ფოტო: ლელა რეხვიაშვილი |
საზოგადოებისათვის სიტყვა ვაგინის ხმამაღლა ხსენება მიუღებელია და ეს აღშფოთებას იწვევს. მერე რა, რომ ყველანი ამ ვაგინებიდან გავჩნდით - ვაგინა ულამაზოა, მისი ხსენება კი სამარცხვინო. ნეტგაზეთზე გამოქვეყნებული პატარა ვიდეოს გასაჯაროების შემდეგ ძალიან ახლობელმა და საყვარელმა ქალმა აი, ასეთი კომენტარი გამიკეთა:
"გაფიცებ მაგ სპექტაკლი რა იყო, გაპარსული, გაუპარსავი, აწი იარეთ მაშინ შიშვლებმა. შეიძლება პირადული მეგობართან თქვა, მაგრამ რად უნდა მაგას საჯაროდ ლაპარაკი. უფლებები შეიძლება დაიცვათ, მაგრამ ეს სიბინძურე იყო და მეტი არაფერი. გული ამერია და კიდევ თუ აპირებთ ამის დადგმას, ყოჩაღ თქვენ".
როდესაც ქალი, რომელიც ბედნიერ ქორწინებაშია, თვლის რომ ვაგინის ხსენება გულისამრევია, ეს აუცილებლად ნიშნავს, რომ ძალიან რელევანტურ დროს დაგვიდგამს ,,ვაგინა მონოლოგები". ეს ხდება ქვეყანაში, სადაც ქალს გაჩენის დღიდან უნერგავენ მთავარ მოვალეობას - დედობას, ხოლო პარალელურად აიგნორებენ მის სექსუალურ ბუნებას, ამ ბუნების ყველა გამოვლინება კი ,,ბოზობის" იარლიყს იწებებს. ბავშვობიდანვე ვეგუებით, რომ ,,ის" ძალიან პრივატულია, ქორწინებამდე არც არავის უნდა ვანახოთ და უმჯობესი იქნება ჩვენც თუ ძალიან არ დავაკვირდებით. შეხება გამორიცხეთ.
პარადოქსული სულაც არ არის, რომ ბიჭის შეძენის პირველივე დღიდან ,,კუტუნების" კულტი მყარდება. ბიჭისთვის ასე მიმართვა მოფერებითი ფორმაა, ხოლო ზრდასრულ ასაკში ,,დაზომება" ერთ-ერთი ჩვეულებრივი, მამაკაცური ჟესტი. არც სექსუალური თავგადასავლების მოყოლაა სათაკილო - პირად ისტორიებს ბიჭები სიამაყით უყვებიან ერთმანეთს და გმირობის შარავანდედითაც იმოსებიან.
უნდა გვახსოვდეს, რომ ქალის სექსუალობის პრობლემა გლობალურია. ქალის ორგაზმი რომ ორგაზმია, ისიც კი მხოლოდ წინა საუკუნეში ,,აღმოაჩინეს". მეცხრამეტე საუკუნეში დაწყებული მსჯელობა მხოლოდ 1950 წელს, უილიამ მასტერისა და ვირჯინია ჯონსონის მიერ იქნა დამტკიცებული მეცნიერულად (ჰოი, წამებულო ვაგინებო! გაიხარეთ, რამეთუ ორგაზმის არსებობა უკვე დადასტურებულია!). რაც შეეხება თავად ვაგინას, შიდა კლიტორის შესწავლა სულ რაღაც 1990 წლიდან დაიწყო. უფრო მეტ ინფორმაციას აქ გაეცნობით ამ საკითხზე. ეხლა კი, დროა შევთანხმდეთ, რომ ჩვენი ორგაზმის ლეგიტიმაციისათვის მართლაც რომ ბრძოლაა საჭირო :)
ძალიან საწყენია, რომ ქალის სექსუალობის პრობლემატიკას მხოლოდ ახალგაზრდა ქალები, და მათი თანამოაზრე მამაკაცები აღიარებენ. საწყენია იმიტომ, რომ ქალებს ყველაზე მეტად სოლიდარობა გვაკლია ერთმანეთთან. მერე რა, რომ ტრადიციული ოჯახები შექმენით, რატომ გგონიათ რომ თქვენ ხართ ის ერთადერთები, ვისი გამოცდილებაც სწორი, მართალი და ყველასთვის მისაღებია? სანამ ქალები არ გავერთიანდებით, ყოველთვის იქნება ბევრი არარეალიზებული, დაკომპლექსებული ქალი, არასაინტერსო სქესობრივი ცხოვრებით. და ამის შესაბამისად, გულწრფელად დაინტერესებული სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფით.
ჰო ვიცი, ბევრი ფიქრობს რომ ეს გაზვიადებაა. თუკი გაზვიადებაა, ყველამ სათითაოდ გაიხსენეთ - რამდენი ქალია თქვენს ირგვლივ, რომელსაც ბედნიერი და მრავალფეროვანი სქესობრივი ცხოვრება აქვს? სავარაუდოდ, თუკი თავად თამამ ქალთა რიცხვს მიეკუთვნებით, სამეგობროში ასეთი ბევრი გეყოლებათ. მაგრამ ნუ დავკეტავთ წრეს - გაიხსენეთ ნათესავები, ახლობლები და დარწმუნდებით, რომ მათი რიცხვი არც ისე დიდია. სამაგიეროდ, ბევრი გაგახსენდებათ დაჩაგრული, ხანდახან ძალადობის მომთმენი და გულნატკენი. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ ვისურვებ, რომ გავიაზროთ პრობლემა და ერთმანეთის გაჭორვის ნაცვლად მეტი სოლიდარობა გამოვიჩინოთ. ეს ერთადერთი საკითხია, სადაც კარგი იქნება, თუკი მამაკაცებს მივბაძავთ.
