Tuesday, August 13, 2013

როგორ მივიღოთ ალიმენტი ქართველი „ვაჟკაცისგან“ - ნაწილი II

კომენტარი პოსტის პირველ ნაწილზე, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ აქ:



და მართალიცაა. როდესაც საკითხი პრინციპულია, არც სასამართლოში სირბილს დაიზარებ, არც ორგანიზაციებთან კონსულტაციების გავლას, მაგრამ მედლის მეორე, ემოციური მხარის გამკლავება არც ისე ადვილია. როდესაც საქმე სასამართლომდე მიდის,თავისთავად ცხადია, რომ შეგნებულ, პასუხიმგებლიან ადამიანთან არ გვაქვს საქმე. შესაბამისად, შეუგნებელი ადამიანი აუცილებლად იტყვის ან გააკეთებს რაღაცას ისეთს, რაც სულ მცირე, 5 წუთით მაინც გაგვიფუჭებს განწყობას. მე საკმაოდ ძლიერი ადამიანი ვარ, თუმცა წინა პოსტში ნახსენები ,,ნახმარი ტანსაცმელი" სრული გულგრილობით არ მიმიღია. 

მიმოწერა გრძელდება


ბევრი რომ არ გავაგრძელო, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე ჩარიცხვა სულ 3-ჯერ განხორციელდა. ყოველი ახალი ჩარიცხვა იწელებოდა, და როდესაც ვიკითხავდი თარიღს, ვისმენდი ისეთ პასუხს, რომელიც ხაზს უსვამდა, რომ აჯობებდა მშვიდად დავლოდებოდი - რადგან მე ,,ვთხოვდი", ის კი კეთილ ნებას ამჟღავნებდა. ცხადია, ამ პატარა მინიშნებებზე სიმშვიდის შენარჩუნება არ იყო იოლი, მაგრამ დიპლომატიას არ ვღალატობდი. აგვისტოში ჩარიცხვა ,,ვერ მოახერხა", მაგრამ მომწერა, სექტემბერში ავანაზღაურებო. სექტემბერში, როგორც მოსალოდნელი იყო, ანაზღაურება არ მოხდა და მხოლოდ 400 ლარი ჩაირიცხა. 

2011 წლის ოქტომბერი. მე უკვე საქართველოში აღარ ვიმყოფები და ფინანსური დახმარება ბავშვისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. რეგიონში მოქმედი პროგრამის მიხედვით, დედაჩემი გათავისუფლებული იყო ბაღის გადასახადისგან, რომელიც დაახლოებით 30 ლარს შეადგენდა. მაინც, ოჯახისთვის, რომელსაც მუდმივი შემოსავალი არ აქვს, ეს კარგი შეღავათი იყო. მე ველოდები რიგით მეოთხე ტრანზაქციას, და ამ დროს მივიღე წერილი:

ბიოლოგიური მამა, 6 ოქტომბერი, 2011.
"ცნობისთვის ბავშვის ბაღის საფასური აგვისტოს თვემდე გადახდილია. სულ 315 GEL".

.
მე. 8 ოქტომბერი, 2011


ცხადია, შემეძლო უფრო რბილად მიწერა, მაგრამ მეც კრიტიკულ ზღვარზე ვიყავი. გადავწყვიტე, რომ საზღვარი აქვს დიპლომატიასაც, და ამ ელექტრონულ ჭიდილს ყოველ თვეში, სასამართლოთი გარკვეული სიტუაცია მერჩივნა.



ბიოლოგიური მამა, 9 ოქტომბერი, 2011

მცირე ანალიზი გავუკეთოთ წერილს.

