლე განმარტების სანახავად არ დაიზაროთ, და ნახეთ ჩემი პოსტები: სექსიზმი არიფებისთვის (ნაწილი I), და სექსიზმი არიფებისთვის (ნაწილი II).

(c) Pro-Woman, შესრულება: ნინო გოგოჭური
ალბათ გაინტერესებთ, როგორია ის – Georgian Dream Ass, ანუ საოცნებო ქართული ტაკო ტელევიზია. უკაცრავად–მეთქი, დავაპირე მეთქვა, მაგრამ მგონი აღარ არის ამ სიტყვაში არაფერი საბოდიშო. პირდაპირ ეთერში, დღისით–მზისით თუკი ტიტველ ტაკუნებზე დოლის დაკვრა არც უხერხულია და არც სალაპარაკო,  ალბათ არც თქვენ უნდა მიწყინოთ ეს სიტყვები, ჩემო GD_Ass. გულწრფელად ვამბობ, ძალიან ვაფასებ თქვენს ტელევიზიას, ამ გადაცემის შემოქმედებით ჯგუფსაც დიდ პატივს ვცემ.

ყველაზე დასაფასებელი მაინც ისაა, რომ ასეთი ორიგინალური შოუ შემოგვთავაზეთ. ასეთი რამ არსად მინახავს გეფიცებით, იუთუბის იმ ვიდეოს გარდა, თითქმის 3 000 000 ნახვა რომ აქვს.

მაშ ასე, ორიგინალური, და რაც მთავარია, ეროვნული შესრულება GD_Ass-ის ეთერში!

               

ვერაფერს იტყვი, კარგი ტაკოებია. თანაც, ეს ქალები ხომ არავინ მიიყვანა გადაცემაში ძალდატანებით? ფულიც გადაუხადეს და მადლობაც, სავარაუდოდ.

ამ ლოგიკით, რა საქმიანობაშიც ფულს უხდიან ადამიანებს (ისინიც, სხვადასხვა მიზეზით ამას ასრულებენ), ყველაფერი პირდაპირ ეთერში უნდა გავიდეს! თანაც არც მეტი, არც ნაკლები, დღის 3 საათზე!

კი, ნამდვილად აქ არის ერთ–ერთი მთავარი პრობლემა – იუთუბზე განთავსებული ვიდეო, რომლის კალკირებასაც ეს "შოუ" წარმოადგენს, არ შეიძლება შევადაროთ დღის სამ საათზე ეთერში გასულ გადაცემას! მართლა ხომ არ გონია ვინმეს, რომ რომელიმე მსგავსი სექსისტური იდეა ქართველ "ტელევიზიონშიკებს" მოუვიდათ თავში? რა თქმა უნდა არა. რა თქმა უნდა ყველაფერი საიდანღაც არის უსინდისოდ მოპარული და გადმომღერებული, თუმცა ნიჭიერად შესრულებას დამდვილად ვერ დავაბრალებ.

დაღეჭილი თემაა, მაგრამ საინტერესოა, რომ ეს სცენა სულაც არ ეწინააღმდეგება ეროვნულ ღირებულებებს, რომელსაც თითქოს მართლმადიდებლობა განსაზღვრავს. არც კი მეპარება ეჭვი, რომ ყველა ეს ყმაწვილი თავდადებული მართლმადიდებელია, და ალბათ ამ შუა მარხვაში ტაკოებზე დაკვრას აღსარებაში მოინანიებენ. რასაკვირველია, თუკი გაახსენდებათ – ამისთანაც რა ცოდვაა, კაცმა ქალს თუ ტაკოზე ხელი მიუტყაპუნა?

საინტერესოა, რატომ უჭირს საზოგადოების ე.წ. პროგრესულ ნაწილსაც სექსიზმის დანახვა იქ, სადაც ის ასეთი თვაშისაცემია? ამ "შოუში" ქალი მუსიკალურ ინსტრუმენტთან არის გაიგივებული, რასაც აკადემიის ენაზე ქალის გასაგნება ქვია და სექსიზმის ერთ-ერთი ფორმად ითვლება. გასაგნება ნიშნავს, რომ ქალი წარმოჩენილია არა როგორც სუბიექტი, არამედ როგორც ობიექტი და საგანი. როდესაც ვუყურებთ ამ კადრებს, სადაც მხოლოდ ქალის მოშიშვლებული უკანალია მნიშვნელოვანი, სახეები კი არათუ არ ჩანს, არამედ მაყურებლიდან მკვეთრად მიბრუნებულია - მათი მთელი პიროვნება საჯდომამდე არის დაყვანილი, ხოლო ეს საჯდომი მამაკაცის გასართობ ინსტრუმენტად გამოიყენება. დომინაცია თანდათან მძაფრდება, როდესაც საჯდომები აწითლებას იწყებენ. მთელი ეს სცენა, თავისი ეროვნული სულისკვეთებით კიდევ ერთხელ არის ხაზგასმა მამაკაცის ლეგიტიმური უფლებისა ქალის სხეულზე. და რაცარუნდა ვამტკიცოთ, რომ ეს ასე არ იყო ჩაფიქრებული, ფაქტია, რომ სწორედ ამის პროპაგანდას ახდენს ყველა შოუ და სარეკლამო რგოლი, რაც ქართულ მედია-სივრცეში იბადება.


ხოლო, თუკი სქესს მნიშვნელობა არ აქვს, წარმოვიდგინოთ შებრუნებული სცენა:

წაკუზული კაცები, ტიტველი ტაკოები, ნეტარი სახით ზედ "დამკვრელი" მანდილოსანი, უკან კი ამ ჰანგებზე აკვნესებული მანდილოსანთა გუნდი. როგორ წარმოგიდგენიათ, მშვიდად შეხვდებოდა ამ სცენას ქართველი მაყურებელი? ალბათ სამღვდელოება მეორე დღესვე განცხადებას გაავრცელებდა, რომ გვრყვნიან და გვაფუჭებენ, პოლიტიკოსები დაწერდნენ რომ ქართველობას გვართმევენ, სხვები კი უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდნენ ამ გარყვნილ ქალებს.

კაცის ტიტველ ტაკოზე დამკვრელი ქალი აუცილებლად იქნებოდა ეროვნული ღირებულებების შემლახავი. 

თუმცა, თქვენ ბჭობდით და ჩვენ კი ვიცინოდითო, და GD-Ass-ის შემოქმედებითმა ჯგუფმა სწორედ ეს გააკეთა: აგერ ბატონო, იგივე კაცზეც თუ არ შეგვიძლია გავიმეოროთო!




არ მითხრათ ეხლა რომ ერთი–ერთში იგივე სცენა არაა!! ნუთუ ვერ ხედავთ წაკუზულ კაცებს, მათ ტიტველ ტაკოებს, ზედ დატყაპუნებულ ეროვნულ მელოდიას და ზედვე აკვნესებულ ეროვნულ ჰანგებს?

რასაკვირველია ვერ ხედავთ. და იცით რატომ? იმიტომ, რომ ქართველი კაცი არ იკუზება, ძმაო!

და რომ იცოდეთ, ქართველი არც ბოდიშს იხდის! ან თუ იხდის, მხოლოდ ასეთი შემართებით:

               

ეს ის შემთხვევაა, როდესაც ბოდიშის მოხდას ჯობდა ხმა საერთოდ არ ამოეღოთ. "ქალებს პატივს ვცემთ"–ო. პატივის რა გითხრათ და რომ ცემთ, ამაში უკვე დავრწმუნდით <3

ამაზე საერთოდ არ გვიფიქრიაო – ღმერთმანი, გეთქვათ აქამდე! ჩვენ კი გვეგონა რომ იფიქრეთ! სულ დაგვავიწყდა, რომ ფიქრისთვის აზროვნების უნარი, აზროვნებითვის კი ინტელექტია საჭირო! ხოლო რადგან მეორეს და მესამეს ნამდვილად ვერ დაგწამებთ, უნებლიეთ დავუშვით რომ შეიძლებოდა გეფიქრათ...

ამ "ბოდიშს" აგვირგვინებენ საზეიმოდ გამოწყობილი ჟურნალისტი გოგონები, რომელთანაგ ერთ–ერთი ღიმილით გვახსენებს:

"ალბათ საკუთარ საჯდომზე მიიღეს"–ო.

რასაკვირველია, ჩვენ, არაწესიერმა ქალებმა მივიღეთ ჩვენს თავზე (თუ საჯდომებზე), თორემ სალომე არშბა და მისი "პატიოსანი" კოლეგები არასოდეს, ა–რა–სო–დე–ს გააიგივებდნენ თავს ვიღაც ორ მსახიობ გოგოსთან, ამ ყველაფერში ფული რომ აიღეს. ღმერთო ჩემო, რა შუაშია! თავსაც არ აკადრებდნენ!

მგრძნობელობის დეფიციტი


როდესაც საზოგადოებას არ აქვს არც ცნობიერება, არც მგრძნობელობა და რაც მთავარია, არც შეცნობის სურვილით არ იწვის, არც გაუპატიურების ხსენებაზე ახსენდება რაიმე უარყოფითი. მაგალითად, "X-ფაქტორის" პირდაპირ ეთერში გიორგი გაბუნიასგან ასეთი კომპლიმენტი მოვისმინეთ:

"ჩვენ ეხლა სცენაზე ვიხილეთ ჰარდკორ პორნოგრაფია. შენ ფაქტობრივად გააუპატიურე კაილი მინოუგის სიმღერა".

ამ კომენტარს დარბაზში მქუხარე ტაში მოყვა. გადაცემის ფეისბუქ–გვერდის ადმინმაც თორნიკეს ფოტოს სწორედ ეს ციტატა წაუმძღვარა წინ ქების ნიშნად.

არ ვიცი რამდენად რთულია კავშირის დანახვა, მაგრამ ფაქტია, რომ იქ, სადაც ცნობილი ტელეწამყვანი თავს უფლებას აძლევს გაუპატიურება ქების კონტექსტში გამოიყენოს, და სადაც ამას საზოგადოება ტაშს უკრავს, არც არის გასაკვირი ქალის ტაკოებზე ტყაპუნში საერთოდ ვერ ხედავდნენ პრობლემას.

პრობლემები კი ასეთი თვალსაჩინოა – კაცის მუდმივად წაქეზებული, დაუოკებელი სექსუალობა, მისი უკიდეგანო უფლება ქალის სხეულზე, და ამ სხეულის ლეგიტიმური ექსპლუატაცია – სწორედ ეს ბადებს იმ ძალადობას, რის შედეგადაც ყოფილმა ქმარმა უკვე მერამდენე ქალი მოკლა ამ ქვეყანაში.

მე კი ოპტიმისტური მოწოდებით დავასრულებ: ქალებო, გაიღვიძეთ! მიიღეთ საკუთარ საჯდომებზე სხვის ტაკოზე დარტყმული ხელი!













Tuesday, April 1, 2014

Big girl, შენ მშვენიერი ხარ!

მათ არ დავცინით – თუმცა თანავუგრძნობთ.
მათ არ ვებრძვით – თუმცა ვდევნით ეკრანებიდან.
არ გვსურს ისინი ვიხილოთ წამყვანებად, მოდელებად, სარეკლამო რგოლებში. 
მაგრამ მზად ვართ აზარტით ვადევნოთ თვალი მათ თავგანწირვას დაგვემსგავსონ ჩვენ. ანუ გამხდრებს. ჰო, გამომრჩა მეთქვა რომ "ჩვენ" გამხდრები ვართ, ლამაზები, ნორმალურები. "ისინი" პუტკუნები არიან, საყვარლები. პუტკუნა არც ულამაზოა და არც არა–ნორმალური. უბრალოდ ყველას უნდა გამხდარი იყოს.ანუ ჩვენნაირი – ლამაზი.

ნორმა, სტანდარტი, სილამაზე

სილამაზის კრიტერიუმები ყოველთვის არსებობდა და მუდმივად იცვლებოდა. ამაზე ლექციის წაკითხვა ალბათ აღარავის სჭირდება. თუმცა, ბევრი არ აღიარებს, რომ მის გემოვნებაზე გავლენას სწორედ ის ნორმები ახდენს, რომელიც მოცემულ დროში არის მიღებული. გემოვნების გარდა, სხეულის ფორმის დადგენილი კრიტერიუმები ბევრი ქალისა თუ კაცის თვითშეფასებაზე მოქმედებს, და არც თუ ისე დადებითად.

ნორმის დადგენა სხვა არაფერია თუ არა სტანდარტიზების მცდელობა.  თუმცა, ამ მცდელობას ერთი დადებითიც ახლავს თან – ნორმის დადგენით განსაკუთებულად ხილული ხდება ის, თუ რამდენად მრავალფეროვანია რეალობა, რამდენაც ცოტა ადამიანი არის "ნორმალური". მაგალითად, დღევანდელი სტანდარტით ე.წ.  ლამაზი ქალი გულისხმობს გამხდარს და თხელს. თუმცა, "ნამდვილად ლამაზმა ქალმა" მკერდიც და უკანალიც "თავის ადგილას" უნდა შეინარჩუნოს. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ფეხები აუცილებლად გრძელი უნდა ჰქონდეს, თეძოები მოყვანილი, მაგრამ არა ზედმეტად. ტერფები პატარა და კოხტა, სასურველია გრძელი, მბზინავი თმა და თლილი თითები.

ბევრს ვიცნობთ ასეთს? არა. ამიტომ ვამბობ, რომ როდესაც ვიწრო ნორმა შემუშავდება, მაშინვე აშკარა ხდება, რომ სინამდვილეში საოცარი მრავალფეროვნებაა წელისაც, მკერდისაც, თეძოსიც და ასე შემდეგ.

ჩემი პირადი გამოცდილება რომ მოვიშველიო, არასოდეს არ ხარ "ზუსტად ის, როგორც საჭიროა" წონისა და ფორმის. ან ცოტა მეტი ხარ, ან ცოტა ნაკლები.  როდესაც 57 კგ ვიყავი, ადამიანებს არ ეზარებოდათ აღენიშნათ რომ "მოკეთებული" ვარ, ლოყები გამზრდია, ეს შარვალი დამპატარავებია. როდესაც 52 კგ ვარ, ადამიანები მხვდებიან ვიშვიშით: "რა მოგივიდა? რამე ხომ არ მოხდა? როგორ გამხდარხარ? ქალს ცოტა ფორმები უხდება!" და ამ ყველაფრის უკან არის ქვეტექსტი: "როგორ გაფუჭებულა" (ანუ, კარგად აღარ გამოვიყურები, რადგან ზედმეტად გავხდი).