სპექტაკლის თბილისური დადგმა
![]() |
ფოტო: მარია როხვაძე |
საქართველოში ,,ვაგინა მონოლოგები" აქამდეც დადგმულა, მაგრამ სრული სახით და თეატრალიზებულად, სცენზე პირველად 2013 წლის 23 ივნისს, თეატრალურ უნივერსიტეტში დავდგით. ამ უნივერსიტეტის ახალგაზრდა სტუდენტმა (სქესი მამრობითი - რაღა თქმა უნდა) ვერ აიტანა სცენიდან ამ ,,უხამსობის" მოსმენა, სცადა სპექტაკლის ჩაშლა და საბოლოოდ, გაძევებულ იქნა დარბაზიდან. ამას მოყვა გასახდელში მეორე ჯგუფის შემოჭრა, და ჩემთვის ძალიან საინტერსო შეკითხვის დასმა: ,,კურთხევა თუ გაქვთ აღებული"?
გოგოები ვხუმრობდით მერე, რა საინტერესო სცენა იქნება, ვაგინის მონოლოგებზე კურთხევის ასაღებად რომ მიდიხარ :) ეხლა კი მეცინება, მაგრამ როდესაც გამნათებელმაც მიგვატოვა (რომელსაც რეპეტიციები, ცხადია, ნანახი ქონდა) საკმაოდ დავიძაბეთ და დავშინდით. საბოლოოდ, სპექტაკლმა წარმატებით ჩაიარა და მეორე დღეს არაერთგვაროვანი კომენტარებიც მოზღვავდა.
უნდა დავაკოპიო ერთ-ერთ ფორუმზე ცინიკურად დაწერილი პოსტი, რომელსაც ვეთანხმები, და ავხსნი კიდევაც რატომ:
"ნუ გასაგები
სიტუაციაა, ამდენი ხნის მანძილზე ჩაწიხლული და დაჩაგრული მდედრული საწყისი არტახებისგან
თავისუფლდება, თითქოს თვრება და ტკბება მიღებული თავისუფლებით. აი მოზარდები რომ
ძაან კაცობენ/ქალობენ და "უ ზ დ რ ე ლ უ რ" სიტყვებს ამბობენ თამამად, ზოგჯერ
კედლებზეც რომ წერენ და ბედნიერი არიან ამით - დაახლოებით ეგ სიტუაციაა. გავა დრო და ჭეშმარიტად თავისუფალი ქალების საზოგადოება გაიზრდება, დაღვინდება და ერთხელაც
ღიმილით გაიხსნებს საკუთარ პუბერტადულ დესტრუქციას".
ყოჩაღ! მიუხედავად ცინიზმისა, ძალიან კარგად არის ახსნილი ,,ვაგინა მონოლოგების" არსი. მართლაც, იმისთვის უნდა ვიძახოთ ვაგინა ძალიან ხმამაღლა, და იმისთვის უნდა ვისაუბროთ ძალიან პირადულ თემებზე, რომ ერთ დღესაც მართლაც თავისუფალი ქალების საზოგადოება შევქმნათ! ნუთუ ეს ძალიან კეთილი მიზანი არ არის?
სპექტაკლი ისევ დაიდგმება!
დიახ, 23 ივლისს, სპექტაკლს ისევ დავდგამთ. აქ შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია. თუკი არ იცით სპექტაკლის შინაარსი, ძალიან მოკლედ შევეცდები მიმოხილვა გავუკეთო.
,,ვაგინა მონოლოგები" ივ ენსლერის ცნობილი პიესაა. ენსლერმა 200 ქალთან ჩატარებულ ინტერვიუებს დააფუძნა პიესა, რაც ნიშნავს, რომ თითოეული მონოლოგი ერთი ან რამდენიმე ქალის ნამდვილ მონათხრობს ეფუძნება. მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლი ძალადობაზე ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, ძალიან მსუბუქად და ზომიერად ხდება ამის მოწოდება. მონოლოგების დიდი ნაწილი იუმორითაა გაკეთებული და ძალიან ყურებადს ხდის სპექტაკლს. საინტერესო განცდაა, როდესაც ზიხარ და უცებ სრულიად სხვა ქვეყანაში გაკეთებული სპექტაკლიდან ამდენი, შენთვის ძალიან ნაცნობი და პირადული თემა მოდის. უცებ ხვდები, რამდენად გლობალურია ქალის სექსუალობის პრობლემა, იმისდა მიუხედავად, რომ ფილმებიდან უცხოელი ქალი ძალიან თავისუფალი და უპრობლემო გვგონია.
და მთავარი: სპექტაკლში ჩვეულებრივი ქალები მონაწილეობენ :)) არავინ არ არის პროფესიონალი. სპექტაკლი მრავალ ქვეყანაში იდგმება ყოველწლიურად, და შემოსული თანხა ძალადობის წინააღმდეგ მომუშავე ორგანიზაციებს ერიცხებათ.
ასე რომ, მეგობრებო, მოდით სპექტაკლზე, გავერთიანდეთ და გამოვითხოვოთ ჩვენი სექსუალობა <3