Wednesday, September 11, 2013

როგორ მივიღოთ ალიმენტი ქართველი „ვაჟკაცისგან“ - დასასრული

წმინდანის შურისძიება


ცოტა პროვოკაციული ქვესათაური კი გამომივიდა, მაგრამ აუცილებელია ალიმენტსა და მამის პასუხისმგებლობაზე მთლიან მსჯელობას დავუმატო ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომელიც გამომრჩა: მამის პერსპექტივა. უფრო სწორად, არა მამის პერსპექტივა, არამედ მამის პოზიციის გათვალისწინებაც.  რამდენად გამომივა ეს არ ვიცი, მაგრამ წლების შემდეგ რეტროსპექტულად დანახულ ჩემივე და სხვების მაგალითზე შევეცდები მეტნაკლებად ობიექტური ანალიზის გაკეთებას.

ამ შემთხვევაში მინდა ჩავუღრმავდე პოსტის პირველ ნაწილში ნახსენებ ,,გმირი დედის" პოზიციას - ,,მე ყველაფერს მარტო შევძლებ". გარდა იმ ყველაფრისა, რაზეც აქამდე ვწერდი, რომ ესაა უპასუხისმგებლობასთან შეგუება და ასე შემდეგ, ჩემი პირადი მოსაზრებით, ესაა სამაგიეროს გადახდის ერთ-ერთი ფორმა. თუ რატომაა ეს ფორმა არამართებული, ამის ახსნას ეხლავე შევეცდები.

როდესაც მოცემულობა არის ნაწყენი/გაბრაზებული/შეურაცხყოფილი ქალი, იქნება ეს მარტოხელა დედა თუ გაშორებული მეუღლე, ძალიან ბუნებრივია, რომ ადამიანი დაითრგუნოს. თუმცა, ჩემივე თავი რომ გავიხსენო და რამოდენიმე სხვა მაგალითიც დავუმატო, ხშირად ვხედავთ საპირისპიროს: ამაღლებული ზნეობის, ძლიერი ქალი, რომელსაც ვერაფერი მოდრეკს, ვერაფერი შეაშინებს, ყველაფერს მარტო გაუმკლავდება, ისეთი ყოჩაღია არავის დახმარება არ სჭირდება. ამ ყველაფრის ფონზე კი ხდება მამის პერსონის დამდაბლება და მიწასთან გასწორება: მამა უზნეო, ნაძირალა და სუსტია. 

მაშინ, როდესაც მამა უკვე მოიქცა ისე, როგორც მოიქცა (ამას შეიძლება ეწოდოს შეცდომა, ან მისი გადაწყვეტილება, მაგრამ მიუხედავად სათაურისა - უკვე არსებული, კონკრეტული საქციელია) ეს საქციელი ხშირ შემთხვევაში, ყოფილი პარტნიორის ანუ დედის მისამართითაა ჩადენილი. როდესაც ქალი ირგებს ,,გმირის" და ,,წმინდანის" პოზიციას, ავიწყდება შვილის ფაქტორი. რაც უფრო ძლიერია დედა, რაც უფრო არაფერს არ ითხოვს და რაც უფრო მაღლდება ადამიანურ სისუსტეებზე, მით უფრო კნინდება მამის პერსონა, მით უფრო  ეკარგება მას შანსი ,,დაეწიოს" დედას. ამას ხელს უწყობს საზოგადოებრივი მხარდაჭერაც, და მუდმივი ლანძღვა მამის. ის უკვე არის უარყოფითი პერსონაჟი, და თუნდაც ძალიან უნდოდეს ,,უკეთესი" მამობა სცადოს, უკვე აღარაფრად აღარ ჩანს მისი მცდელობები. დრო კი გადის, გროვდება დედის წვლილი, რის პარალელურადაც კიდევ უფრო მძიმდება მამის შეცდომები. 

წმინდანის როლში შეჭრა საკმაოდ ადვილია, როდესაც ირგვლივ ყველა გამოხატავს აღფრთოვანებას, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღე, გაბედე, არ შეუშინდი, ამ ყველაფერს უმკლავდები და უძლებ. ეს დამოკიდებულება წნეხად იქცევა მერე: უკვე უფლება აღარ გაქვს, იყო სუსტი, დაწვრილმანდე და გაბრაზებული ქალივით მოიქცე. ერთ-ერთი მსგავსი პოზიციაა ,,არასოდეს არ გავცემ მამა ვინ იყო და არ გავალანძღინებ ხალხს". ჩემთვის, ეს ჩუმი, შეფუთული სამაგიეროს გადახდაა. მიუხედავად იმისა რომ რეალობაში არა მგონია განხორციელებადი იყოს, ასეთი წარმოდგენის ქონით ისევ მამაზე ხორციელდება დამსჯელი ღონისძიება - მე ასეთი კარგი, შენ ისეთი ცუდი ხარ.

ავტორი: Pro-Woman
მე ვფიქრობ, ამ ტიპის შურისძიება ბევრად უფრო აზიანებს დედასაც და შვილსაც. დავიწყოთ იქედან, რომ საკუთარი თავისთვის იდეალის დაწესება უკვე მცდარი დასაწყისია. ისედაც, ქალი და დედა ბევრად მეტი იდეალითაა დატვირთული (შესაბამისად შემოჭილი) თითქმის ყველა კულტურაში, და არა მგონია დამატებითი იდეალიზირება საჭირო იყოს. გაბრაზებული ხარ? გამოხატე. შეურაცხყოფილი ხარ? აღიარე რომ შინაგანად სამაგიეროს გადახდა გწყურია. აღიარება საკუთარ თავთან პირველი ნაბიჯია იმისკენ, რომ ამ მტკივნეულ მოგონებაზე მიბმულობა დაიკარგოს და ცხოვრება სხვა სიახლეებით გაგრძელდეს. 

ჩემთვის, ჯანსაღი დამოკიდებულება ისაა, რომ აიძულო ბავშვის მამა აიღოს პასუხისმგებლობა, აიძულო მიიღოს მომაწილეობა. აიძულო, ისევ შენი შვილისთვის, რომ თანდათან თითონაც გაუჩნდეს ინვესტიცია ამ ურთიერთობაში და ამოუვსებადი უფსკრულით არ ჩამორჩეს შენს მიერ გაწეულ ამაგს. ერთ-ერთი ასეთი ,,იძულება" სწორედ ალიმენტია. აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ არიან ადამიანები, რომლებთანაც არაფერს აქვს აზრი, მაგრამ ხომ შეიძლება ეს ის შემთხვევა არ იყოს? მე ფსიქოლოგი არ ვარ, მაგრამ ძალიან მარტივია - თუკი თავს ,,მოიწმინდანებ" და ბრაზს არასოდეს გამოუშვებ, ის ბრაზი არც არასდროს გაგივლის. საუკეთესო შემთხვევაში, გრძელვადიანად გაგჭედავს მტკივნეული გამოცდილების ზეგავლენაში.  ამ უკანასკნელის გადალახვა კი აუცილებელია, რომ ცხოვრება სხვა კალაპოტში გააგრძელო და გმირი დედის გარდა, საინტერესო, წარმატებული, რეალიზებული და ბედნიერი ქალის ტიტულებიც მოიპოვო.