  • ბავშვი ამ მომენტისთვის უკვე 4 თვეა იმყოფება იმავე ქალაქში, და მას არც ერთხელ არ გამოუთქვამს ნახვის სურვილი. დავუშვათ, რომ მესმის. არ უყვარს ეს ბავშვი და რა ქნას. მაგრამ ფაქტი კი ფაქტად რჩება - ანგარიშის ნომერი ,,სხვა გზის" მონახვის შემდეგ კი არ გახდება ბავშვი, არამედ არც მანამდე ყოფილა უფრო მეტი. 
  • ,,შეიღირსიე რასაც ვაკეთებ, სულელური შეკითხვები აღარ დასვა" - შეღირსიება მაფიქრებინებს, რომ მე მადლიერი უნდა ვყოფილიყავი იმისთვის, რასაც აკეთებდა. თუკი მადლიერი არ ვიქნებოდი, ავტომატურად უმადური ვხდებოდი. მთელი თვე მშვიდად უნდა დავლოდებოდი რასაც გადაწყვეტდა, და არ გამებედა მეკითხა, რას აპირებდა და როდის.
  • ,,ყველა შენს საქციელს ანალიზი გაუკეთე ჩემთან მიმართებაში" - ის სათუთი ადამიანია, მას უნდა მოვუფრთხილდეთ. 
  • ,,შენს შვილს იმაზე უკეთესი მომავალი ექნება" - შვილი მხოლოდ ჩემია.
  • ,,დარწმუნებული ვარ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებ" - ეს უკვე მუქარას გავს. ის ფიქრობს, რომ ამ მუქარის შემდეგ მე სასამართლოზე ფიქრს დავივიწყებ.
  • ,,ვიდრე ჩემი ინიციატივით მზად ვარ გავუკეთო" - მას ჯერ კიდევ გონია, რომ რასაც აკეთებს, იმ მისი კეთილი ნებაა, ქველმოქმედებაა, და ეს უნდა დააფასონ.
  • ,,ბოდიში რომ გვიან გწერ პასუხს" - ის თავაზიანია.


ამ წერილის შემდეგ რაღა დამრჩენოდა, და სასწრაფოდ დავიწყე არასამთავრობო ორგანიზაციის ძებნა. ამის დეტალები პოსტის წინა ნაწილში მიწერია, ამიტომ აღარ შევყოვნდები. უკვე ზამთარი იქნებოდა, როდესაც ,,საია"-მ ჩემი საქმე აიღო.  ყველაფერი ძალიან იწელებოდა. პირველ რიგში იმიტომ, რომ მე საზღვარგარეთ ვიყავი, და იურისტთან იმეილებით ვკონტაქტობდი. ამასობაში სწავლაც დავასრულე და 2012 წლის ივლისში საქართველოში დავბრუნდი. ამ ეტაპზე უნდა შედგარიყო პატარა პროცესი, რომელსაც უდაო წარმოება ქვია. ბიოლოგიურ მამას დაიბარებდნენ, და თუკი ის აღიარებდა, მამობა დადგენილად ჩაითვლებოდა. 

არ აღიარა. თუმცა, ჩემი იურისტი დარწმუნებული იყო, ხვალ შევხვდები და დაველაპარაკებიო. შეხვედრაზე გაირკვა, რომ დეენემის ანალიზის გაკეთება სურს. ადვოკატმა მორიდებით შემატყობინა ეს. მე გავიღიმე და გავიფიქრე, რომ ასე ჯობია. საინტერესო იყო სცენა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ეზოში. ბიოლოგიური მამა 4 ძმა-ბიჭთან ერთად გამოცხადდა - სულაც არაა დეენემი ინტიმური საკითხი. ჩვენ - მე, ბავშვი და ჩემი ქმარი მშვიდად მივედით, შემდეგ მე და ბავშვს სინჯი აგვიღეს და წამოვედით.

ძალიან მომწონდა ხუმრობა, რომ ეს ამბავი სერიალივით გაგრძელდებოდა. რომ დეენემის პასუხი უარყოფითი იქნებოდა, ყველა გაბრაზდებოდა ჩემზე, მე გავბრაზდებოდი ყველაზე, რკინის ქალამნებს ჩავიცვამდი და სიმართლის დასამტკიცებლად 9 მთას გადავივლიდი. მაგრამ ამჯერად სერიალი არ გაგრძელდა, პასუხი დადებითი აღმოჩნდა, და მამობის დასადასტურებლად იუსტიციის სახლში წავედით.