ერთი პირობა მეც დავიჯერე, რომ სასწრაფოდ უნდა მომემატა რამდენიმე კილო. მერე გამახსენდა, რომ როცა რამდენიმე კილოთი მეტი ვიყავი, მუდამ დაკლებაზე ვოცნებობდი. და გადავწყვიტე, რომ არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე მიიღო შენი თავი ისეთად როგორიც ხარ. ხომ მარტივი ფორმულაა, მაგრამ ძნელია აქამდე მისვლა. ძნელია ზუსტად იმ თავსმოხვეული სტანდარტების ფონზე, რასაც მუდმივად ვხედავთ პრიალაყდიან ჟურნალებში, სხვადასხვა რეკლამებსა თუ მუსიკალურ კლიპებში.

გამხდარი = ჯამრთელი?

აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ჯანმრთელი სხეული კილოგრამებით არ იზომება, და ნაკლები კალორიების მიღება უკეთეს კვებას არ გულისხმობს. გამხდარი სხეული ხშირ შემთხვევაში სულაც არის ჯანმრთელის პირდაპირპროპორციული. იმავე ლოგიკით, მეტი კილოგრამების ქონა სულაც არ გულისხმობს ჯანმრთელობის რაიმე პრობლემას. აქ პრობლემა ერთადერთია – სილამაზის კრიტერიუმი.

დღეს უკვე ბევრი იწერება იმის შესახებ, რომ გამხდარი სხეულის პროპაგანდა განსაკუთრებულ პრობლემებს მოზარდებს უქმნის. განუწყვეტელი დიეტები, თვითშეფასების დაქვეითება, დანგრეული ჯანმთელობა – და ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის, რომ ისეთები არიან, როგორებიც არიან. სწორედ ამ თემას ეხმიანება ერთი არაჩვეულებრივი წერილი, რომელიც "Daily life"-ში გამოქვეყნდა. წერილის შემოკლებულ ვერსიას ქართულად გთავაზობთ:

"ძვირფასო დედა,
მე 7 წლის ვიყავი როდესაც აღმოვაჩინე რომ მსუქანი, მახინჯი და საშინელი ხარ. ამ მომენტამდე მჯეროდა, რომ შენ მშვენიერი იყავი – ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ყველაფერი შეიცვალა ერთ საღამოს, როდესაც წვეულებაზე წასასვლელად ვემზადებოდით და შენ მითხარი:

-"შეხედე შენს თავს. როგორი თხელი, ლამაზი და საყვარელი ხარ. აბა მე შემომხედე, როგორი მსუქანი, მახინჯი და საშინელი ვარ".

-"შენ არ ხარ მსუქანი".

-"კი, ვარ, და ყოველთვის ვიყავი".

შემდეგ დღეებში ის აღმოჩენები გავაკეთე, რამაც ჩემს ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა: შენ მსუქანი ხარ, იმიტომ რომ დედები არ იტყუებიან; მეც გავიზრდები და ვიქნები შენნაირი, ანუ მსუქანი, მახინჯი და საშინელი. 

ეხლა, როდესაც ამ დიალოგს ვიხსენებ, საშინლად ვბრაზდები შენზე რომ ასე გრძნობდი თავს. შენ ჩემთვის მისაბაძი მაგალითი იყავი და ჩემს თავზეც იგივე დამაჯერე. როგორც შენ, მეც მთელი ცხოვრება ისე გავატარე, რომ თავს მუდმივად მსუქნად ვგრძნობ.

ეხლა, როდესაც თავად დედა ვარ, ვხვდები რომ აზრი არ აქვს ჩემი სხეულის მიმართ სიძულვილში შენ დაგადანაშაულო. ჩვენ ისეთ საზოგადოებაში გავიზარდეთ, სადაც ქალებს გვაჯერებენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ როგორ გამოვიყურებით. ამავდროულად, საზოგადოება განსაზღვრავს სტანდარტს, რომელიც მუდმივად მიუწვდომელია ჩვენთვის.

მოდი, გვიყვარდეს ჩვენი სხეული იმის გამო, რასაც აკეთებს და ნუ შევიძულებთ იმის გამო, თუ როგორ გამოიყურება".

ამ წერილიდან კარგად ჩანს ის, თუ რა რამდენად კომპლექსურია გამხდარი სხეულის ნორმად ქცევის გავლენა. და რამდენად პირობითია "სიმსუქნის" ცნება. მეც უამრავ ქალს ვიცნობ, რომელიც არაჩვეულებრივად გამოიყურება, თუმცა მუდმივად წონის დაკლებას ცდილობს.


"პუტკუნ შოუ" იმედზე

იმედია პოსტის შესავალი ნაწილით მოვახერხე იმ მთავარი აქცენტების გაკეთება, რის გამოც სიმსუქნეზე და წონაზე დისკუსია სენსიტიური საკითხი მგონია. საინტერესოა, მაგრამ ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ კორექტული ტერმინები ფარისევლობაა და სიტყვის შერჩევას მნიშვნელობა არ აქვს. მე კი ვფიქრობ, რომ სიტყვებს პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს და ამ მნიშვნელობებისთვის ბრძოლაც პოლიტიკურია. არ შეიძლება სულერთი იყოს, ხანშიშესულ ადამიანს "მოხუცო"–ს დავუძახებთ თუ "ბებერო"–თი მივმართავთ. უარესი მაგალითების მოყვანაც შემიძლია, მაგრამ თავს შევიკავებ.

მთავარი კი ისაა, რომ სხვას თუ არა, მედიის წარმომადგენელს კი უნდა ესმოდეს სიტყვების ძალა და ავადსახსენებელი წონა. ალბათ ესმით კიდეც, მაგრამ თავისებურად.  გადაცემა "პუტკუნ შოუს" შემქმნელები არაფრისდიდებით არ მიიღებენ არგუმენტს, რომ მათი გადაცემის სახელი დამცინავი და დისკრიმინაციულია. თავს დადებენ, რომ ამ ადამიანების დახმარება სურთ და კომერცია არაფერ შუაშია, მაგრამ ფაქტი კი ფაქტად დარჩება: მალე იმედზე "პუტკუნ შოუს" ვიხილავთ. სწორედ ამ სახელწოდებით, დამრგვალებული პირით და გამოთქმით: "პუტკუნ შოუ", მალე, იმედის ეთერში!

ბევრი ვიფიქრე, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ისეთი სიტყვა რომელიც გამხდარს გამოხატავს და თან მთლად დადებითი მნიშვნელობაც არ აქვს. გამახსენდა "გალეული". რომ ყოფილიყო ფორმებიანი ქალის სტანდარტი, და გაეკეთებინათ გადაცემა "გალეულ შოუ" – იქნებოდა ეს აღქმული როგორც მოფერება გამხდარი ადამიანებისთვის? არ ვიცი, არ ვიცი, მაგრამ რაღაც არა მგონია. პუტკუნა რაც არ უნდა მოფერებითად ჟღერდეს, ამ კონტექსტში, ბოლო ხმოვან მოკლებული და შოუსთან შერწყმული – ნამდვილად დამცინავად გამოიყურება.

ცხადია, ამ შოუს კრიტიკას არ მიიღებენ ის ადამიანები, რომლებიც სრულიად სამართლიანად ფიქრობენ, რომ არსებობს წონა, რომელიც ჯანმრთელობისთვის საშიშია. მაგრამ ისევ გავიმეორებ, რომ ის წონა, რაც საზოგადოებაში ჭარბ წონად ითვლება, სულაც არ არის არც სიმსუქნე და არც ჯანმრთელობისთვის საშიში. უფრო მეტიც, ჯანმრთელობისთვის საშიში ხშირად ის არაბუნებრივი სიგამხდრეა, რასაც დღეს სილამაზის სტანდარტი ქვია.

დავუბრუნდეთ შოუს, რომელიც ჯერ მალე გავა იმედის ეთერში. ამ რამდენიმე დღის წინ  კი სარეკლამო სიუჟეტი დატრიალდა:


იდეაში, ამ სიუჟეტიდან უნდა შევიტყოთ გადაცემის შესახებ, სადაც ადამიანების ჯანმრთელობაზე იზრუნებენ, აქ კი რა არის დასაძრახი? თუმცაღა, პირველივე კადრში ვხედავთ ადამიანს, რომლიც არც ისეთი საგანგაშო და ჯანმრთელობისთვის საშიში წონის ჩანს. ამ "ჭარბწონიან" ადამიანს ხელში უხარსხო საკვები უჭირავს და მადიანად ილუკმება. არ ვიცი, რამდენად შეიძლება ეს კადრი არ ჩაითვალოს დაცინვად, მაგრამ ფაქტია, რომ აშკარად მიგვანიშნებენ – თუკი ჭარბი წონა აქვს, მისი ბრალია. ბევრს და ცუდ საკვებს მიირთმევს, "ჯანმრთელობისთვის საშიშს". ჭარბწონიანი, მართლაც პრობლემატური ადამიანების მიმართ ეს კადრი ყველა სტერეოტიპს ამყარებს და ამძიმებს. მაგრამ მუსიკა – მუსიკა მსუბუქი და ჰაეროვანია.

შემდეგ ვხედავთ გოგონას, რომელიც სტანდარტში არ ჯდება, თუმცა არაფერი ეტყობა სამედიცინო სიმსუქნის. გოგონა მომხიბლველი და სასიამოვნო გარეგნობისაა, თუმცა ინტერვიუდან ვიგებთ, რომ შოუში მოხვედრა და გახდომა სურს. მოგვიანებით ამ გოგოს ჟიური მიმართავს:

"თქვენ ანალიზში გაქვთ ისეთი პრობლემები, რომ შეიძლება საერთოდ ვერ მიიღოთ შოუში მონაწილეობა".

როგორ არა, ძალიან დაეხმარა ჟიურის წევრი ექიმი ამ გოგონას. სულ მის ჯანმრთელობაზე და თვითშეფასებაზე ზრუნავდა, ხომ ეტყობა თბილ მიმართვაში?

სიუჟეტის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ვამჩნევ, რომელსაც წონითი პრობლემები აქვს. 1:30 წუთზე კი ერთვება ინტერვიუ, სადაც ახალგაზრდა ქალისგან ვისმენთ, რომ სადაც არ უნდა იყოს, ტრანსპორტში, მეგობრებთან თუ საზოგადოებაში – ის მუდმივად განსხვავებულად გრძნობს თავს. აი, ზუსტად ამას ვამბობდი მეც. რატომ გრძნობს ადამიანი თავს დისკომფორტში საკუთარ სხეულთან? იმიტომ, რომ მის ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე, თუ იმიტომ, რომ საზოგადოება, და სილამაზის საზოგადოებრივი სტანდარტები აგრძნობინებენ თავს ცუდად?

მე არავითარი უფლება არ მაქვს ვთქვა, რომ ამგვარი შოუ არ უნდა არსებობდეს. სხვა თუ არაფერი, ეს ადამიანები თავად ირჩევენ მასში მონაწილეობას. თუმცა, მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ დროა ჩვენმა საზოგადოებამ აიმაღლოს ცნობიერება და გაუჩნდეს მეტი მგრძნობელობა სხვა ადამიანების მიმართ, რომლებიც ამა თუ იმ ნიშნით განსხვავდებიან. ის ქალები, რომლებიც ინტერვიუში ჩანან მხოლოდ ადასტურებენ იმას, რის დამტკიცებასაც ამ პოსტით ვცდილობ – ფორმიანი ქალები მუდმივი წნეხის ქვეშ ცხოვრობენ იმის გამო, რომ ცოტა მეტი სივრცე უჭირავთ, ვიდრე სხვებს.


მოძრაობა წონითი დისკრიმინაციის წინააღმდეგ

დღეს უკვე ბევრი იწერება იმის შესახებ, რომ სილამაზის სტანდარტის უარყოფითი გავლენა წონით დისკრიმინაციამდეც მიდის. პლუს–ზომის ადამიანები ერთიანდებიან, გამოდიან და აპროტესტებენ საზოგადოების სტიგმას მათ მიმართ. ეს ამბავი ჯერ კიდევ სამოციანი წლებიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება, თუმცა, არა საქართველოში.

არ ვიცი რას უნდა მივაბა, ისევ საბჭოთა გამოცდილებას დავუკავშირო, სადაც ერთნაირობას კანონი აკონტროლებდა, თუ სხვა რამე ფესვები უნდა ვეძიო, მაგრამ ფაქტია – აქ განსხვავებულობის მიმართ ბევრად უფრო შეუვალები ვართ, ბევრად უფრო მყარია სტანდარტებიც და სტერეოტიპებიც. ზედმეტი წონა კი არა, ბოლო რამდენიმე წელია "ბუნდღა" თუ გაქვს ხელზე, მანიკურშაც კი გაოცებული გეკითხება: "ხელების გაკეთება არ გსურთ?" თმაში თუ ჭაღარა შემოგერია, აუცილებლად გეტყვიან, რომ დროა თავს მოუარო და თმა შეიღებო.

არადა, რამდენი ქალი მინახავს უცხოეთში ბუნებრივი ჭაღარა თმით, მოვლილი და საოცრად მოხდენილი. მინახავს წონიანი გოგოები, კონფორტში საკუთარ თავთან, მომღიმრები და ბედნიერები. იმის თქმა არ მინდა, რომ "იქ" ყველა ბედნიერია, და ჩვენთან ყველა დაკომპლექსებული. არა, მაგრამ ნამდვილად განსხვავდება სიხშირე. რაღაც არის ჩვენს საზოგადოებაში, რაც ყველანაირ განსხვავებულობას უქმნის დაბრკოლებებს.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ცოტა უფრო გახსნილი საზოგადოებებში დღეს იმის ტენდენციაა, რომ შენი თავი მიიღო ისეთი, როგორიც ხარ. ეს დამოკიდებულება სარეკლამო კამპანიებშიც აისახება. საბედნიეროდ, ეს ინდუსტრიაც კი გაცდა ჯანმრთელი და ლამაზი სხეულის იმ ფაშისტურ გაგებას, რომ "ყველა ვინც სტანდარტში არ ჯდება, მოსაშორებელია. მინიმუმ ეკრანებიდან".

"Dove"–ის რეკლამები ფორმებიანი გოგონების მონაწილეობით:
ბოლოს კი, მინდა ყველა "დიდ" გოგოს ვუთხრა: Big girl, შენ მშვენიერი ხარ!




Thursday, March 13, 2014

სექსიზმი "არიფებისთვის" (ნაწილი II)

პოსტის პირველი ნაწილი "სექსიზმი "არიფებისთვის" ანუ ცოტაოდენი რამ მარკეტინგული ეთიკის შესახებ (ნაწილი I)" შეგიძლიათ ნახოთ აქ.


სწორედ იმ დროს, როდესაც პოსტის პირველი ნაწილი გამოვაქვეყნე, ქართული სარეკლამო ბაზარი ჯიპიაის ახალმა შედევრმა "დაიპყრო". გამოვტყდები, რომ ეს რეკლამა მხოლოდ ეხლა ვნახე, პოსტის დაწერის წინ. და მხოლოდ იმ პრინციპით, რომ არ გამეკრიტიკებინა ის, რაც ნანახი არ მქონდა. აქვე ჟურნალისტებს დავესესხები და ჭორს სტატუსს ავუმაღლებ: "კულუარული ინფორმაცით" ფემინისტებმა შევიტყვეთ, რომ ჯიპიაი ჰოლდინგს უცხოელმა კონსულტანტმა გადააღებინა ეს დახვეწილი იუმორით გამორჩეული რეკლამა. "წყარო, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს" იმასაც აღნიშნავდა, რომ გათვლა სწორედ ფემინისტებზე ჰქონიათ: აღშფოთდებიან, გაგვაკრიტიკებენ და ვიდეოც ვირუსული გახდება–ო.

დავუშვათ, მე მყავს ისეთი სამეგობრო სოციალურ ქსელში, რომელიც გემოვნებას არ ემდურის, მაგრამ ფაქტია – ამ რეკლამას კიდევ ბევრი დააკლდა "ვირუსულობამდე". 

3. ჯიპიაი ჰოლდინგი, ავტოდაზღვევა. მე ვიქნები პრინციპული ამ რეკლამის მიმართ და ვიდეოს არ დავდებ. შემოვიფარგლები მხოლოდ ფოტოთი: 

ჯიპიაის რეკლამა ავტომანქანის დაზღვევის შესახებ
გზაზე ვხედავთ ძროხას, ხოლო მანქანაში მისტერ რექსი (ჯიპიაი ჰოლდინგის  სარეკლამო კამპანიის "სახე", ძაღლისთავიანი ადამიანი) მძღოლს ეუბნება:

"ასე იციან აქაურმა ქალბატონებმა. მოგაჩერდებიან, და მორჩა".

მძღოლი: "ეგ საიდანღა იცით, მისტერ რექს?"

რექსი: "სანდრო, მაგათ კარგად ვიცნობ".

ხომ გესმით, "ქალბატონებმა" და არა ქალებმა. ქალი ხომ ცუდი სიტყვაა. პატივისცემა თუ გინდა გამოხატო, ქართველი ქალი ქალბატონად, ან მანდილოსნად უნდა მოიხსენიო. ჯიპიაის მანდილოსნების პატივისცემა შეეშლებოდა? ხომ არ დაგავიწყდათ 2012 წლის სარვამარტო აქცია? ჩემს წარმოსახვაში კორპორატიულ შეკრებებზე განსხვავებულით სვამენ ქალბატონების სადღეგრძელოს. მოკლედ რომ ვთქვათ, მერე რა, რომ ძროხას ვხედავთ კადრში, მთავარია, რესპექტაბელურობის ტრადიციული ნორმები დაცულია.

ჩემი დაკვირვებით ქართულ რეკლამებში მუდმივად დომინირებს მაჩო იმიჯი. ყველა დიდ კომპანიას, რომელსაც ინტენსიური სარეკლამო კამპანია აქვს, საიმიჯო სახედ მაჩო მამრი ჰყავს. მაგალითად – "თიბისის" მუშკეტერები, "საქართველოს ბანკს" სანტა, "ჯიპიაის" კი რექსი... მისტერ რექსი, რომელიც "მაგათ კარგად იცნობს". ქალბატონებს თუ ძროხებს, ვერ გეტყვით, მაგრამ რას დავეძებთ ვინ იგულისხმა კაცმა, რომელსაც ძაღლის თავი აბია?! არც კი მინდა ვიფიქრო, შარვალში ფალოსის ნაცვლად კუდი ხომ არ უდევს :(

ისე კი, ძროხა მართლაც რომ კეთილშობილი ცხოველია. და ბევრად უფრო გონიერი, ვიდრე ის ცხოველები, რომლებმაც ამ რეკლამის შექმნით ქალების დაცინვა კიდევ ერთხელ სცადეს. ვიდეო იმდენად პრიმიტიული იყო, რომ ვფიქრობ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია სექსიზმის. სხვა თემაა სარვამარტო აქციები, სადაც სექსიზმი იმდენად შერწყმულია დამკვიდრებულ შეხედულებებთან, რომ ბევრისთვის ამის დამტკიცება ჭირს. ქალები სიხარულით აიტაცენებ ხოლმე იმ "სიკეთეებს", რასაც სწორედ სექსიზმის ხარჯზე გადაუგდებენ მათ ხელგაშლილი კომპანიები.

4. ჯიპიაი ჰოლდინგი, 2012 წლის სარვამარტო აქცია. პირველ რიგში, ორიოდ სიტყვა 8 მარტის შესახებ. 8 მარტი არ არის კომუნისტური დღესასწაული. 8 მარტი ქალთა უფლებების და თანასწორობისთვის ბრძოლის დღეა, რომელიც მეტწილად ქალთა შრომით უფლებებს უკავშირდება. სამწუხაროდ, ამ დღის დისკრედიტაცია სწორედ საბჭოთა წარსულს უკავშირდება, თუმცა ყვავილების და სუნამოების ჩუქების ტრადიცია დღემდე არ გვაქვს მოშლილი. ქალებს უხარიათ ერთი დღე წელიწადში, როდესაც კომპანიები სხვადასხვა ფასდაკლებებს სთავაზობენ სწორედ იმის გამო, რომ ისინი "სუსტი" და "მშვენიერი" სქესის წარმომადგენლები არიან. როგორც წესი, ეს რეკლამები ყველა იმ სტერეოტიპს იყენებენ, რაც ქალებისთვის კომპლიმენტს ნადვილად არ უნდა წარმოადგენდეს.

ერთ–ერთი ასეთი სტერეოტიპია მითი ქალი მძღოლის შესახებ. მერე რა, რომ ყოველ დღე უამრავ ცუდ მამაკაც მძღოლს ვხედავთ, როგორც კი "ცუდის" ადგილზე ქალი აღმოჩნდება, თუნდაც თავად უარესი მძღოლი მამაკაცი აუცილებლად შესძახებს გულწრფელი აღშფოთებით: "ვიცოდი, ვიცოდი რომ ქალი იყო!" ასეა თუ ისეა, ქალებმაც დაიჯერეს, რომ მათი ცუდი მძღოლობა ბიოლოგიურადაა განპირობებული და მანქანაზე ხშირად ვხედავთ წითელ სამკუთხედში ჩასმულ ქუსლიან ფეხსაცმელს, რაც მიგვანიშნებს რომ "ფრთხილად, საჭესთან ქალია!"

ჯიპიაის მარკეტოლოგებს ეტყობა არ გამოპარვიათ, რომ ქალებში სექსიზმის ინტერნალიზაციას, ანუ დამამცირებელი სტერეოტიპის გაშინაგნებას აქვს ადგილი, და ასე შეიქმნა მარკეტინგული კამპანია სახელად "ფრთხილად, ავტომობილის სარკესთან ქალია!"


ესტეთიკას რომ თავი დავანებოთ, გადღაბნილი მაკიაჟის ფონზე არაადეკვატურად ბედნიერი გამომეტყველება ჭკუის ან სრულ ჭკუაზე ყოფნის მანიშნებელი ნამდვილად არ უნდა იყოს. ამ რეკლამის ქალები სულელებიც არიან, და თან ძალიან საშიშები. რეკლამა გვეუბნება, რომ ისევ და ისევ, მთავარი ქალისთვის ისაა, თუ როგორ გამოიყურება, და ეს აუცილებლად მაკიაჟს უკავშირდება! ხოლო იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდეს, ის ყველაფერს გარისკავს – საფრთხეს შეუქმნის თავის თავსაც და სხვა მგზავრებს. პრინციპში, ამ რეკლამის დასკვნა ის შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ ქალები საჭესთან არ უნდა დაუშვან, მაგრამ არა! ბიზნესი ბიზნესია, დაე იჯდეს ქალი საჭესთან და გაიკეთოს მაკიაჟი დაძრულ მანქანაში. ავარიაშიც მოხვდეს, რა პრობლემაა? ჩვენ ხომ გვყავს ჯიპიაი ჰოლდინგი <3 ის მოვა, და დააზღვევს "მანდილოსნის" მანქანას. ისევ მანდილოსანი. არა, ქართველი ქალებისადმი პატივისცემას ნამდვილად ვერ დაუწუნებ ამ კომპანიას. ესმით საკითხი, თანაც სიღრმისეულად!

ამ სარეკლამო კამპანიას ქართველი ფემინისტები ასე გამოეხმაურნენ:
ნინია კაკაბაძე, ჟურნალისტი
ფოტო: ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი

  
ფოტო: ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი
5. საქართველოს ბანკი, სანტა კლაუსის სერიები. მე ვფიქრობ, ამ სარეკლამო კამპანიის გასააზრებლად საინტერესოა წლების დინამიკას დავაკვირდეთ და თანმიმდევრულად გავიხსენოთ ვიდეორგოლების შინაარსი.

საქართველოს ბანკის ნარინჯისფერი სანტა ჩვენს გულებში ჯერ კიდევ 2009 წელს გამოჩნდა. "Don't look any further"-ზე ამღერებული სანტა და ცისფერ ფერებში გამოწყობილი მომხიბლველი გოგონა. სანტა იყო თავდაჯერებული, გოგონა კეკლუცი და ფარცქვალა. მოკლედ, დასაწყისი ტრადიციულად სტერეოტიპული იყო.

2010 წელს სანტამ "A lover's holiday" შემოგვთავაზა კვლავ მხიარული და მოცეკვავე კლიპით. და აქვე შემოიჭრა ერთი ყურადსაღები ელემენტი – კლიპის ბოლოს სანტა მეზობელ ოთახში "გააცუნცულებს" ჩვენს გოგონას. ცოტა ხანში "საქართველოს ბანკი" უკან მარტოკა შემოცეკვდება, ხელს სასმელს გააყოლებს და დაბრუნდება "იქ", სადაც ის ხდება, რაც ქართველი ქალისთვის "გათხოვებამდე" არ არის დაშვებული.

განსაკუთრებული გამოცნობა არ სჭირდება იმას, რომ ცისფერ სამოსში გამოწკეპილი გოგონა კონკურენტ თიბისი ბანკს განასახიერებს. არც იმას უნდა ბევრი მიხვედრა, რომ თავის რეკლამაში საქართველოს ბანკი ცდილობს უპირატესობა წარმოაჩინოს. და რა არის უპირატესობა ამ რეკლამის მიხედვით? ის, რომ ქალად წარმოჩენილი თიბისი ბანკი მეზობელ ოთახში გაიტყუა და იქ სავარაუდოდ ის "სხვა" მოედანზე დაამარცხა? ძალიან მარტივი სცენარია: თიბისი ბანკი "გაქალებულია" ანუ ფემინიზირებული, რაც ტრადიციული, პატრიარქალური გაგებით გულისხმობს, რომ გარკვეული უპირატესობა მას უკვე დააკარგინეს. ხოლო მეორე ოთახში რომ სცენა უნდა განვავითაროთ ჩვენი წარმოსახვით – ეს უკვე საქართველოს ბანკის უპირობო გამარჯვებას მოასწავებს. სამწუხაროდ, ისევ და ისევ სექსის ბრძოლის ველად წარმოჩენას აქვს ადგილი, ისევ და ისევ ფალოცენტრულია მარკეტოლოგების აზროვნება (ამ ტერმინის განმარტება იხილეთ პოსტის პირველ ნაწილში) – საქართველოს ბანკი ფალოსის მფლობელია, რის გამოც, სექსით თუ კავდება თიბისი ბანკთან, თიბისი აუცილებლად დამარცხებულად მოიაზრება.

2011 წელი. საქართველოს ბანკი უკვე "ზედმეტად სექსუალურია":


წლებთან ერთად ჩვენი სანტა გაპოპულარულდა, შესაბამისად, ქალების რიცხმაც მოიმატა მის ირგვლივ. სანტას ფონზე სხვა ბანკების კორპორატიულ ფერებს ვხედავთ: თიბისი, ლიბერთი, რესპუბლიკა. ძალიან ფილოსოფიურად რომ მივუდგე, შემიძლია დავინახო ერთი ნიუანსი: საქართველო მხოლოდ საქართველოს ბანკის სახელწოდებაში ფიგურირებს. შეიძლება ამ ყველაფრით სპეკულირება და "ხაზებს შუა" იმ მესიჯის დანახვაც, რომ საქართველოს იდენტობის მატარებელი ბანკი სხვა იდენტობის ბანკებს "იმასუშვრება" (ვერ ვიპოვე უფრო პოლიტკორექტული სიტყვა).

შეიძლება ამ ბოლო არგუმენტზე ვიკამათოთ, რადგან ცხადია, საქართველოს ბანკის მარკეტოლოგები ასეთ სიღმეებზე არ დაფიქრებულან. თუმცა ერთი რამ კი არის ცალსახა: კონკურენტი ბანკების ფემინიზაცია, მათთან სექსის იმიტირება და ამ მეთოდით მათზე გამარჯვების მოპოვება ნამდვილად ჩაფიქრებული სტრატეგიაა. ისიც ფაქტია, რომ კლიპის ბოლოს მანქანაში 3 ქალთან ერთად სექსით დაკავება ბანკის იმიჯს მხოლოდ იმიტომ ამაგრებს, რომ პოლიგამიურობა მამაკაცებისთვის სატრაბახო ნორმას წარმოადგენს. და ეს იმ ქვეყანაში, სადაც დღემდე ქალიშვილობის ოპერაციები კეთდება. თუკი ეს არგუმენტი მყარი არ გეჩვენებათ, ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ბანკის სახე ქალი რომ ყოფილიყო, რომელიც 3 მამაკაცს შეათრევდა მანქანაში. კარგი, არ შეათრევდა და "უბრალოდ" შევიდოდა მათთან ერთად. იქნებოდა ეს ბანკის იმიჯისთვის მომგებიანი? ვერ იქნებოდა. და ამით ამოწურულია ეს კონკრეტული კლიპი.

აქვე აუცილებელია გავიხსენოთ, რომ გარკვეული შეხედულებით, საქართველოს ბანკის მაცდურად აცეკვებული გოგო სექსუალურ განმანთავისუფლებლადაც ითვლებოდა. გამომდინარე იქედან, რომ ქართველი ქალი მუდმივად "მანდილოსნობის" ბორკილებში იყო (და არის) გამომწყვდეული, ამ მოსაზრების აღქმა ნამდვილად შემიძლია, თუმცა ამ პოსტერს მაინც გიჩვენებთ:

ფოტო: ინტერნეტიდან
მარცხენა ფოტოზე, ბიკინიანი ქალის ფიქრი: "ყველაფერი დაფარული აქვს თვალების გარდა. რა საშინელი, მამაკაცებით დომინირებული კულტურაა!"

მარჯვენა ფოტოზე, ჩადრიანი ქალი: "არაფერი აქვს დაფარული თვალების გარდა. რა საშინელი, მამაკაცებით დომინირებული კულტურაა!"

იმედია ჩემი მინიშნება გასაგები იყო, მაგრამ მაინც ავხსნი: ქალის ერთი დაქვემდებარებული როლიდან მეორე დაქვემდებარებულ როლში გადასვლა ძალიან შორს დგანს გათავისუფლებისგან. ქალის სხეულის გასაგნება (ტერმინი ახსნილია პოსტის პირველ ნაწილში), მისგან პიროვნების გამოცლა და მხოლოდ მამაკაცის სათამაშო ობიექტად წარმოჩენა ვერასოდეს გახდება ქალებისთვის გაძლიერების საფუძველი. ქალის სექსუალობაზე აუცილებლად უნდა აიხსნას ბორკილები, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს ბანკის სარეკლამო კამპანიების მიზანს ეს ნამდვილად არ წარმოადგენს. ხოლო თუკი ასეთი მიზანი არსებობდა, საშუალება ნამდვილად მცდარად იქნა შერჩეული.

მართლაც რომ საინტერესო და ფრიად უცნაური დინამიკა ჰქონდა ამ კამპანიის განვითარებას.  2012 წელს საქმე იქამდეც მივიდა, რომ სარეკლამო კამპანიაში იუმორამდე შემსუბუქებული ძალადობაც ვნახეთ:


ბევრისთვის ეს იყო მხოლოდ იუმორი, მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ კარგი იუმორი სექსიზმს არ საჭიროებს. თუმცა, ასეთ იუმორს მეტი ფანტაზია და მეტი უნარები რომ ჭირდება, ამას არა მარტო საქართველოს ბანკის მაგალითზე ვხედავთ. ასეა თუ ისეა, მინდა პოსტის ეს ნაწილი დადებითი ნოტით დავასრულო. ცნობილი ამერიკელი კომედიანტის და წამყვანის, ელენის ციტატა ყველაზე კარგად გამოხატავს ჩემს სათქმელს ამ შემთხვევაში:

"Most comedy is based on getting a laugh at somebody else's expense. And I find that that's just a form of bullying in a major way. So I want to be an example that you can be funny and be kind, and make people laugh without hurting somebody else's feelings".

 "სიცილი კომედიებში ძირითადად სხვა ადამიანის ხარჯზე მიიღწევა. ჩემთვის, ეს სხვა არაფერია თუ არა "ბულინგის"* ფორმა. სწორედ ამიტომ, მე მინდა ვიყო მაგალითი იმისა, რომ შესაძლებელია იყო სასაცილო და კეთილი, და ადამიანები გააცინო ისე, რომ  არავის გრძნობები არ შეურაცხყო".

პოსტი გამიგრძელდა, ამიტომ სოციალური პასუხისმგებლობის საკითხს კვლავ შემდეგისთვის გადავდებ. რაღა დაგიმალოთ და, განსახილველი რეკლამებიც არ ამომიწურავს. ასე რომ, სექსიზმის გაკვეთილები დამწყებთათვის ჯერ კიდევ არ დასრულებულა!





*ბულინგი არის განმეორებითი, აგრესიული ქცევა, რომელიც მეორე ადამიანს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ტრამვას აყენებს

Thursday, November 21, 2013

სექსიზმი "არიფებისთვის" ანუ ცოტაოდენი რამ მარკეტინგული ეთიკის შესახებ (ნაწილი I)

ეს პოსტი მინდოდა დამეწერა "Dummies" სერიების მსგავსად, რაც ნიშნავს, რომ მასალა იწერება ,,დამწყებთათვის". რუსულად ეს ტერმინი თარგმნეს, როგორც "чайник" – მაგალითად, მე მაქვს წიგნი ,,Гендер для чайников". ქართული შესატყვისის პოვნა გამიჭირდა, რადგან მინდოდა შინაარსიც შემენარჩუნებინა და იუმორიც. სიტყვა ,,არიფი" ჩემმა მეგობარმა გაიხსენა და მეც მომეწონა – გულისხმობს დამწყებს, და იუმორიც არ იკარგება. იმედია, ეს სიტყვა ისევე გულკეთილად იქნება  გაგებული, როგორც ჩვენ ვიგულისხმეთ :)

იმ იშვიათი შემთხვევების დროს, როდესაც ტელევიზორს ჩავრთავ და ერთი–ორ რეკლამას მოვკრავ თვალს, მიჩნდება ხოლმე შეკითხვა: ნუთუ ერთი წელი გენდერის მაგისტრატურაზე სწავლაა აუცილებელი, რომ ადამიანები აღშფოთდნენ იმით, რასაც ამ რეკლამებში ხედავენ? ნუთუ ასე თვალსაჩინო და აშკარა არაა ის, რასაც აკადემიის ენაზე ქალის გასაგნება (ქალის არა როგორც სუბიექტის/პიროვნების, არამედ როგორც საგნის წარმოჩენა) ქვია?

როდესაც შარშან ელიტ–ელექტრონიქსის რეკლამა გავაკრიტიკე, ერთმა მეგობარმა გულწრფელად გაიოცა – აი აქ ეხლა სექსიზმს სად ხედავო. შენ ალბათ კმაყოფილი მაშინ იქნები, როდესაც რეკლამაში ქალს ექნება ფალოსი და კაცზე მოახდენს დომინირებას–ო. ალბათ გასაგებია, რომ მეგობრის კომენტარი ძალიან ვეცადე და აკადემიურად გადმოვთარგმნე. ეს ყველაფერი გაცილებით უფრო "უხერხულად" იყო ნათქვამი. და სწორედ ამ ნათქვამში ჩანს პატრიარქალური კულტურისთვის აგრერიგად დამახასიათებელი – ფალოცენტრული აზროვნება. პოპულარულ ენაზე რომ ვთქვათ, აზროვნება, სადაც დომინირებულისა და დაქვემდებარებულის როლს ფალოსის ქონდა–არქონა განსაზღვრავს. აზროვნებას, სადაც სექსიზმი სხეულებრივ ფაქტად მიიჩნევა. შესაბამისად, ვინც ფალოსს ფლობს, ის დომინირებს და ისაა სუბიექტი. ამ აზროვნების შედეგია ისიც, რომ სექსში ქალი მუდმივად წაგებულ როლში მოაზრება.

აქვე ვფიქრობ აუცილებელია განვმარტოთ სექსიზმი. ეს ფრაზა ამ ბოლოს ხშირად მეორდება, თუმცა მაინც მგონია, რომ მნიშვნელობა ცოტამ თუ იცის. სექსიზმი ქვია დისკრიმინაციას სქესობრივი ნიშნით, რაც გულისხმობს მმართველი (იგივე დომინანტი) სქესის მიერ დაქვემდებარებული სქესის ჩაგვრას. გამომდინარე იქედან, რომ პატრიარქალურ კულტურებში გვიწევს ცხოვრება, სექსიზმი ქალების მიმართ გამოვლენილი დისკრიმინაციაა. სექსიზმი შეიძლება გამოვლინდეს ქალებისადმი არასერიოზულ/დამცინავ დამოკიდებულებაში, მამაკაცთა უპირობო აღმატებულობის აღიარებაში, ქალებზე სტერეოტიპულ მსჯელობებში და ასე შემდეგ.  სარეკლამო კამპანიებში ერთი სქესის მხრიდან მეორეს დაჩაგვრა ან დაკნინებულად წარმოჩენა ზოგჯერ ძალიან თვალშისაცემია, უფრო ხშირ შემთხვევაში კი ოსტატურად არის შეფუთული. ჩემი შეფასებით, ჩვენი მარკეტოლოგები ჯერ ვერ გადავიდნენ "შეფუთვის" ეტაპზე, ქართულ რეკლამებში სექსიზმი "შეუიარაღებელი" თვალისთვისაც მტკივნეულად თვალშისაცემია.

როდესაც ქართულ რეკლამებს ვაკრიტიკებთ, აუცილებლია აღინიშნოს, რომ ე.წ.  "დასავლეთში" (საიდანაც მარკეტინგის ანა–ბანა დავისწავლეთ) უკვე 80–იანი წლებიდან ალაპარაკდნენ მარკეტინგულ ეთიკაზე.  სწორედ ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. რეკლამების ის სტილი, რასაც მონდომებით ბაძავენ ჩვენი "კრეაწივშიკები" ცხადია იმ "საოცნებო დასავლეთში" დაიბადა. მაგრამ იმედისმომცემი სწორედ რომ კრიტიკის არსებობაა. კრიტიკისა, რომელსაც ჩვენში პირად შეურაცხყოფად იღებენ. იქ, სადაც მარკეტინგულ ეთიკაზე დისკუსიებს უკვე მრავალწლიანი ისტორია აქვს, საზოგადოების განათლებული ნაწილისთვის მაინც რეკლამები ადვილად "გასაშიფრია", ჩვენთან კი უკრიტიკოდ ხდება ამ "კრეატიული" მასალის პირდაპირ ეთერში გაშვება. სექსიზმს რომ თავი გავანებოთ, მართლა როგორ შეიძლება საბავშვო პროგრამების დროს ეთერში მოხვდეს ისეთი რეკლამა, როგორიც "ელიტ ელექტრონიქსის" შედევრია? ამას ხომ მართლა არ ჭირდება გენდერული სენსიტიურობა.

ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, ჯეინ კილბორნს მოვიშველიებ. დიდი ხნის წინ და გაცილებით უფრო ლაკონურად აქვს ეს ყველაფერი ლექციად გადაქცეული. მათთვის, ვინც ინგლისური არ იცის, ამ მონაკვეთის თარგმანსაც ვდებ ქვემოთ.



,,ხანდახან ადამიანები მეკითხებიან: ამაზე უკვე 40 წელია ლაპარაკობ და რაიმე შეიცვალა უკეთესობისკენ? სამწუხაროა, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ სინამდვილეში, რაღაცეები გაუარესდა კიდეც. რეკლამები უფრო მეტ რამეს ყიდიან, ვიდრე მხოლოდ პროდუქტია: ყიდიან ღირებულებებს, გარეგნობას, სიყვარულის, სექსუალობის და წარმატების ცნებებს, და ალბათ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ნორმალურობის ცნებას – მეტწილად რეკლამები გვეუბნებიან ვინ ვართ და ვინ უდნა ვიყოთ.

და რას გვეუბნება რეკლამა ქალების შესახებ? როგორც ყოველთვის, რეკლამა გვეუბნება, რომ ჩვენში ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ როგორ გამოვიყურებით. პირველი, რასაც მარგეტოლოგი აკეთებს, არის ის, რომ თავს გვახვევს სრულყოფილად ლამაზი ქალების გამოსახულებებს. ქალები ძალიან პატარა ასაკიდან სწავლობენ, რომ უნდა დავხარჯოთ უზარმაზარი დრო, ენერგია და ფული, რომ მივაღწიოთ ასეთ გარეგნობას, ხოლო თუკი ვერ მოვახერხებთ, დარცხვენილად და დანმაშავედ ვიგრძნოთ თავი. და იმედგაცრუება გარდაუვალია, რადგან იდეალი გულისხმობს აბსოლუტურ უნაკლობას. რეკლამაში წარმოდგენილ ქალს არ აქვს არავითარი ხაზები, ნაოჭები, რასაკვირველია არ აქვს სიწითლეები, და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს – კანის ფორებიც კი არ აქვს! 

და ამ უნაკლობის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ისაა, რომ ვერავინ ვერასდროს მიაღწევს მას, ასე არავინ გამოიყურება – რეკლამაზე გამოსახული ქალის ჩათვლით. დიახ, ეს სიმართლეა – არავინ გამოიყურება ასე. სუპერმოდელმა სინდი კროუფორდმა თქვა ერთხელ: ვისურვებდი მეც სინდი კროუფორდივით გამოვიყურებოდე".

თუკი კილბორნის მსჯელობას ჩვენს კონტექსტში ჩავსვამთ, საინტერესოა დაისვას შეკითხვა:


რას ამბობს ქალების შესახებ ქართული რეკლამები?


1. ელიტ–ელექტრონიქსი რადგან შესავალ ნაწილში ელიტ–ელექტრონიქსის რეკლამა ვახსენე, სწორედ ამ რეკლამის ანალიზით დავიწყებ. თუმცა, მასალა საკმაოდ "მდიდარია" და ვფიქრობ, გამიჭირდება ერთ პოსტში ჩავეტიო. რადგან მცირე თეორიული მონახაზი უკვე გავაკეთე, რამდენიმე რეკლამის ანალიზს აქვე შემოგთავაზებთ, სხვა მაგალითებს კი პოსტის მეორე ნაწილისთვის შემოვინახავ.

ვიდეოს სანახავად გადადით ლინკზე: ელიტ-ელექტრონიქსის საახალწლო კრეატივი



ამ რეკლამას ბევრმა უწოდა მდარე, მაგრამ ცოტამ თუ დაინახა სად იყო სექსიზმი. სწორედ ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ ისეთი პოსტი დამეწერა სექსისტურ რეკლამებზე, რომელსაც მხოლოდ სოციალური მეცნიერებების მაგისტრები არ გაიგებენ.

რეკლამა იწყება სცენით, სადაც ვხედავთ ქალის სახეს, რომელიც (არც მთლად ნიჭიერად)  სექსს  ასახიერებს. რა ვიცი, ეგებ ვცდები მაგრამ სექსი უფრო კარგი რამე მგონია. ეს სახე, პირველ რიგში, სექსს როგორც ქალისთვის შემაწუხებელ რამეს წარმოაჩენს. ქალი არ იღებს სიამოვნებას ამ აქტისგან, და რაც მთავარია, ის არაა სექსის თანასწორი მონაწილე –  მას–ზე აქვთ სექსი და არა მას–თან. გამომდინარე იქედან, რომ ის "ქვემოთაა" და მმართველი ძალა კი "ზემოთ", მამაკაცს ეს სცენა კარნახობს, რომ აქ ოღრაშულად უნდა ახორხოცდეს  <3 შემდეგ კადრი მიიწევს უკან და "აღმოვაჩენთ", რომ ამ სიამოვნებას თუ უხერხულობას ქალს მამაკაცის მიერ შეძენილი დოვლათი ანიჭებს.

როგორც უკვე აღვნიშნე, ყველაზე შემაწუხებელი ამ რეკლამაში ისაა, რომ ქალი სექსშიც კი დამცირებულად არის წარმოჩენილი. ის სექსის ობიექტია და არა სუბიექტი. რეკლამა ყოველგვარი შეფუთვის გარეშე მხოლოდ მამაკაცს ხედავს სამიზნედ – მას მამაკაცი მიაჩნია ამ საჩუქრების მსყიდველობითუნარიან სუბიექტად, და არა ქალი. ქალი მისთვის სამიზნე არ არის, ამ სამიზნის ყურადღების მისაქცევად გამოყენებული სატყუარაა – თუკი მამაკაცის თავმოყვარეობას მოელამუნება, ის მამაკაცი მოვა და ფულსაც დახარჯავს. ქალი კი უმოქმედოდ იჯდება მანქანაში, ყიდვის ფულს ვინ ჩივის, საჩუქრების დალაგებაში დახმარების უნარიც კი არ გააჩნია. ამ ქალის სახის მიხედვით მას უფრო ტკივა, ვიდრე სიამოვნებს "სექსი". მაგრამ მაინც უმოქმედოდ ზის, წუხს მაგრამ ბედს ეგუება. ასეთია ქალის ტრადიციული როლი – პასიური, მორჩილი, რომელიც მაშინაც კი არ იღებს ხმას, როდესაც რაღაც არ მოწონს. სწორედ ამიტომ, მე ვთვლი რომ ამ რეკლამიდან ძალადობის ნორმალიზაციაც მოდის.

2. საქართველოს ბანკი რამდენადაც მახსოვს, ატეხილი განგაშის გამო ეს სარეკლამო კამპანია ჩავარდა, თუმცა ფაქტია, რომ მსგავსი იდეა არათუ დაიბადა, არამედ განხორციელებამდეც მიაღწია. საქართველოს ბანკის ავტოსესხის რეკლამა გამორჩეულია გენდერულად დაყოფილი მესიჯებით, რაც ნიშნავს, რომ სხვა მესიჯები მოდის ქალის მონაწილეობით გადაღებული რეკლამიდან, და სხვა – მამაკაცის მონაწილეობით გადაღებული რეკლამისგან. ეს დაპირისპირება საკმაოდ საინტერესო სურათს გვაძლევს.



ტექსტი: "შენთან გატარებული 3 წელი არაჩვეულებრივი იყო, მაგრამ ამ წლების შემდეგ შენ ისეთი აღარ ხარ". "მე იმისთვის პირველი ვიქნები, ეს სულ სხვა შეგრძნებაა. ჩემამდე ის არავისი ყოფილა" "ნახმარ ავტომობილთან გამომშვიდობება ეხლა უკვე ბევრად უფრო ადვილია".

ძნელია კომენტარი გააკეთო. გულდასაწყვეტია. მესიჯებს ანალიზიც არ ჭირდება, მჯერა, მაგრამ მაინც გადავღეჭავ. რეკლამა გვეუბნება, რომ მამაკაცი "ბუნებით" ისეთია, რამდენიმე წელიწადში ,,ნახმარი" ნივთი (თუ ქალი) ბეზრდება. აფასებს, პატივს ცემს – მაგრამ ბოდიში და, ნახმარია და უნდა გადააგდოს. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ახალი ნივთი "უხმარია", ეს თურმე "სულ სხვა შეგრძნებაა" <3






პირველ რიგში, რადიკალური სხვაობაა საუბრის მანერასა და ემოციაში. ქალი ისტერიკულია, მას მშვიდად ლაპარაკი უბრალოდ "ბუნებით" არ მოსდგამს. ის ხომ ქალია, ეს კი ნიშნავს რომ არ შეუძლია გაწონასწორებულად, დალაგებულად ახსნას თავისი არგუმენტი.

ტექსტი: "შენს ხასიათზე ვარ დამოკიდებული", "შენთან უსაფრთხოდ არ ვარ".
აქედან მესიჯები: ქალი სხვაზე დამოკიდებული არსებაა, და არა დამოუკიდებელი სუბიექტი. ის სუსტი არსებაა, რომელსაც თავდაცვა არ ძალუძს, ამიტომ მას სჭირდება ძლიერი საყრდენი, ვისთანაც თავს უსაფრთხოდ იგრძნობს.

ტექსტი: "თავს ქალად ვგრძნობ, დაცული ვარ".
მესიჯები:  დამოუკიდებელი ქალი თავს ქალად ვერ გრძნობს. ქალობა დამოკიდებულებაა, რაც დაცულობაში გამოიხატება. სწორედ ამიტომ გაცვალა "ძველი" "ახალში", და არა "უხმარობის" გამო. "უხმარობა" ქალისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს.

როგორც ამ ორი რეკლამის დაპირისპირებით კარგად ჩანს, ბანკის "კრეაწივშიკების" გუნდი ძალიან მგრძნობიარეა საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების მიმართ – ქალი უხმარი უნდა იყოს და სუსტი, ხოლო მამაკაცი კი მომხმარებელი და ძლიერი. ქალის მჩაგვრელი ტრადიციები სარეკლამო კამპანიაში გამოყენებულია, როგორც ნორმა, ამ ნორმაზე კი მესიჯებია აგებული.  იმედია ვთანხმდებით, რომ არსებული ტრადიციების მიხედვით ქალის სექსუალური თავისუფლების შეზღუდვა, ხოლო მამაკაცის მექალთანეობის მუდმივი წაქეზება ჩაგვრის ერთ–ერთი ფორმაა. და როდესაც ამის გაძლიერებას სარეკლამო კამპანიის საშუალებით ხელს უწყობს ქვეყნის წამყვანი კომპანია, უბრალოდ დასანანია.

ცხადია, ამით ქართული სარეკლამო ბაზრის საბადოები არ ამოწურულა. შემდეგ პოსტში თემას გავაგრძელებ სოციალურ პასუხისმგებლობაზე საუბრით მარკეტინგული ეთიკის ჭრილში, პარალელურად კი სხვა რეკლამებსაც განვიხილავ. 





Friday, October 25, 2013

განსხვავებულის დევნა, სიძულვილი და შიში – ანუ ეროტიკული ,,სხვა“ სექსუალობის ისტორიაში

სტატია, რომელიც სექსუალობის პოლიტიკის მცირე ისტორიული მიმოხილვაა, ,,იდენტობის" მიერ ორგანიზებული საჯარო ლექციების სერიისთვის მოვამზადე. სტატია ძირითადად თარგმნილი მასალის წარმოდგენაა და ნაკლებადაა ჩართული ანალიზი, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ამ ტიპის მასალა საკმაოდ დეფიციტურია ქართულ ენაზე – ვფიქრობ მაინც საინტერესო უნდა იყოს   მკითხველისათვის. მსჯელობა და ანალიზი შეგვიძლია კომენატრების საშუალებით განვავრცოთ.

ნაცისტური სექსუალობის პოლიტიკა
პოლიტიკა – როგორც საჯარო, საზოგადოებრივი მოღვაწეობის სფერო,  და სექსუალობა – როგორც ყველაზე პირადისა და ინტიმურის განსაზღვრება – ერთ კონტექსტში არც ისე შორეულ წარსულში მოხვდა. ტერმინი ,,სექსუალობის (სქესობრივი) პოლიტიკა“ (sexual politics) 70-იან წლებში გაჩნდა, ანუ მაშინ, როდესაც მკვიდრად გამიჯნული საჯარო და პირადი სფეროების რღვევა დაიწყო. ძალაუფლების სქესებს შორის გადანაწილების სტრუქტურებიდან გამომდინარე, პოლიტიკა მხოლოდ ფორმალურ სფეროში არ რჩება და გავლენას პირადი ურთიერთობების პრინციპებზეც ახდენს. ანუ, პირად ურთიერთობებში ძალაუფლება ფართომასშტაბიანი პოლიტიკის შედეგად ნაწილდება, ეს უკანასკნელი კი საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა, ძლიერდებოდა და იჭრებოდა ჩვენს ცნობიერებაში. სწორედ ამიტომ, დამკვიდრებული და მიღებული პრინციპები ბუნებრიობის ელფერით საიმედოდ არის შეფუთული. 

ისტორიულად სქესობრივი ან/და სექსუალობის პოლიტიკა  რეპრესიული ხასიათისაა და იგი სექსუალობის ერთი ფორმის წაქეზებით მეორე ფორმას ზღუდავს, დევნის და ახშობს. ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე ნორმის დადგენას სხვადასხვა კრიტერიუმი განსაზღვრავდა, სხვადასხვა მიზეზი და მიზანი ადგენდა სექსუალობის პოლიტიკის ფორმას და მისი გატარების მეთოდებს. ის მორალი და ნორმები, რასაც დღეს ჩვენ ვიღებთ როგორც ჭეშმარიტს, ეჭვგარეშეს და საზოგადოების საყრდენს, კონკრეტული და პოლიტიკური მიზნების მიხედვით ჩამოყალიბდა. წინამდებარე სტატია მიყვება ისტორიის ხაზს იმისათვის, რომ ყურადღების ცენტრში მიზეზები მოექცეს: თუ როგორ და რატომ მივიღეთ ის ნორმები, რაც დღეს გვაქვს; და შევაფასოთ, რამდენად მისაღებია ეს ნორმები კრიტიკის და კითხვების დასმის გარეშე.  სხვადასხვა ავტორის ნამუშევრების შეჯერების გზით მე მოვახდენ დემონსტრირებას, თუ როგორ იქმნება და იდევნება ეროტიკული ,,სხვა“, როგორც ჯანსაღი საზოგადოებითვის საშიში ელემენტი და როგორ განსხვავდება ამ დევნის არგუმენტები სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში. ჩემ მიერ წარმოდგენილი მასალა ასევე გამოკვეთს, თუ რაოდენ პირობითია ,,ჯანსაღის“ და ,,ნორმალურის“ ცნება. 

სექსუალობის რაობა


რა არის სექსუალობა? რა განსაზღვრავს მას დღეს და რა განსაზღვრავდა მას ისტორიულად? შეიძლება თუ არა ვილაპარაკოთ სექსუალობის ისტორიაზე? დევიდ ჰალპერინის მიხედვით, სექსის ისტორიაზე საუბარი შეუძლებელია, რადგან იგი  სხეულის ფუნქციონირებასთან მიბმულ ბუნებრივ ფაქტს წარმოადგენს, რასაც ვერ ვიტყვით სექსუალობაზე: „...სექსუალობა კულტურული პროდუქტია: ნორმებს სხეულის და მისი ფსიქოლოგიური შესაძლებლობების შესახებ იდეოლოგიური დისკურსები ქმნიან. სექსუალობა არ წარმოადგენს სხეულებრივ ფაქტს, ის კულტურული ეფექტია“ (1993, გვ. 416). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სექსუალობის არსი გაიგება ისე, როგორც კონკრეტული ეპოქა შექმნის მას რიგი ფაქტორებისა თუ პოლიტიკის მიხედვით. მარტივი მაგალითია იმ კრიტერიუმებზე დაკვირვება, რაც სექსუალურობას განსაზღვრავს. თუკი დღეს პოპულარული კულტურა გამხდარი ქალის ფორმებს გვაწვდის როგორც იდეალურს და სასურველს, რამდენიმე საუკუნის წინ გაცილებით მრგვალი ფორმები ითვლებოდა მიმზიდველად. ამ პარალელით მინდა ხაზი გავუსვა,  თუ რაოდენ დიდ გავლენას ახდენს ჩვენს აღქმაზე კონკრეტული დისკურსები, იდეოლოგიები და ამას დამატებული თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილები  - პოპულარული კულტურა, მოდა და ასე შემდეგ. ფაქტიურად არ არსებობს ცნება, რაზეც  ხელაღებით შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ მის მიმართ დამოკიდებულება, მისი აღქმა ჩამოგვიყალიბდა დამოუკიდებლად, ჩვენი შინაგანი განწყობით, გარე ფაქტორების ზემოქმედების გარეშე. ის, რასაც დღეს ჩვენ ვიღებთ როგორც ბუნებრივს, ცხადს და ჭეშმარიტს, გარკვეული ისტორიის შედეგად ჩამოყალიბდა იმ სახით, რითიც არსებობს; ის, რაც თუნდაც მრავალი საუკუნე ითვლებოდა ნორმად, არ ამტკიცებს ამ ნორმის ჭეშმარიტებას. ამ განცხადების ცნობილი ფემინისტური არგუმენტია მონების მაგალითი: მონები ჰყავდათ და მათით ვაჭრობდნენ საუკუნეების განმავლობაში, მაგრამ დღეს ეს ითვლება კრიმინალად და ნორმის აბსოლუტურ დარღვევად. 

საინტერესოა სექსუალობის ცნების ანტიკური და თანამედროვე განმატების დაპირისპირება. თანამედროვე განსაზღვრება სექსუალობას წარმოგვიდგენს როგორც  ,,გამოყოფილ, სექსუალურ სფეროს ადამიანის ფსიქოლოგიური ბუნების უფრო ფართო სივრცეში. მეორე რიგში, სექსუალობა ზეგავლენას ახდენს, რომ ეს სფერო გაიჯნოს და იზოლირდეს პიროვნული და სოციალური ცხოვრების ყველა სხვა სფეროსაგან (...). და ბოლოს, სექსუალობა ქმნის იდენტობას: ის გვაჯილდოებს ინდივიდუალური სექსუალური ბუნებით, სადაც პიროვნული არსი განსაზღვრულია (სულ მცირე ნაწილობრივ) სპეციფიური სექსუალური თვისებებით; რაც გულისხმობს, რომ ადამიანები სწორედ სექსუალურ დონეზე ყალიბდებიან ცალკეულ ინდივიდებად, გამოირჩევიან ერთმანეთისაგან თავიანთი სექსუალობით და მიეკუთვნებიან სხვადასხვა ტიპებს სწორედ სექსუალობიდან გამომდინარე“ (ჰალპერინი, 1993, გვ. 417). ანუ, დღეს სექსუალობა გაიგება როგორც პიროვნების ფსიქოლოგიის ცალკეული, შემადგენელი ნაწილი, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს კიდეც ამ პიროვნებას. 

საკმაოდ კონტრასტულად გამოიყურება კლასიკური ათენის მაგალითი. ათენის მაგალითს ვიღებ იმ მიზეზით, რომ ბერძნული კულტურა ცივილიზაციის, ხელოვნების, მეცნიერების აკვნად მიიჩნევა. ათენში სქესობრივი აქტი გაიგებოდა არა როგორც მონაწილეების შინაგანი მიდრეკილებების ამსახველი ორმხრივი ქმედება, არამედ როგორც სოციალური სტატუსით მინიჭებული უფლების განხორციელება უფრო მაღალი სტატუსის მქონე პირის მიერ უფრო დაბალი სტატუსის მქონეზე  (ჰალპერინი, 1993, გვ. 418). მაღალი სტატუსის მქონე, რასაკვირველია, იყო მოქალაქე მამაკაცი, ანუ „პენეტრეიტორი,“ ანუ მოქმედების ინიციატორი და შემსრულებელი; ხოლო მიმღები შეიძლებოდა ყოფილიყო დიდგვაროვანი ქალი, პროსტიტუციით დაკავებული ქალი ან ახალგაზრდა მამაკაცი, ან მომავალი მოქალაქე - ბიჭი მოწიფულ ასაკამდე. სექსუალური ობიექტის არჩევანი არ განსაზღვრავდა მოქალაქის შინაგან მიდრეკილებებს, ეს უბრალოდ გემოვნების საკითხად ითვლებოდა. მაგრამ სქესობრივი აქტი სოციალურ კიბეზე უპირატეს ადგილს უჩენდა მოქალაქეს და დაქვემდებარებულს -ყველა დანარჩენს (ჰალპერინი, 1993). 

ათენის მაგალითი სწორედ იმას გვიჩვენებს, თუ რამდენად ურთიერთგადაჯაჭვულია „სოციალური პრაქტიკა და სუბიექტური გამოცდილება“ (ჰალპერინი, 1993, გვ. 419). იმისდა მიუხედავად, რომ დღეს სწორედ სექსის ობიექტის არჩევას ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა ადამიანების კატეგორიებად დაყოფის თვალსაზრისით, სოციალურის და სუბიექტურის ურთიერთქმედება კვლავაც გადამწყვეტ როლს თამაშობს. სოციალური ფაქტორები ადგენენ ნორმას, რომელიც ორიენტირებულია სუბიექტური გამოცდილებების კონტროლზე, რათა უზრუნველყოს ნორმის არსებობა და შენარჩუნება. ნორმის დაწესება კი, თავის მხრივ, ნორმიდან უმცირეს გადახვევასაც კი უპირობოდ ათავსებს არა–ნორმალურის კატეგორიაში. 

ნორმა, მორალი, ნაციონალიზმი


რა არის ნორმა და ვინ დაადგინა ის? რა არის ნორმალური, მისაღები და სათანადო სექსუალური ქცევა დღეს? რას წარმოადგენს მორალის არსი, რომელიც საზღვრებს უწესებს ჩვენს ყოველდღიურ სექსუალურ პრაქტიკას? ჯორჯ მოსი (1985) ამტკიცებს, რომ ნაციონალიზმი არის ყველაზე მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორი თანამედროვე ნორმატიული სექსუალობის ჩამოყალიბებაში. მოსი ,,რესპექტაბელურობის“ ცნებას ნაციონალიზმის ცენტრალურ საყრდენს უწოდებს, სადაც რესპექტაბელურობა აღნიშნავს ,,წესიერ და სწორ“ მანერებს და მორალს, რაც მოიცავს სექსუალობისადმი სათანადო დამოკიდებულებასაც“ (მოსი, 1985, გვ.1). ნაციონალისტურ დისკურსში სექსუალობა ინტენსიურად განიხილება მორალურ ჭრილში, რადგან სექსუალობა ,,ფუნდამენტალური მახასიათებელია ადამიანის ქცევის“, ხოლო ქცევა, თავის მხრივ, შინაგანი მორალურობის და წესიერების გამომხატველი უნდა იყოს (მოსი, 1985, გვ.2).  

მაშინ, როდესაც ნორმალურს და მორალურს განვიხილავთ, არ უდნა დაგვავიწყდეს, რომ ეს კონკრეტული ნორმები და მორალები საზოგადოებაში მუდამ არ არსებობდა. ისტორიის სხვადასხხვა ეტაპზე ნორმის გაგება იცვლებოდა იმ ეპოქისათვის დამახასიათებელი პოლიტიკის მიხედვით. ჯორჯ მოსი ამტკიცებს, რომ დღევანდელი ნორმები იმ პერიოდიდან იღებს სათავეს, როდესაც ნაციონალიზმის, როგორც იდეოლოგიის ჩამოყალიბება დაიწყო. ეს კი, მეცხრამეტე საუკუნის მიწურულში მოხდა (მოსი, 1985, გვ.1). ნაციონალიზმი სწორედ ის იდეოლოგიაა, რომელმაც მკვეთრი ხაზი გაავლო ნორმალურსა და არა-ნორმალურს შორის, და ასევე განსაზღვრა თუ როგორ უნდა გაკონტრელებულიყო და შენარჩუნებულიყო დადგენილი ნორმები. (მოსი, 1985, გვ.10). ნაციონალიზმმა შექმნა მითი, თუ ,,რანი ვიყავით“, რასთანაც მტკიცედაა მიბმული კონკრეტული ერის ნაციონალური იდენტობა, ხოლო ნებისმიერი გადახვევა ამ იდეალიდან ერის ღალატად ითვლება. თუნდაც ის, რომ ნაციონალიზმი ოჯახის სიმბოლიკას იყენებს, უკვე კონკრეტულად აწესებს იმის რწმენას, რომ ნორმატიული სექსუალობა მოიაზრებს მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას და მხოლოდ ოჯახურ სივრცეში. 

აუცილებელია აქვე აღინიშნოს, რომ ოჯახური საზღვრებით, ძირითადად, ქალის სექსუალობაა შემოფარგლული. მამაკაცის შემთხვევაში კი პირიქით: ტრადიციული სექსუალობის ფარგლებში მრავალრიცხოვანი თავგადასავლები სტერეოტიპულად აუცილებელიც კია რესპექტაბელური მამაკაცის იმიჯისათვის (ნაგელი, 1998). ამ კონკრეტული განცხადების ღრმად განხილვის სივრცეს მოცემულ სტატია არ მაძლევს, მაგრამ მაგალითისათვის საკმარისია ქართულ რეალობაში რელიგიის სახელით ქალის სექსუალობის მუდმივი შეზღუდვა და ამის პარალელურად ქართველი მამაკაცის მაჩო იმიჯის განმეორებითი გაძლიერება და პოპულარიზაცია გავიხსენოთ. თუკი რელიგია ქალს მოუწოდებს, თავი შეიკავოს სქესობრივი ურთიერთობისაგან ჯვრისწერამდე, იგი ზუსტად იმავეს ავალდებულებს მამაკაცსაც. მაგრამ აქ რელიგია და კულტურული სტერეოტიპები მოდის წინააღმდეგობაში: პატრიარქალურ საზოგადოებაში სექსუალურად გამოუცდელი მამაკაცი დაცინვის ობიექტს წარმოადგენს, თუმცაღა სექსუალურ გამოცდილებაში მხოლოდ ტრადიციული, ჰეტერონორმატიული გამოცდილება მოიაზრება. არატრადიციული ანუ არა-ნორმალური სექსუალური აქტივობა  კვლავ რელიგიის სახელით იგმობა და იდევნება. 

ანდრე ტისოტი
სანამ დავუბრუნდებით ნაციონალიზმში სექსუალობის პოლიტიკას, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ თანამედროვე ნაციონალიზმის აღმოცენებას წინ უსწრებდა მეთვრამეტე საუკუნეში სექსუალობის მედიკალიზაცია. შვეიცარელი ექიმის, სიმონ ანდრე ტისოტის 1760 წელს გამოცემული წიგნი ,,ონანიზმი“, რომელიც ვოლტერმა და რუსომ აიტაცეს, მასტურბაციას საზოგადოებისათვის განსაკუთრებულ საფრთხედ აღიქვამდა. საინტერესო ფაქტია, რომ 1775 წელს პარიზში ცვილის მუზეუმი გაიხსნა, სადაც წარმოდგენილი იყო ნამუშევრები, რომლებიც  მასტურბაციაზე შექმნილ სტერეოტიპებს ამყარებდნენ:  დასუსტებული, ფერმკრთალი, ვენერიული დაავადებებით დაუძლურებული ფიგურები საზოგადოებას სექსუალური სურვილების გაკონტროლებისკენ მოუწოდებდა (მოსი, 1985, გვ. 11-13). ამ სტერეოტიპის განვრცობის შედეგად იოჰან ვალენტინ მიულერი 1796 წელს აცხადებდა, რომ მასტურბაცია სექსუალური ზღვარგადასულობის დასაბამი იყო, და ჰომოსექსულობამდე მიჰყავდა ადამიანი - ეს იდეა კი კარგად იქნა გამოყენებული მეცხრამეტე საუკუნეში ნაციონალისტების მიერ (მოსი, 1985, გვ. 29).

მოყვანილი მაგალითები ძალიან ნათლად აჩვენებს, როგორ იქმნებოდა მითი სექსუალობის ერთ–ერთ ასპექტზე – მასტურბაციაზე, რაც თანამედროვე მედიცინის გადასახედიდან, აბსოლუტურად აბსურდული შეხედულებაა. ამ მითის მუტაციის შედეგად კი ჰომოსექსუალსა და მასტურბატორს შორის მოხდა მტკიცე ხაზის გავლება, რაც ყოველ ჰომოსექსუალს მასტურბატორად განიხილავდა, და კონკრეტული გარეგნული ნიშნებით ახასიათებდა: ის, რაც დამახასიათებელი იყო მასტურბატორისათვის, ბუნებრივია, დამახასიათებელი იქნებოდა ჰომოსექსუალისათვის. ამგვარად, მოხდა ჰომოსექსუალის სტერეოტიპული სახის შექმნა და მისი, როგორც სექსუალურად ზღვარგადასული, გადაჭარბებულად აქტიური და საზოგადოების მორალისათვის საშიში სუბიექტის სტიგმატიზირება.  

განსხვავებული სექსუალობების დევნა ფაშისტურ გერმანიაში


ბენედიქტ ფრიდლენდერი
მოსის მოჰყავს ძალიან საინტერესო მაგალითები იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობდნენ ჰომოსექსუალები ამ სტერეოტიპებთან ბრძოლას. ფერმკრთალ და ღონემიხდილ იმიჯს ღონიერი, ნავარჯიშევი სხეულით უპირისპირდებოდნენ, ზღვარგადასული სექსუალურ ქცევას - მოკრძალებული სექსუალური აქტივობით. ამასთან, იხსენებდნენ მაგალითებს ანტიკური ხანიდან იმის დასამტკიცებლად, რომ ისინი საუკეთესო ჯარისკაცები იყვნენ. ანუ, მარგინალიზებული ჯგუფი ცდილობდა რესპექტაბელურის კატეგორიაში მოხვედრას საზოგადოების მიერ დადგენილი ჩარჩოების მორგებით. მეტიც, მეოცე საუკუნის გერმანელი ჰომოსექსუალი ავტორი ბენედიქტ ფრიდლენდერი 1911 წელს გამოცემულ წიგნში გერმანიაში უკვე აგორებულ რასიზმსაც კი იშველიებდა ჰომოსექსუალობის დასაცავად. ის აცხადებდა, რომ ჰომოსექსუალებს სწორედ ებრალები ესხმოდნენ თავს რათა არიული, ვაჟკაცური ბუნება ჩაეხშოთ (მოსი, 1985, გვ.40-41). მიუხედავად ამ და სხვა მცდელობებისა, ნაცისტური რეჟიმი საპირისპირო ხედვამდე მივიდა: ,,ჰომოსექსუალობა მამაკაცურობას ნგრევის საფრთხის წინაშე აყენებდა, რის გამოც ნაციზმმა ამ საფრთხისათვის წერტილის დასმა გადაწყვიტა (მოსი, 1985, გვ. 43).

ნაცისტური სექსუალობის პოლიტიკა ხასიათდებოდა ანტი–სემიტიზმით გაჯერებული სექსუალური ემანსიპაციის რიტორიკით. რასაკვირველია, ამ პოლიტიკას ჰყავდნენ მოწინააღმდეგეებიც, მაგრამ ნაცისტი ლიდერები დადებითად უყურებდნენ თავისუფალი სექსის საკითხს, განსაკუთრებით კი ქრისტიანულ ეკლესიასთან დაპირისპირების ფონზე. რასიზმის წამყვანმა თეორეტიკოსმა, ჰანს ენდრესმა ამ სიტყვებით მიმართა აუდიტორიას 1941 წელს: ,,ჩვენ კრიმინალურ ფანატიზმში გავიზარდეთ, რადგან ორიანტალური ქრისტიანული მენტალიტეტი წნეხის ქვეშ ამყოფებდა ჩვენს ჟანსაღ გერმანულ სექსუალურ ინსტინქტებს. ჩვენმა ახალგაზრდა თაობამ ... უნდა იამაყოს თავისი სხეულით და ისიამოვნოს სექსის ბუნებრივი სიამეებით სირცხვილის გრძნობის გარეშე“ (ჰერცოგი, 2002, გვ. 9). უფრო მეტიც, ექიმი იოჰანეს შულცი 1937 გამოცემულ ესსეში ბავშვისა და მოზარდის მასტურბაციას ,,ახალგაზრდისათვის ცხოვრებისეული ძიების საჭირო და გარდამავალ ფაზად“ (ჰერცოგი, 2002, გვ. 14) მოიხსენიებდა. ის ასევე ამბობდა, რომ მასტურბაციისაგან თავის შეკავება ქალებში ფრიგიდულობას იწვევდა. 

ექიმი შულცი
ამ პროპაგანდის პარალელურად წამყვანი ჟურნალები თავს ესხმოდნენ ებრაელებს, მენტალურად დაავადებულებსა და ჰომოსექსუალებს. ექიმი შულცი იმ ადამიანთა შორის იყო, ვინც მონაწილეობას იღებდა მენტალურად დაავადებულთა მოსპობის პროექტში. ამასთან ერთად, სწორედ ის იღებდა გადაწყვეტილებას ჰომოსექსუალების ბედზე: შულცის თეორიის მიხედვით, ჰომოსექსუალები ორ ტიპად იყოფოდნენ. ერთი ტიპის ჰომოსექსუალებს თანდაყოლილად დაავადებულებს უწოდებდა, ხოლო მეორე ტიპის ,,განკურნებას“ შესაძლებლად თვლიდა. ჰომოსექსუალის ,,ტიპის“ დადგენა ხდებოდა შემდეგნაირად: თუკი ეჭვმიტანილი კომისიის თანდასწრებით სქესობრივ აქტს განახორციელებდა მეძავთან, მაშინ მას გაათავსუფლებდნენ; თუ ვერა – ეს ნიშნავდა, რომ მკურნალობას არ ექვემდებარებოდა და, შესაბამისად, მას საკონცენტრაციო ბანაკში გაამწესებდნენ (ჰერცოგი, 2002, გვ.14-15). 

ჰომოსექსუალობა ისჯებოდა კანონის 175 მუხლის თანახმად, რომელიც 1871 წლიდან იყო მოქმედებაში, ხოლო 1935 წელს ნაცისტებმა ის უფრო გააღმავეს და მკაცრ მოქმედებაში მოიყვანეს. ამ საკითხს ეძღვნება 2000 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმი  “Paragraph 175”, რომლის მიხედვითაც 100 000–მდე ადამიანის დაკავება  ნაცისტური რეჟიმის დროს სწორედ ამ მუხლით მოხდა. ამ ადამიანების ნაწილი საკონცენტრაციო ბანაკებში გადაგზავნა და მათგან მხოლოდ 4000-მდე გადაურჩა სიკვდილს. ფილმის გადაღების მომენტში მხოლოდ 10–მდე ადამიანი იყო ცოცხალი.

როგორც ვხედავთ, ნაცისტური რეჟიმი სექსუალური თავისუფლების გარკვეულ პროპაგანდას ეწეოდა, თუმცა, ამავდროულად, მთელი სისასტიკით დევნიდა არა–ნორმატიულ სექსუალობებს. ამ შემთხვევაში, განსხვავებული სექსუალობები იდევნებოდნენ არა რელიგიური ანუ სულიერი, არამედ ფიზიკური სიჯანსაღის მოტივებით. ჰომოსექსუალები იდევნებოდნენ როგორც განუკურნებელი დაავადებით შეპყრობილი ადამიანები, რომლებიც რასას აბინძურებდნენ.  ანუ, ამ შემთხვევაში ჯანსაღის ცნებას რასისტული პოლიტიკა ამკვიდრებდა, და მოიაზრებდა მხოლოდ ფიზიკურად და მენტალურად ჯანმრთელ, ჰეტეროსექსუალს არიელს. 

ეროტიკული ,,სხვა“ საბჭოთა კავშირში


ნაცისტურ მოდელს არც საბჭოთა იმპერია ჩამოუვარდებოდა განსხვავებული სექსუალობების დევნის თვალსაზრისით. მიტუმეტეს, რომ ლენინის პოზიცია სექსუალობის საჯაროდ დემონსტრირებისადმი უარყოფითი იყო. ბოლშევიკური იდეოლოგია სიამოვნებას საშიშ კატეგორიაში განიხილავდა, რომელზე აყოლაც სოციალისტურ სახელმწიფოს კაპიტალიზმის მორევისკენ წაიყვანდა (ჰილი, 2002, გვ. 354). მიუხედავად ამისა, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, ბოლშევიკების ძალაუფლებაში მოსვლის პირველივე წლებში კანონმდებლობაში სოდომის დეკრიმინალიზაცია მოხდა. კანონმდებლობიდან რელიგიური აკრძალვების ამოღებით თანამედროვე სოციალისტური სახელმწიფო სამეფო წარსულთან წყვეტდა კავშირებს და სოდომის საკითხის გადაწყვეტას მეცნიერებასა და მედიცინას აბარებდა. ეს პარადოქსი კარგი დემონსტრირებაა იმის, რომ ნორმები კონკრეტული პოლიტიკურ–ეკონომიკური საჭიროების მიხედვით ყალიბდება და მორალის სფეროში მხოლოდ საფუძველის გამაგრების მიზნით გადადის, რასაც წარმატებით ახორციელებს კიდეც.

ამ დროს საერთაშორისო მედიცინა წინ დგამდა ნაბიჯებს ჰორმონების უკეთ გაგების თვალსაზრისით. რასაკვირველია, საბჭოთა მედიცინაც ცდილობდა საერთაშორისო პრესტიჟის მოპოვებას და ენდოკრინოლოგია მნიშვნელოვან პრიორიტეტად იქცა. ამასთანავე, ენდოკრინოლოგია ანტირელიგიურ დისკურსსაც ერგებდა, და სექსს განსაზღვრავდა როგორც ,,ქიმიურ, და არა სულიერ ბაზისს“ (ჰილი, 2002, გვ. 355).  საბჭოთა ფსიქიატრები ჰორმონების საშუალებით ცდილობდნენ ჰომოსექსუალობის ახსნას და ფიქრობდნენ, რომ  თავისივე სქესის წარმომადგენლებისადმი მიზიდულობის მიზეზი სქესობრივი ჯირკვლების გადაგვარება შეიძლებოდა ყოფილიყო. 

რასაკვირველია, ეს დამოკიდებულება ჰომოსექსუალობას, როგორც ავადმყოფობას ისე განიხილავდა, მაგრამ არ დევნიდა მას. პედერასტია, როგორც ასეთი, განიხილებოდა როგორც რელიგიური კულტურისთვის დამახასიათებელი თვისება, რომელიც ყვაოდა მონასტრების ერთსქესიან სამყაროში, სადაც აცდუნებდნენ ახალგაზრდა ყმაწვილებს. საეკლესიო პედერასტიას უპირისპირდებოდა მორალურად სუფთა, მშრომელი საბჭოთა მოქალაქის სახე და ეს 1920-იან წლებში ათეისტური დისკურსის მუდმივი თემა იყო (ჰილი, 2002, გვ. 356). 

ჩიჩერინი
საბჭოთა ფსიქიატრების ჩანაწერები უჩვენებს, რომ ინდივიდუალი ჰომოსექსუალების მიმართ ისინი თანაგრძნობას გამოხატავდნენ. თუკი მშრომელი, პატიოსანი საბჭოთა ადამიანი თავისივე სქესით იყო დაინტერესებული, ამის გამო მას არ დევნიდნენ. პოლიტიკურ ფიგურათა შორის ამის ცნობილი მაგალითია გ.ვ. ჩიჩერინი, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა 1918-30 წლებში. აღსანიშნავია, რომ საკმაოდ მიღებულები იყვნენ სამხედრო პოზიციებზე მყოფი ქალები, რომლებიც, პრაქტიკულად, ტრანს–გენდერებს წარმოადგენდნენ. უფრო მეტიც, დახურულ კარს მიღმა სამედიცინო ექსპერტები იმაზეც კი მსჯელობდნენ, რომ მათთვის პარტნიორ ქალებზე დაქორწინების უფლება უნდა მიეცათ. 

ხელისუფლებაში იოსებ სტალინის მოსვლის და ეკონომიკის ,,პირველი 5 წლის გეგმის“ წარმოდგენის შემდეგ დღის წესრიგში დადგა ქალაქებში უზომოდ გაზრდილი მოსახლეობის პრობლემის გადაჭრის საკითხი. დაიწყო ქალაქების წმენდა ,,სოციალური ანომალიებისაგან“, რომლებსაც შეადგენდნენ მათხოვრები, უსახლკაროები და მეძავები – ანუ ადამიამები, რომლებიც სოციალისტურ სახელმწიფოში არასათანადო ეკონომიკურ ურთიერთობების წარმოშობას უწყობდნენ ხელს. სოციალურ წმენდასთან დაკავშირებული იდეები საიდუმლო პოლიციის უფროსის მოადგილის, იაგოდას მიერ მუშავდებოდა. 

იაგოდა
მიუხედავად იმისა, რომ ,,სოციალურად საშიში ელემენტები“ პირდაპირ არ ასახელებდა ჰომოსექსუალებს, ეს ტერმინი აშკარად მოიცავდა მათ. მიუხედავად ადრინდელი ,,შემწყნარებლობისა“, ჰომოსექსუალებს არსად არ ჰქონდათ ღია გასაქანი, რამაც ჩამოაყალიბა ქუჩის სუბკულტურა 1930–იან წლებში, სადაც ,,არასათანადო“ ეკონომიკური ტრანზაქციები მიღებულ პრაქტიკას წარმოადგენდა. სწორედ აქედან გამომდინარე, 1933 წელს საიდუმლო პოლიციამ სოდომის რეკრიმინალიზაცია შესთავაზა სტალინს: ,,იაგოდამ სტალინს ინფორმაცია მიაწოდა, რომ მოსკოვსა და ლენინგადში საიდუმლო პოლიციის მიერ ჩატარებული ბოლო ჩხრეკის დროს დაკავებულ იქნა 130 ადამიანი, რომლებსაც კავშირები ჰქონდათ ,,სალონებთან, ცენტრებთან, ბუდეებთან, ჯგუფებთან და პედერასტების სხვა ორგანიზებულ ფორმირებებთან“. ხოლო ამ ,,ფორმირებების“ მიზანი, სავარაუდოდ, ჯაშუშობა იყო. იაგოდა აცხადებდა, რომ ,,პედერასტი აქტივისტები“ ჯაშუშობისკენ იყვნენ მიდრეკილები და ამ განცხადებამ სტალინის ყურადღება მიიპყრო“ (ჰილი, 2002, გვ. 362). 

შედეგად, 1933 წლის დეკემბერში ჰომოსექსუალობის რეკრიმინალიზაცია მოხდა.
როგორც დენ ჰილი სამართლიანად აღნიშნავს, საბჭოთა არქივების მიუწვდომლობის გამო დღემდე შეუძლებელია ამ კანონის შედეგად რეპრესირებული ადამიანების მიახლოებითი რაოდენობის განსაზღვრა. არც ისაა გამორიცხული, რომ სხვადასხვა ბრალდების ქვეშ (,,ყოფილი ბურჟუა“, ,,ტროცკისტი“, ,,კლასის მტერი“) სწორედ ჰომოსექსუალები მოყოლილიყვნენ, როგორც ,,საზოგადოებისათვის საშიში ელემენტები“(2002, გვ. 363). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სექსუალობის პოლიტიკის  რეპრესიული ხასიათი შესაძლოა შეფარული ყოფილიყო  იმ მომენტისათვის აქტუალური მოტივებით. 

სექს–პანიკა


როდესაც სექსუალობის ისტორიას ასე ახლოდან და ყურადღებით ვაკვირდებით, უფრო ხელშესახები ხდება ის არგუმენტები, რაც ამ სტატიის დასაწყისში მოვიყვანე. სექსუალობის რეპრესია და მუდმივი დევნა, რაც ისტორიის თანმდევი იყო სხვადასხვა არგუმენტაციითა და ფორმებით, სამწუხაროდ, არც თანამედროვე რეალობაში არის აღმოფხვრილი. შესაძლოა, დღეს ამის ფორმები უფრო შეფარული და პოლიტიკურად შეფუთულია, მაგრამ არანაკლებ პარადოქსებს ვაწყდებით, ვიდრე ,,არასათანადო ეკონომიკის“ აღკვეთის მასშტაბებში ჰომოსექსუალების მოყოლა იყო. 

თანამედროვე სამართალში არსებობს ისეთი ფენომენი, როგორიცაა „ჰომოსექსუალისაგან  თავდაცვის პანიკა“ (homosexual panic defense). აღნიშნული თავდაცვა ეფუძნება ,,ჰომოსექსუალისადმი მწვავე პანიკის“ ცნებას, რომელიც 1920 წელს გაჟღერდა პირველად. ორიგინალური განმარტებით, ეს იყო ერთსქესიან გარემოში მოხვედრილი ადამიანის მიერ ვერ გაკონტროლება ჰომოსექსუალური სურვილების. შეიძლება ითქვას, რომ ორიგინალური განმარტებით ,,გეი პანიკა“ ლატენტურ ჰომოსექსუალობას აღნიშნავდა. მეოცე საუკუნის განმავლობაში ამ ტერმინმა განიცადა ცვლილება და ეხლა უკვე გამოიყენება იმ მამაკაცისათვის გარემოების შესამსუბუქებლად, რომელმაც მეორე მამაკაცის მხრიდან გამოხატული სექსუალურ ინტერესს ან გამოწვევას აგრესიით უპასუხა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის ლეგალური დაცვის მექანიზმი იმ მამაკაცებისთვის, რომლებმაც ჰომოსექსუალი მოკლეს წარმოსახული ან არსებული სექსუალური გამოწვევის გამო (კულიკი, 2003, გვ. 143). მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური აღიარება ამ ტერმინს არ აქვს, ჰომოსექსუალი მამაკაცების მკვლელების სასამართლო პროცესებზე ეს ფრაზა წარმატებულად ჟღერდება და შედეგსაც აღწევს (ლი, 2003, გვ. 475).

ერთ–ერთი ყველაზე გახმაურებული მაგალითი 1995 წელს ამერიკაში მოხდა, როდესაც 26 წლის ჯონათან შმიტცს ნაცნობი სკოტ ამადერი  სატელევიზიო გადაცემის ,,ჯენი ჯოუნსის შოუს“ საშუალებით სიყვარულში გამოუტყდა. შოუს ეთერში გასვლიდან სამი დღის შემდეგ სმიტცმა შეიძინა იარაღი, მივიდა ამადერის სახლში და ორჯერ ესროლა მკერდის არეში.  შმიტზის ადვოკატები აცხადებდნენ, რომ ამადერის სატელევიზიო განცხადება ,,აგრესიული ნაბიჯი იყო, რამაც გამოიწვია ასევე აგრესიული სამაგიერო“ (კულიკი, 2003, გვ. 145). შედეგად, სასამართლომ კულიკი არა პირველი ხარისხის, არამედ მეორე ხარისხის მკვლელობაში ცნო დამნაშავედ (პირველი ხარისხის მკვლელობა წინასწარ განზრახულს გულისხმობს, რაც არ შეეფარდა ჰომოსექსუალის მკვლელს). თუკი მივიღებთ მხედველობაში იმ ფაქტს, რომ მკვლელობა გადაცემის ნახვიდან სამ დღეში ჩაიდინა მკვლელმა, აშკარაა, რომ განაჩენზე გავლენა სწორედ მსხვერპლის ,,აგრესიულმა“ სექსუალობამ მოახდინა.  


ამ სტატიაში წარმოდგენილი მასალის ერთად თავმოყრის მიზანი არის საზოგადოების მუდმივი ყურადღების ცენტრში მყოფი სექსუალობის შეცნობის ხელშეწყობა, რომელზეც, სამწუხაროდ, ნაკლები ლიტერატურა მოიპოვება ქართულ ენაზე. როგორც მოყვანილი მაგალითები გვიჩვენებს, ყველა დროის საზოგადოება ცდილობდა და ცდილობს სექსუალობის გაკონტროლებით ადამიანზე კონტროლის მოპოვებას, რაც სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა სარჩულით ხორციელდებოდა. თუმცა, როგორც მიშელ ფუკო განსაზღვრავს (1978), შეზღუდვა ყოველთვის ბადებს წინააღმდეგობას. ამ შემთხვევაშიც, ჩემი მიზანი იყო ისტორიის და მაგალითების დემონსტრირებით უფრო თვალსაჩინო გამეხადა დადგენილი ნორმების შედეგად შეზღუდული სექსუალობა, განსაკუთებით კი – განსხვავებული სექსუალობა, და წამექეზებინა ამ ნორმების მეტად კრიტიკული გადახედვა, ვიდრე ეს დღეს ხდება ჩვენს საზოგადოებაში. ის სტერეოტიპები, რომლებსაც ნაციონალისტური დისკურსი მზამზარეულად გვაწვდის სხვადასხვა მედიატორების საშუალებით, იმ ცოდნის შედეგად უნდა დაიმსხვრეს, რაც შეძლებისდაგვარად გამჭვირვალეს გახდის ამ სტერეოტიპების შექმნის მიზეზებს და მიზნებს.  


Tuesday, August 13, 2013

როგორ მივიღოთ ალიმენტი ქართველი „ვაჟკაცისგან“ - ნაწილი II

კომენტარი პოსტის პირველ ნაწილზე, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ აქ:



და მართალიცაა. როდესაც საკითხი პრინციპულია, არც სასამართლოში სირბილს დაიზარებ, არც ორგანიზაციებთან კონსულტაციების გავლას, მაგრამ მედლის მეორე, ემოციური მხარის გამკლავება არც ისე ადვილია. როდესაც საქმე სასამართლომდე მიდის,თავისთავად ცხადია, რომ შეგნებულ, პასუხიმგებლიან ადამიანთან არ გვაქვს საქმე. შესაბამისად, შეუგნებელი ადამიანი აუცილებლად იტყვის ან გააკეთებს რაღაცას ისეთს, რაც სულ მცირე, 5 წუთით მაინც გაგვიფუჭებს განწყობას. მე საკმაოდ ძლიერი ადამიანი ვარ, თუმცა წინა პოსტში ნახსენები ,,ნახმარი ტანსაცმელი" სრული გულგრილობით არ მიმიღია. 

მიმოწერა გრძელდება


ბევრი რომ არ გავაგრძელო, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე ჩარიცხვა სულ 3-ჯერ განხორციელდა. ყოველი ახალი ჩარიცხვა იწელებოდა, და როდესაც ვიკითხავდი თარიღს, ვისმენდი ისეთ პასუხს, რომელიც ხაზს უსვამდა, რომ აჯობებდა მშვიდად დავლოდებოდი - რადგან მე ,,ვთხოვდი", ის კი კეთილ ნებას ამჟღავნებდა. ცხადია, ამ პატარა მინიშნებებზე სიმშვიდის შენარჩუნება არ იყო იოლი, მაგრამ დიპლომატიას არ ვღალატობდი. აგვისტოში ჩარიცხვა ,,ვერ მოახერხა", მაგრამ მომწერა, სექტემბერში ავანაზღაურებო. სექტემბერში, როგორც მოსალოდნელი იყო, ანაზღაურება არ მოხდა და მხოლოდ 400 ლარი ჩაირიცხა. 

2011 წლის ოქტომბერი. მე უკვე საქართველოში აღარ ვიმყოფები და ფინანსური დახმარება ბავშვისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. რეგიონში მოქმედი პროგრამის მიხედვით, დედაჩემი გათავისუფლებული იყო ბაღის გადასახადისგან, რომელიც დაახლოებით 30 ლარს შეადგენდა. მაინც, ოჯახისთვის, რომელსაც მუდმივი შემოსავალი არ აქვს, ეს კარგი შეღავათი იყო. მე ველოდები რიგით მეოთხე ტრანზაქციას, და ამ დროს მივიღე წერილი:

ბიოლოგიური მამა, 6 ოქტომბერი, 2011.
"ცნობისთვის ბავშვის ბაღის საფასური აგვისტოს თვემდე გადახდილია. სულ 315 GEL".

.
მე. 8 ოქტომბერი, 2011


ცხადია, შემეძლო უფრო რბილად მიწერა, მაგრამ მეც კრიტიკულ ზღვარზე ვიყავი. გადავწყვიტე, რომ საზღვარი აქვს დიპლომატიასაც, და ამ ელექტრონულ ჭიდილს ყოველ თვეში, სასამართლოთი გარკვეული სიტუაცია მერჩივნა.



ბიოლოგიური მამა, 9 ოქტომბერი, 2011

მცირე ანალიზი გავუკეთოთ წერილს.

  • ბავშვი ამ მომენტისთვის უკვე 4 თვეა იმყოფება იმავე ქალაქში, და მას არც ერთხელ არ გამოუთქვამს ნახვის სურვილი. დავუშვათ, რომ მესმის. არ უყვარს ეს ბავშვი და რა ქნას. მაგრამ ფაქტი კი ფაქტად რჩება - ანგარიშის ნომერი ,,სხვა გზის" მონახვის შემდეგ კი არ გახდება ბავშვი, არამედ არც მანამდე ყოფილა უფრო მეტი. 
  • ,,შეიღირსიე რასაც ვაკეთებ, სულელური შეკითხვები აღარ დასვა" - შეღირსიება მაფიქრებინებს, რომ მე მადლიერი უნდა ვყოფილიყავი იმისთვის, რასაც აკეთებდა. თუკი მადლიერი არ ვიქნებოდი, ავტომატურად უმადური ვხდებოდი. მთელი თვე მშვიდად უნდა დავლოდებოდი რასაც გადაწყვეტდა, და არ გამებედა მეკითხა, რას აპირებდა და როდის.
  • ,,ყველა შენს საქციელს ანალიზი გაუკეთე ჩემთან მიმართებაში" - ის სათუთი ადამიანია, მას უნდა მოვუფრთხილდეთ. 
  • ,,შენს შვილს იმაზე უკეთესი მომავალი ექნება" - შვილი მხოლოდ ჩემია.
  • ,,დარწმუნებული ვარ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებ" - ეს უკვე მუქარას გავს. ის ფიქრობს, რომ ამ მუქარის შემდეგ მე სასამართლოზე ფიქრს დავივიწყებ.
  • ,,ვიდრე ჩემი ინიციატივით მზად ვარ გავუკეთო" - მას ჯერ კიდევ გონია, რომ რასაც აკეთებს, იმ მისი კეთილი ნებაა, ქველმოქმედებაა, და ეს უნდა დააფასონ.
  • ,,ბოდიში რომ გვიან გწერ პასუხს" - ის თავაზიანია.


ამ წერილის შემდეგ რაღა დამრჩენოდა, და სასწრაფოდ დავიწყე არასამთავრობო ორგანიზაციის ძებნა. ამის დეტალები პოსტის წინა ნაწილში მიწერია, ამიტომ აღარ შევყოვნდები. უკვე ზამთარი იქნებოდა, როდესაც ,,საია"-მ ჩემი საქმე აიღო.  ყველაფერი ძალიან იწელებოდა. პირველ რიგში იმიტომ, რომ მე საზღვარგარეთ ვიყავი, და იურისტთან იმეილებით ვკონტაქტობდი. ამასობაში სწავლაც დავასრულე და 2012 წლის ივლისში საქართველოში დავბრუნდი. ამ ეტაპზე უნდა შედგარიყო პატარა პროცესი, რომელსაც უდაო წარმოება ქვია. ბიოლოგიურ მამას დაიბარებდნენ, და თუკი ის აღიარებდა, მამობა დადგენილად ჩაითვლებოდა. 

არ აღიარა. თუმცა, ჩემი იურისტი დარწმუნებული იყო, ხვალ შევხვდები და დაველაპარაკებიო. შეხვედრაზე გაირკვა, რომ დეენემის ანალიზის გაკეთება სურს. ადვოკატმა მორიდებით შემატყობინა ეს. მე გავიღიმე და გავიფიქრე, რომ ასე ჯობია. საინტერესო იყო სცენა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ეზოში. ბიოლოგიური მამა 4 ძმა-ბიჭთან ერთად გამოცხადდა - სულაც არაა დეენემი ინტიმური საკითხი. ჩვენ - მე, ბავშვი და ჩემი ქმარი მშვიდად მივედით, შემდეგ მე და ბავშვს სინჯი აგვიღეს და წამოვედით.

ძალიან მომწონდა ხუმრობა, რომ ეს ამბავი სერიალივით გაგრძელდებოდა. რომ დეენემის პასუხი უარყოფითი იქნებოდა, ყველა გაბრაზდებოდა ჩემზე, მე გავბრაზდებოდი ყველაზე, რკინის ქალამნებს ჩავიცვამდი და სიმართლის დასამტკიცებლად 9 მთას გადავივლიდი. მაგრამ ამჯერად სერიალი არ გაგრძელდა, პასუხი დადებითი აღმოჩნდა, და მამობის დასადასტურებლად იუსტიციის სახლში წავედით.

სცენა: მე, ფემინისტი აქტივისტი, ის, და იუსტიციის სახლის ოპერატორი. უცებ კითხულობს ბავშვის სახელს და გვარს, და ჩემი გვარი ჩანაცვლებული აქვს მისი გვარით. მართლა საინტერესოა, რომ ოდნავადაც არ აქვთ გააზრებული უბრალო წესები - ჯერ გკითხონ, ბავშვს გვარს უცვლი თუ არა. იმდენად მიღებულია, რომ თუკი მამობას ადგენ, ესე იგი გვარის მიღებისთვის იბრძვი, რომ უკითხავად ცვლიდა გვარს. ეს ხომ უბრალო წესია, აბა გენდერულ სენსიტიურობას ვერავის მოთხოვ საქართველოში. სასწრაფოდ გავუსწორე შეცდომა, და დავიწყე მზადება სასამართლო პროცესისთვის.

სასამართლომდე


სასამართლოსთვის მზადებაც ისევე გამეწელა, როგორც წინა პერიოდი. სარჩელი,  სადაც 400 ლარს ვითხოვდი, 2013 წლის გაზაფხულზე ძლივს შევიტანე. როდესაც ფოსტით ე.წ. შესარგებელი მომივიდა (ეს არის მისი პასუხი ჩემს სარჩელზე), ჩვენს ულამაზეს აივანზე ვიჯექი. კონვერტი გავხსენი და კითხვა დავიწყე. უნდა ვაღიარო - ეს ადამიანი მოულოდნელობებით არის აღსავსე <3



მართლა დარწმუნებული ვარ, რომ თავდაჯერებულობით მოუვიდა. აბა იურისტი ამას როგორ დააწერინებდა? მითუმეტეს, რომ თუკი სარჩელს ბოლომდე წაიკითხავდა, აუცილებლად უნდა ენახა ბლანკის ბოლოს ეს განფრთხილება:



ამას გარდა, ,,მოხუცი მშობლებზე" მტკიცებულების გადამოწმებას ხომ რეესტრის საიტის ცოდნა და ძიების ფუნქციის გამოყენების წინ არაფერი უდგას? თუკი იჯარის ან ქირავნობის ხელშეკრულება დარეგისტრირებულია, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მივიდეს, გადაიხადოს 5 ლარი და ეს ხელშეკრულება გამოითხოვოს. მეც სწორედ ასე მოვიქეცი. და აი შედეგიც:




რასაკვირველია, ალიმენტის დანიშვნას ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ,,მოხუცი მშობლები" ან სხვა შვილები (თუკი მოპასუხეს ოჯახი ყავს) ხელს ვერ შეუშლის, მაგრამ მე მაინც მოვამზადე სათანადო დოკუმენტები, დავურთე ეს იჯარის ხელშეკრულება, 2011 წელს განხორციელებული 3 ჩარიცხვა და მოვამზადე მოხსენება:

,,მე არ ვარ დაინტერესებული თუ რა არის მოპასუხის ოჯახის ან თავად მოპასუხის დამატებითი შემოსავალი, მაგრამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მისი განცხადება მოხუცი მშობლების რჩენის თაობაზე ვერ დასტურდება მტკიცებულებით. პირიქით, როგორც ირკვევა წარმოდგენილი დოკუმენტიდან, ის არ შეესაბამება სიმართლეს".


სასამართლოში


23 ივლისს, 12:30 წუთზე სასამართლოში გამოვცხადდი. მარტო მივედი, ისიც მარტო მოვიდა. ერთმანეთს მივესალმეთ, ხელი ჩამოვართვით და შევედით. პროცესი დაიწყო. მოსამართლე გვეკითხება, თუ მორიგდებითო. მე ვაცხადებ, რომ 400 ლარს ვითხოვ, და არ ვარ თანახმა 300-ზე.

მოსამართლემ გამოყო დრო მოლაპარაკებისთვის, და მიმართავს:

,,იქნებ დათანხმდეთ მორიგებას?"

ის: ,,კარგი, 350 ლარზე თანახმა ვარ".

მოსამართლე მე მომმართავს. მე ისევ 400-ს ვითხოვ, და ვამატებ, რომ თუ ნებას დამრთავენ, წავიკითხავ მომზადებულ მტკიცებულებას.

მოსამართლე მას: ,,ხელფასი რამდენი გაქვთ?"

ის: ,,2225 ლარი".

მოსამართლე: ,,და 50 ლარი ბევრს გიწყვიტავთ?"

აქ უკვე დაირცხვინა და გამოტყდა: ,,პრინციპში, არა".

მოსამართლე: ,,მაშინ, დათანხმდით".

ის: ,,თანახმა ვარ".


მაშ ასე, მიუხედავად იმისა,რომ მთელი პროცესი თითქმის 2 წელი გავწელე, საბოლოოდ მაინც დაინიშნა ალიმენტი და დავა ჩემს სასარგებლოდ გადაწყდა. ვაღიარებ, რომ იყო ემოციურად რთული მომენტები, მაგრამ აუცილებელია ამის გავლა ყველა იმ მიზეზის გამო, რაზეც ვისაუბრე ამ პოსტში. იმედია, მოვახერხე თქვენი დარწმუნება იმაში, რომ დაბრკოლებებს არ უნდა შევუშინდეთ და ალიმენტი აუცილებლად უნდა მოვითხოვოთ. მართლაც არის დრო შემოვულაწუნოთ უპასუხისმგებლო კაცებს და შევცვალოთ ის მიდგომა, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ქალებს აწევთ შვილების აღზრდის ტვირთი.