სცენა: მე, ფემინისტი აქტივისტი, ის, და იუსტიციის სახლის ოპერატორი. უცებ კითხულობს ბავშვის სახელს და გვარს, და ჩემი გვარი ჩანაცვლებული აქვს მისი გვარით. მართლა საინტერესოა, რომ ოდნავადაც არ აქვთ გააზრებული უბრალო წესები - ჯერ გკითხონ, ბავშვს გვარს უცვლი თუ არა. იმდენად მიღებულია, რომ თუკი მამობას ადგენ, ესე იგი გვარის მიღებისთვის იბრძვი, რომ უკითხავად ცვლიდა გვარს. ეს ხომ უბრალო წესია, აბა გენდერულ სენსიტიურობას ვერავის მოთხოვ საქართველოში. სასწრაფოდ გავუსწორე შეცდომა, და დავიწყე მზადება სასამართლო პროცესისთვის.

სასამართლომდე


სასამართლოსთვის მზადებაც ისევე გამეწელა, როგორც წინა პერიოდი. სარჩელი,  სადაც 400 ლარს ვითხოვდი, 2013 წლის გაზაფხულზე ძლივს შევიტანე. როდესაც ფოსტით ე.წ. შესარგებელი მომივიდა (ეს არის მისი პასუხი ჩემს სარჩელზე), ჩვენს ულამაზეს აივანზე ვიჯექი. კონვერტი გავხსენი და კითხვა დავიწყე. უნდა ვაღიარო - ეს ადამიანი მოულოდნელობებით არის აღსავსე <3



მართლა დარწმუნებული ვარ, რომ თავდაჯერებულობით მოუვიდა. აბა იურისტი ამას როგორ დააწერინებდა? მითუმეტეს, რომ თუკი სარჩელს ბოლომდე წაიკითხავდა, აუცილებლად უნდა ენახა ბლანკის ბოლოს ეს განფრთხილება:



ამას გარდა, ,,მოხუცი მშობლებზე" მტკიცებულების გადამოწმებას ხომ რეესტრის საიტის ცოდნა და ძიების ფუნქციის გამოყენების წინ არაფერი უდგას? თუკი იჯარის ან ქირავნობის ხელშეკრულება დარეგისტრირებულია, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მივიდეს, გადაიხადოს 5 ლარი და ეს ხელშეკრულება გამოითხოვოს. მეც სწორედ ასე მოვიქეცი. და აი შედეგიც:




რასაკვირველია, ალიმენტის დანიშვნას ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ,,მოხუცი მშობლები" ან სხვა შვილები (თუკი მოპასუხეს ოჯახი ყავს) ხელს ვერ შეუშლის, მაგრამ მე მაინც მოვამზადე სათანადო დოკუმენტები, დავურთე ეს იჯარის ხელშეკრულება, 2011 წელს განხორციელებული 3 ჩარიცხვა და მოვამზადე მოხსენება:

,,მე არ ვარ დაინტერესებული თუ რა არის მოპასუხის ოჯახის ან თავად მოპასუხის დამატებითი შემოსავალი, მაგრამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მისი განცხადება მოხუცი მშობლების რჩენის თაობაზე ვერ დასტურდება მტკიცებულებით. პირიქით, როგორც ირკვევა წარმოდგენილი დოკუმენტიდან, ის არ შეესაბამება სიმართლეს".


სასამართლოში


23 ივლისს, 12:30 წუთზე სასამართლოში გამოვცხადდი. მარტო მივედი, ისიც მარტო მოვიდა. ერთმანეთს მივესალმეთ, ხელი ჩამოვართვით და შევედით. პროცესი დაიწყო. მოსამართლე გვეკითხება, თუ მორიგდებითო. მე ვაცხადებ, რომ 400 ლარს ვითხოვ, და არ ვარ თანახმა 300-ზე.

მოსამართლემ გამოყო დრო მოლაპარაკებისთვის, და მიმართავს:

,,იქნებ დათანხმდეთ მორიგებას?"

ის: ,,კარგი, 350 ლარზე თანახმა ვარ".

მოსამართლე მე მომმართავს. მე ისევ 400-ს ვითხოვ, და ვამატებ, რომ თუ ნებას დამრთავენ, წავიკითხავ მომზადებულ მტკიცებულებას.

მოსამართლე მას: ,,ხელფასი რამდენი გაქვთ?"

ის: ,,2225 ლარი".

მოსამართლე: ,,და 50 ლარი ბევრს გიწყვიტავთ?"

აქ უკვე დაირცხვინა და გამოტყდა: ,,პრინციპში, არა".

მოსამართლე: ,,მაშინ, დათანხმდით".

ის: ,,თანახმა ვარ".


მაშ ასე, მიუხედავად იმისა,რომ მთელი პროცესი თითქმის 2 წელი გავწელე, საბოლოოდ მაინც დაინიშნა ალიმენტი და დავა ჩემს სასარგებლოდ გადაწყდა. ვაღიარებ, რომ იყო ემოციურად რთული მომენტები, მაგრამ აუცილებელია ამის გავლა ყველა იმ მიზეზის გამო, რაზეც ვისაუბრე ამ პოსტში. იმედია, მოვახერხე თქვენი დარწმუნება იმაში, რომ დაბრკოლებებს არ უნდა შევუშინდეთ და ალიმენტი აუცილებლად უნდა მოვითხოვოთ. მართლაც არის დრო შემოვულაწუნოთ უპასუხისმგებლო კაცებს და შევცვალოთ ის მიდგომა, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ქალებს აწევთ შვილების აღზრდის ტვირთი.


13 comments:

  1. ძალიან საინტერესოა .

    შენი ქმარი როგორ უყურებდა ამ პროცესს ? არ აღიზიანებდა ?

    ReplyDelete
  2. როდესაც ჩემი შვილის მამამ ბავშვის ნახვა მოისურვა, ჩემი და ჩემი ქმრის ურთიერთობა ახალი დაწყებული იყო. მაშინ თავისი აზრი დააფიქსირა, რომ არაფერი არ გინდოდესო. მე ვუპასუხე, რომ კაგრი, მაშინ შენ გადაიხადე ალიმენტი მეთქი :) ეს ხუმრობით, მაგრამ ავუხსენი, რომ ბავშვს ბევრი ხარჯი აქვს, და საჭიროა მისი ბიოლოგიური მშობელი იღებდეს თანხას. ამას გარდა, ურთიერთობას რომ არასოდეს ავუკრძალავდი.

    მერე და მერე, მიმოწერაში რაც ხდებოდა, მთლად არ ვაკითხებდი წერილებს :) აი დეენემი რომ მოითხოვა, მაშინ უკვე ამოიღო ხმა ჩემმა ქმარმა, თავის ჭკუაში ეხლა შეურაცხყოფა რომ მოგაყენა კიდევ, არაფერი არ უდნა შეარჩინო მართლაცო.

    შემდეგ უკვე პროცესი დაიწყო და უბრალოდ არ ერეოდა. ჩემი მოსაგვარებელი საკითხი იყო და მოვაგვარე კიდევაც, საბედნიეროდ :)

    ReplyDelete
  3. 2225 ლარი აქვს ხელფასი, ალიმენტი არის 30%, შესაბამისად 667,5 ლარი გეკუთვნოდათ. მოგეთხოვათ სრული. მასეთებს ბოლომდე უნდა ამოხადო სული :)

    ReplyDelete
    Replies
    1. მართალი გითხრა მეტის მოთხოვნაზე არ მიფიქრია. არა იმიტომ რომ ძალიან კარგი ვარ, უბრალოდ 400 ლარი სამართლიანი თანხაა. კარგ სკოლაშიც მივიყვან ბავშვს მომავალ წელს.

      Delete
  4. ისე, თვეში ბავშვის მოვლა-შენახვა რა ღირს, დათვლილი აქვს ვინმეს? ძალიან მაინტერესებს

    ReplyDelete
    Replies
    1. სალამი, ელისო.

      როდესაც თანხაზე ვთანხმდებოდით, მე დავთვალე მაშინ. სახელმწიფო ბაღში სიარული, პლუს ცოტა ჩაცმა (რადგან რაც არ უნდა მოგცეს სხვამ,გარკვეული რარაცეების ყიდვა მაინც საწიროა), ჯანსაღი კვება, ცოტაოდენი გართობა და სათამაშოები - 600 ლარზე ცოტა მეტი გამოვიდა. მაგრამ ეს იყო ძალიან ეკონომიურად დათვლილი. ამ ივლისში სახელმწიფო ბაღის საზაფხულო ჯგუფში ვერ ჩავსვი, და 300 ლარი მარტო ბაღი დაჯდა ერთი თვე.

      ამას დაუმატე ავად რომ გახდება, ექიმი, წამლები.

      ჩემი გამოცდილებით, ჩვილზე მეტი ხარჯი მიდის. თუ მუშაობ ძიძა გჭირდება, პამპერსი, მინიმუმ ხელოვნური რძე (ფაფებს მე სახლში ვაფქვევდი ბურღულს და ისე ვუკეთებდი), ეტლი ჯერ პატარის და მერე დიდის.

      მოკლედ, ხარჯს რა დალევს :)

      Delete
  5. ვაჰ, დნმ-ის ანალიზი ძვირი არ ჯდება? რა ძალა ედგა?

    პ.ს. ფეისბუქზე მხოლოდ ლაიქით შემოვიფარგლე და აქ მოგილოცავ, არაჩვეულებრივად პოზიტიური ფოტოები იყო ქორწილის, ბედნიერებას გისურვებთ ! :)))

    ReplyDelete
  6. მადლობა, კიდევ იქნება ფოტოები :))

    დნმ 1500 გელ ღირს :) პრინციპისთვის რას არ დახარჯავ ადამიანი ;)

    ReplyDelete
  7. ukacravad, mainteresebs magalitad, roca mamas 500-600 lari aqvs xelpasi, rogor sheizleba ganisazgvros alimentis odenoba? mec igive problema maqvs, 100 lars uxdis, isic didi xvecnis mere.. :)

    ReplyDelete
    Replies
    1. მეგი, სალამი, მადლობა კომენტარისთვის.

      30%–მდე არის ალიმენტი, ანუ 500 ლარის შემთხვევაში 150 ლარამდე შეგეძლო მოგეთხოვა. თუმცა, თუკი დაუმტკიცებ რომ სხვა შემოსავალიც აქვს (მაგალითად ბინას აქირავებს), იქედანაც მოუწევს გადახდა. ეს პროცესი კერძო ადვოკატის კარეშე ადვილი არ იქნება, ანუ ისევ მოგიწევს სირბილი, დამტკიცება და მოთხოვნა.

      Delete
    2. Mindoda mekitxa chemi yofili qmari safrangetshia da am shemtxvevashi rogor xdeba iqneb mitxrat madlobt

      Delete
  8. ძალიან გთხოვ, იურისტის კონტაქტი მომეცი. მე გაყრის პროცესში ვარ და არცერთი იურისტი არ იღებს თავზე. მეუღლე ამერიკელია, ხელს არ აწერს გაყრაზე და რთული სიტუაციაა.

    დიდი მადლობა. ჩემი მეილია ჯოჰნსონ.ტატია@გმაილ.ცომ

    ReplyDelete
  9. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete