Friday, October 25, 2013

განსხვავებულის დევნა, სიძულვილი და შიში – ანუ ეროტიკული ,,სხვა“ სექსუალობის ისტორიაში

სტატია, რომელიც სექსუალობის პოლიტიკის მცირე ისტორიული მიმოხილვაა, ,,იდენტობის" მიერ ორგანიზებული საჯარო ლექციების სერიისთვის მოვამზადე. სტატია ძირითადად თარგმნილი მასალის წარმოდგენაა და ნაკლებადაა ჩართული ანალიზი, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ამ ტიპის მასალა საკმაოდ დეფიციტურია ქართულ ენაზე – ვფიქრობ მაინც საინტერესო უნდა იყოს   მკითხველისათვის. მსჯელობა და ანალიზი შეგვიძლია კომენატრების საშუალებით განვავრცოთ.

ნაცისტური სექსუალობის პოლიტიკა
პოლიტიკა – როგორც საჯარო, საზოგადოებრივი მოღვაწეობის სფერო,  და სექსუალობა – როგორც ყველაზე პირადისა და ინტიმურის განსაზღვრება – ერთ კონტექსტში არც ისე შორეულ წარსულში მოხვდა. ტერმინი ,,სექსუალობის (სქესობრივი) პოლიტიკა“ (sexual politics) 70-იან წლებში გაჩნდა, ანუ მაშინ, როდესაც მკვიდრად გამიჯნული საჯარო და პირადი სფეროების რღვევა დაიწყო. ძალაუფლების სქესებს შორის გადანაწილების სტრუქტურებიდან გამომდინარე, პოლიტიკა მხოლოდ ფორმალურ სფეროში არ რჩება და გავლენას პირადი ურთიერთობების პრინციპებზეც ახდენს. ანუ, პირად ურთიერთობებში ძალაუფლება ფართომასშტაბიანი პოლიტიკის შედეგად ნაწილდება, ეს უკანასკნელი კი საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა, ძლიერდებოდა და იჭრებოდა ჩვენს ცნობიერებაში. სწორედ ამიტომ, დამკვიდრებული და მიღებული პრინციპები ბუნებრიობის ელფერით საიმედოდ არის შეფუთული. 

ისტორიულად სქესობრივი ან/და სექსუალობის პოლიტიკა  რეპრესიული ხასიათისაა და იგი სექსუალობის ერთი ფორმის წაქეზებით მეორე ფორმას ზღუდავს, დევნის და ახშობს. ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე ნორმის დადგენას სხვადასხვა კრიტერიუმი განსაზღვრავდა, სხვადასხვა მიზეზი და მიზანი ადგენდა სექსუალობის პოლიტიკის ფორმას და მისი გატარების მეთოდებს. ის მორალი და ნორმები, რასაც დღეს ჩვენ ვიღებთ როგორც ჭეშმარიტს, ეჭვგარეშეს და საზოგადოების საყრდენს, კონკრეტული და პოლიტიკური მიზნების მიხედვით ჩამოყალიბდა. წინამდებარე სტატია მიყვება ისტორიის ხაზს იმისათვის, რომ ყურადღების ცენტრში მიზეზები მოექცეს: თუ როგორ და რატომ მივიღეთ ის ნორმები, რაც დღეს გვაქვს; და შევაფასოთ, რამდენად მისაღებია ეს ნორმები კრიტიკის და კითხვების დასმის გარეშე.  სხვადასხვა ავტორის ნამუშევრების შეჯერების გზით მე მოვახდენ დემონსტრირებას, თუ როგორ იქმნება და იდევნება ეროტიკული ,,სხვა“, როგორც ჯანსაღი საზოგადოებითვის საშიში ელემენტი და როგორ განსხვავდება ამ დევნის არგუმენტები სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში. ჩემ მიერ წარმოდგენილი მასალა ასევე გამოკვეთს, თუ რაოდენ პირობითია ,,ჯანსაღის“ და ,,ნორმალურის“ ცნება. 

სექსუალობის რაობა


რა არის სექსუალობა? რა განსაზღვრავს მას დღეს და რა განსაზღვრავდა მას ისტორიულად? შეიძლება თუ არა ვილაპარაკოთ სექსუალობის ისტორიაზე? დევიდ ჰალპერინის მიხედვით, სექსის ისტორიაზე საუბარი შეუძლებელია, რადგან იგი  სხეულის ფუნქციონირებასთან მიბმულ ბუნებრივ ფაქტს წარმოადგენს, რასაც ვერ ვიტყვით სექსუალობაზე: „...სექსუალობა კულტურული პროდუქტია: ნორმებს სხეულის და მისი ფსიქოლოგიური შესაძლებლობების შესახებ იდეოლოგიური დისკურსები ქმნიან. სექსუალობა არ წარმოადგენს სხეულებრივ ფაქტს, ის კულტურული ეფექტია“ (1993, გვ. 416). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სექსუალობის არსი გაიგება ისე, როგორც კონკრეტული ეპოქა შექმნის მას რიგი ფაქტორებისა თუ პოლიტიკის მიხედვით. მარტივი მაგალითია იმ კრიტერიუმებზე დაკვირვება, რაც სექსუალურობას განსაზღვრავს. თუკი დღეს პოპულარული კულტურა გამხდარი ქალის ფორმებს გვაწვდის როგორც იდეალურს და სასურველს, რამდენიმე საუკუნის წინ გაცილებით მრგვალი ფორმები ითვლებოდა მიმზიდველად. ამ პარალელით მინდა ხაზი გავუსვა,  თუ რაოდენ დიდ გავლენას ახდენს ჩვენს აღქმაზე კონკრეტული დისკურსები, იდეოლოგიები და ამას დამატებული თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილები  - პოპულარული კულტურა, მოდა და ასე შემდეგ. ფაქტიურად არ არსებობს ცნება, რაზეც  ხელაღებით შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ მის მიმართ დამოკიდებულება, მისი აღქმა ჩამოგვიყალიბდა დამოუკიდებლად, ჩვენი შინაგანი განწყობით, გარე ფაქტორების ზემოქმედების გარეშე. ის, რასაც დღეს ჩვენ ვიღებთ როგორც ბუნებრივს, ცხადს და ჭეშმარიტს, გარკვეული ისტორიის შედეგად ჩამოყალიბდა იმ სახით, რითიც არსებობს; ის, რაც თუნდაც მრავალი საუკუნე ითვლებოდა ნორმად, არ ამტკიცებს ამ ნორმის ჭეშმარიტებას. ამ განცხადების ცნობილი ფემინისტური არგუმენტია მონების მაგალითი: მონები ჰყავდათ და მათით ვაჭრობდნენ საუკუნეების განმავლობაში, მაგრამ დღეს ეს ითვლება კრიმინალად და ნორმის აბსოლუტურ დარღვევად. 

საინტერესოა სექსუალობის ცნების ანტიკური და თანამედროვე განმატების დაპირისპირება. თანამედროვე განსაზღვრება სექსუალობას წარმოგვიდგენს როგორც  ,,გამოყოფილ, სექსუალურ სფეროს ადამიანის ფსიქოლოგიური ბუნების უფრო ფართო სივრცეში. მეორე რიგში, სექსუალობა ზეგავლენას ახდენს, რომ ეს სფერო გაიჯნოს და იზოლირდეს პიროვნული და სოციალური ცხოვრების ყველა სხვა სფეროსაგან (...). და ბოლოს, სექსუალობა ქმნის იდენტობას: ის გვაჯილდოებს ინდივიდუალური სექსუალური ბუნებით, სადაც პიროვნული არსი განსაზღვრულია (სულ მცირე ნაწილობრივ) სპეციფიური სექსუალური თვისებებით; რაც გულისხმობს, რომ ადამიანები სწორედ სექსუალურ დონეზე ყალიბდებიან ცალკეულ ინდივიდებად, გამოირჩევიან ერთმანეთისაგან თავიანთი სექსუალობით და მიეკუთვნებიან სხვადასხვა ტიპებს სწორედ სექსუალობიდან გამომდინარე“ (ჰალპერინი, 1993, გვ. 417). ანუ, დღეს სექსუალობა გაიგება როგორც პიროვნების ფსიქოლოგიის ცალკეული, შემადგენელი ნაწილი, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს კიდეც ამ პიროვნებას. 

საკმაოდ კონტრასტულად გამოიყურება კლასიკური ათენის მაგალითი. ათენის მაგალითს ვიღებ იმ მიზეზით, რომ ბერძნული კულტურა ცივილიზაციის, ხელოვნების, მეცნიერების აკვნად მიიჩნევა. ათენში სქესობრივი აქტი გაიგებოდა არა როგორც მონაწილეების შინაგანი მიდრეკილებების ამსახველი ორმხრივი ქმედება, არამედ როგორც სოციალური სტატუსით მინიჭებული უფლების განხორციელება უფრო მაღალი სტატუსის მქონე პირის მიერ უფრო დაბალი სტატუსის მქონეზე  (ჰალპერინი, 1993, გვ. 418). მაღალი სტატუსის მქონე, რასაკვირველია, იყო მოქალაქე მამაკაცი, ანუ „პენეტრეიტორი,“ ანუ მოქმედების ინიციატორი და შემსრულებელი; ხოლო მიმღები შეიძლებოდა ყოფილიყო დიდგვაროვანი ქალი, პროსტიტუციით დაკავებული ქალი ან ახალგაზრდა მამაკაცი, ან მომავალი მოქალაქე - ბიჭი მოწიფულ ასაკამდე. სექსუალური ობიექტის არჩევანი არ განსაზღვრავდა მოქალაქის შინაგან მიდრეკილებებს, ეს უბრალოდ გემოვნების საკითხად ითვლებოდა. მაგრამ სქესობრივი აქტი სოციალურ კიბეზე უპირატეს ადგილს უჩენდა მოქალაქეს და დაქვემდებარებულს -ყველა დანარჩენს (ჰალპერინი, 1993). 

ათენის მაგალითი სწორედ იმას გვიჩვენებს, თუ რამდენად ურთიერთგადაჯაჭვულია „სოციალური პრაქტიკა და სუბიექტური გამოცდილება“ (ჰალპერინი, 1993, გვ. 419). იმისდა მიუხედავად, რომ დღეს სწორედ სექსის ობიექტის არჩევას ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა ადამიანების კატეგორიებად დაყოფის თვალსაზრისით, სოციალურის და სუბიექტურის ურთიერთქმედება კვლავაც გადამწყვეტ როლს თამაშობს. სოციალური ფაქტორები ადგენენ ნორმას, რომელიც ორიენტირებულია სუბიექტური გამოცდილებების კონტროლზე, რათა უზრუნველყოს ნორმის არსებობა და შენარჩუნება. ნორმის დაწესება კი, თავის მხრივ, ნორმიდან უმცირეს გადახვევასაც კი უპირობოდ ათავსებს არა–ნორმალურის კატეგორიაში. 

ნორმა, მორალი, ნაციონალიზმი


რა არის ნორმა და ვინ დაადგინა ის? რა არის ნორმალური, მისაღები და სათანადო სექსუალური ქცევა დღეს? რას წარმოადგენს მორალის არსი, რომელიც საზღვრებს უწესებს ჩვენს ყოველდღიურ სექსუალურ პრაქტიკას? ჯორჯ მოსი (1985) ამტკიცებს, რომ ნაციონალიზმი არის ყველაზე მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორი თანამედროვე ნორმატიული სექსუალობის ჩამოყალიბებაში. მოსი ,,რესპექტაბელურობის“ ცნებას ნაციონალიზმის ცენტრალურ საყრდენს უწოდებს, სადაც რესპექტაბელურობა აღნიშნავს ,,წესიერ და სწორ“ მანერებს და მორალს, რაც მოიცავს სექსუალობისადმი სათანადო დამოკიდებულებასაც“ (მოსი, 1985, გვ.1). ნაციონალისტურ დისკურსში სექსუალობა ინტენსიურად განიხილება მორალურ ჭრილში, რადგან სექსუალობა ,,ფუნდამენტალური მახასიათებელია ადამიანის ქცევის“, ხოლო ქცევა, თავის მხრივ, შინაგანი მორალურობის და წესიერების გამომხატველი უნდა იყოს (მოსი, 1985, გვ.2).  

მაშინ, როდესაც ნორმალურს და მორალურს განვიხილავთ, არ უდნა დაგვავიწყდეს, რომ ეს კონკრეტული ნორმები და მორალები საზოგადოებაში მუდამ არ არსებობდა. ისტორიის სხვადასხხვა ეტაპზე ნორმის გაგება იცვლებოდა იმ ეპოქისათვის დამახასიათებელი პოლიტიკის მიხედვით. ჯორჯ მოსი ამტკიცებს, რომ დღევანდელი ნორმები იმ პერიოდიდან იღებს სათავეს, როდესაც ნაციონალიზმის, როგორც იდეოლოგიის ჩამოყალიბება დაიწყო. ეს კი, მეცხრამეტე საუკუნის მიწურულში მოხდა (მოსი, 1985, გვ.1). ნაციონალიზმი სწორედ ის იდეოლოგიაა, რომელმაც მკვეთრი ხაზი გაავლო ნორმალურსა და არა-ნორმალურს შორის, და ასევე განსაზღვრა თუ როგორ უნდა გაკონტრელებულიყო და შენარჩუნებულიყო დადგენილი ნორმები. (მოსი, 1985, გვ.10). ნაციონალიზმმა შექმნა მითი, თუ ,,რანი ვიყავით“, რასთანაც მტკიცედაა მიბმული კონკრეტული ერის ნაციონალური იდენტობა, ხოლო ნებისმიერი გადახვევა ამ იდეალიდან ერის ღალატად ითვლება. თუნდაც ის, რომ ნაციონალიზმი ოჯახის სიმბოლიკას იყენებს, უკვე კონკრეტულად აწესებს იმის რწმენას, რომ ნორმატიული სექსუალობა მოიაზრებს მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას და მხოლოდ ოჯახურ სივრცეში. 

აუცილებელია აქვე აღინიშნოს, რომ ოჯახური საზღვრებით, ძირითადად, ქალის სექსუალობაა შემოფარგლული. მამაკაცის შემთხვევაში კი პირიქით: ტრადიციული სექსუალობის ფარგლებში მრავალრიცხოვანი თავგადასავლები სტერეოტიპულად აუცილებელიც კია რესპექტაბელური მამაკაცის იმიჯისათვის (ნაგელი, 1998). ამ კონკრეტული განცხადების ღრმად განხილვის სივრცეს მოცემულ სტატია არ მაძლევს, მაგრამ მაგალითისათვის საკმარისია ქართულ რეალობაში რელიგიის სახელით ქალის სექსუალობის მუდმივი შეზღუდვა და ამის პარალელურად ქართველი მამაკაცის მაჩო იმიჯის განმეორებითი გაძლიერება და პოპულარიზაცია გავიხსენოთ. თუკი რელიგია ქალს მოუწოდებს, თავი შეიკავოს სქესობრივი ურთიერთობისაგან ჯვრისწერამდე, იგი ზუსტად იმავეს ავალდებულებს მამაკაცსაც. მაგრამ აქ რელიგია და კულტურული სტერეოტიპები მოდის წინააღმდეგობაში: პატრიარქალურ საზოგადოებაში სექსუალურად გამოუცდელი მამაკაცი დაცინვის ობიექტს წარმოადგენს, თუმცაღა სექსუალურ გამოცდილებაში მხოლოდ ტრადიციული, ჰეტერონორმატიული გამოცდილება მოიაზრება. არატრადიციული ანუ არა-ნორმალური სექსუალური აქტივობა  კვლავ რელიგიის სახელით იგმობა და იდევნება. 

ანდრე ტისოტი
სანამ დავუბრუნდებით ნაციონალიზმში სექსუალობის პოლიტიკას, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ თანამედროვე ნაციონალიზმის აღმოცენებას წინ უსწრებდა მეთვრამეტე საუკუნეში სექსუალობის მედიკალიზაცია. შვეიცარელი ექიმის, სიმონ ანდრე ტისოტის 1760 წელს გამოცემული წიგნი ,,ონანიზმი“, რომელიც ვოლტერმა და რუსომ აიტაცეს, მასტურბაციას საზოგადოებისათვის განსაკუთრებულ საფრთხედ აღიქვამდა. საინტერესო ფაქტია, რომ 1775 წელს პარიზში ცვილის მუზეუმი გაიხსნა, სადაც წარმოდგენილი იყო ნამუშევრები, რომლებიც  მასტურბაციაზე შექმნილ სტერეოტიპებს ამყარებდნენ:  დასუსტებული, ფერმკრთალი, ვენერიული დაავადებებით დაუძლურებული ფიგურები საზოგადოებას სექსუალური სურვილების გაკონტროლებისკენ მოუწოდებდა (მოსი, 1985, გვ. 11-13). ამ სტერეოტიპის განვრცობის შედეგად იოჰან ვალენტინ მიულერი 1796 წელს აცხადებდა, რომ მასტურბაცია სექსუალური ზღვარგადასულობის დასაბამი იყო, და ჰომოსექსულობამდე მიჰყავდა ადამიანი - ეს იდეა კი კარგად იქნა გამოყენებული მეცხრამეტე საუკუნეში ნაციონალისტების მიერ (მოსი, 1985, გვ. 29).

მოყვანილი მაგალითები ძალიან ნათლად აჩვენებს, როგორ იქმნებოდა მითი სექსუალობის ერთ–ერთ ასპექტზე – მასტურბაციაზე, რაც თანამედროვე მედიცინის გადასახედიდან, აბსოლუტურად აბსურდული შეხედულებაა. ამ მითის მუტაციის შედეგად კი ჰომოსექსუალსა და მასტურბატორს შორის მოხდა მტკიცე ხაზის გავლება, რაც ყოველ ჰომოსექსუალს მასტურბატორად განიხილავდა, და კონკრეტული გარეგნული ნიშნებით ახასიათებდა: ის, რაც დამახასიათებელი იყო მასტურბატორისათვის, ბუნებრივია, დამახასიათებელი იქნებოდა ჰომოსექსუალისათვის. ამგვარად, მოხდა ჰომოსექსუალის სტერეოტიპული სახის შექმნა და მისი, როგორც სექსუალურად ზღვარგადასული, გადაჭარბებულად აქტიური და საზოგადოების მორალისათვის საშიში სუბიექტის სტიგმატიზირება.  

განსხვავებული სექსუალობების დევნა ფაშისტურ გერმანიაში


ბენედიქტ ფრიდლენდერი
მოსის მოჰყავს ძალიან საინტერესო მაგალითები იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობდნენ ჰომოსექსუალები ამ სტერეოტიპებთან ბრძოლას. ფერმკრთალ და ღონემიხდილ იმიჯს ღონიერი, ნავარჯიშევი სხეულით უპირისპირდებოდნენ, ზღვარგადასული სექსუალურ ქცევას - მოკრძალებული სექსუალური აქტივობით. ამასთან, იხსენებდნენ მაგალითებს ანტიკური ხანიდან იმის დასამტკიცებლად, რომ ისინი საუკეთესო ჯარისკაცები იყვნენ. ანუ, მარგინალიზებული ჯგუფი ცდილობდა რესპექტაბელურის კატეგორიაში მოხვედრას საზოგადოების მიერ დადგენილი ჩარჩოების მორგებით. მეტიც, მეოცე საუკუნის გერმანელი ჰომოსექსუალი ავტორი ბენედიქტ ფრიდლენდერი 1911 წელს გამოცემულ წიგნში გერმანიაში უკვე აგორებულ რასიზმსაც კი იშველიებდა ჰომოსექსუალობის დასაცავად. ის აცხადებდა, რომ ჰომოსექსუალებს სწორედ ებრალები ესხმოდნენ თავს რათა არიული, ვაჟკაცური ბუნება ჩაეხშოთ (მოსი, 1985, გვ.40-41). მიუხედავად ამ და სხვა მცდელობებისა, ნაცისტური რეჟიმი საპირისპირო ხედვამდე მივიდა: ,,ჰომოსექსუალობა მამაკაცურობას ნგრევის საფრთხის წინაშე აყენებდა, რის გამოც ნაციზმმა ამ საფრთხისათვის წერტილის დასმა გადაწყვიტა (მოსი, 1985, გვ. 43).

ნაცისტური სექსუალობის პოლიტიკა ხასიათდებოდა ანტი–სემიტიზმით გაჯერებული სექსუალური ემანსიპაციის რიტორიკით. რასაკვირველია, ამ პოლიტიკას ჰყავდნენ მოწინააღმდეგეებიც, მაგრამ ნაცისტი ლიდერები დადებითად უყურებდნენ თავისუფალი სექსის საკითხს, განსაკუთრებით კი ქრისტიანულ ეკლესიასთან დაპირისპირების ფონზე. რასიზმის წამყვანმა თეორეტიკოსმა, ჰანს ენდრესმა ამ სიტყვებით მიმართა აუდიტორიას 1941 წელს: ,,ჩვენ კრიმინალურ ფანატიზმში გავიზარდეთ, რადგან ორიანტალური ქრისტიანული მენტალიტეტი წნეხის ქვეშ ამყოფებდა ჩვენს ჟანსაღ გერმანულ სექსუალურ ინსტინქტებს. ჩვენმა ახალგაზრდა თაობამ ... უნდა იამაყოს თავისი სხეულით და ისიამოვნოს სექსის ბუნებრივი სიამეებით სირცხვილის გრძნობის გარეშე“ (ჰერცოგი, 2002, გვ. 9). უფრო მეტიც, ექიმი იოჰანეს შულცი 1937 გამოცემულ ესსეში ბავშვისა და მოზარდის მასტურბაციას ,,ახალგაზრდისათვის ცხოვრებისეული ძიების საჭირო და გარდამავალ ფაზად“ (ჰერცოგი, 2002, გვ. 14) მოიხსენიებდა. ის ასევე ამბობდა, რომ მასტურბაციისაგან თავის შეკავება ქალებში ფრიგიდულობას იწვევდა. 

ექიმი შულცი
ამ პროპაგანდის პარალელურად წამყვანი ჟურნალები თავს ესხმოდნენ ებრაელებს, მენტალურად დაავადებულებსა და ჰომოსექსუალებს. ექიმი შულცი იმ ადამიანთა შორის იყო, ვინც მონაწილეობას იღებდა მენტალურად დაავადებულთა მოსპობის პროექტში. ამასთან ერთად, სწორედ ის იღებდა გადაწყვეტილებას ჰომოსექსუალების ბედზე: შულცის თეორიის მიხედვით, ჰომოსექსუალები ორ ტიპად იყოფოდნენ. ერთი ტიპის ჰომოსექსუალებს თანდაყოლილად დაავადებულებს უწოდებდა, ხოლო მეორე ტიპის ,,განკურნებას“ შესაძლებლად თვლიდა. ჰომოსექსუალის ,,ტიპის“ დადგენა ხდებოდა შემდეგნაირად: თუკი ეჭვმიტანილი კომისიის თანდასწრებით სქესობრივ აქტს განახორციელებდა მეძავთან, მაშინ მას გაათავსუფლებდნენ; თუ ვერა – ეს ნიშნავდა, რომ მკურნალობას არ ექვემდებარებოდა და, შესაბამისად, მას საკონცენტრაციო ბანაკში გაამწესებდნენ (ჰერცოგი, 2002, გვ.14-15). 

ჰომოსექსუალობა ისჯებოდა კანონის 175 მუხლის თანახმად, რომელიც 1871 წლიდან იყო მოქმედებაში, ხოლო 1935 წელს ნაცისტებმა ის უფრო გააღმავეს და მკაცრ მოქმედებაში მოიყვანეს. ამ საკითხს ეძღვნება 2000 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმი  “Paragraph 175”, რომლის მიხედვითაც 100 000–მდე ადამიანის დაკავება  ნაცისტური რეჟიმის დროს სწორედ ამ მუხლით მოხდა. ამ ადამიანების ნაწილი საკონცენტრაციო ბანაკებში გადაგზავნა და მათგან მხოლოდ 4000-მდე გადაურჩა სიკვდილს. ფილმის გადაღების მომენტში მხოლოდ 10–მდე ადამიანი იყო ცოცხალი.

როგორც ვხედავთ, ნაცისტური რეჟიმი სექსუალური თავისუფლების გარკვეულ პროპაგანდას ეწეოდა, თუმცა, ამავდროულად, მთელი სისასტიკით დევნიდა არა–ნორმატიულ სექსუალობებს. ამ შემთხვევაში, განსხვავებული სექსუალობები იდევნებოდნენ არა რელიგიური ანუ სულიერი, არამედ ფიზიკური სიჯანსაღის მოტივებით. ჰომოსექსუალები იდევნებოდნენ როგორც განუკურნებელი დაავადებით შეპყრობილი ადამიანები, რომლებიც რასას აბინძურებდნენ.  ანუ, ამ შემთხვევაში ჯანსაღის ცნებას რასისტული პოლიტიკა ამკვიდრებდა, და მოიაზრებდა მხოლოდ ფიზიკურად და მენტალურად ჯანმრთელ, ჰეტეროსექსუალს არიელს. 

ეროტიკული ,,სხვა“ საბჭოთა კავშირში


ნაცისტურ მოდელს არც საბჭოთა იმპერია ჩამოუვარდებოდა განსხვავებული სექსუალობების დევნის თვალსაზრისით. მიტუმეტეს, რომ ლენინის პოზიცია სექსუალობის საჯაროდ დემონსტრირებისადმი უარყოფითი იყო. ბოლშევიკური იდეოლოგია სიამოვნებას საშიშ კატეგორიაში განიხილავდა, რომელზე აყოლაც სოციალისტურ სახელმწიფოს კაპიტალიზმის მორევისკენ წაიყვანდა (ჰილი, 2002, გვ. 354). მიუხედავად ამისა, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, ბოლშევიკების ძალაუფლებაში მოსვლის პირველივე წლებში კანონმდებლობაში სოდომის დეკრიმინალიზაცია მოხდა. კანონმდებლობიდან რელიგიური აკრძალვების ამოღებით თანამედროვე სოციალისტური სახელმწიფო სამეფო წარსულთან წყვეტდა კავშირებს და სოდომის საკითხის გადაწყვეტას მეცნიერებასა და მედიცინას აბარებდა. ეს პარადოქსი კარგი დემონსტრირებაა იმის, რომ ნორმები კონკრეტული პოლიტიკურ–ეკონომიკური საჭიროების მიხედვით ყალიბდება და მორალის სფეროში მხოლოდ საფუძველის გამაგრების მიზნით გადადის, რასაც წარმატებით ახორციელებს კიდეც.

ამ დროს საერთაშორისო მედიცინა წინ დგამდა ნაბიჯებს ჰორმონების უკეთ გაგების თვალსაზრისით. რასაკვირველია, საბჭოთა მედიცინაც ცდილობდა საერთაშორისო პრესტიჟის მოპოვებას და ენდოკრინოლოგია მნიშვნელოვან პრიორიტეტად იქცა. ამასთანავე, ენდოკრინოლოგია ანტირელიგიურ დისკურსსაც ერგებდა, და სექსს განსაზღვრავდა როგორც ,,ქიმიურ, და არა სულიერ ბაზისს“ (ჰილი, 2002, გვ. 355).  საბჭოთა ფსიქიატრები ჰორმონების საშუალებით ცდილობდნენ ჰომოსექსუალობის ახსნას და ფიქრობდნენ, რომ  თავისივე სქესის წარმომადგენლებისადმი მიზიდულობის მიზეზი სქესობრივი ჯირკვლების გადაგვარება შეიძლებოდა ყოფილიყო. 

რასაკვირველია, ეს დამოკიდებულება ჰომოსექსუალობას, როგორც ავადმყოფობას ისე განიხილავდა, მაგრამ არ დევნიდა მას. პედერასტია, როგორც ასეთი, განიხილებოდა როგორც რელიგიური კულტურისთვის დამახასიათებელი თვისება, რომელიც ყვაოდა მონასტრების ერთსქესიან სამყაროში, სადაც აცდუნებდნენ ახალგაზრდა ყმაწვილებს. საეკლესიო პედერასტიას უპირისპირდებოდა მორალურად სუფთა, მშრომელი საბჭოთა მოქალაქის სახე და ეს 1920-იან წლებში ათეისტური დისკურსის მუდმივი თემა იყო (ჰილი, 2002, გვ. 356). 

ჩიჩერინი
საბჭოთა ფსიქიატრების ჩანაწერები უჩვენებს, რომ ინდივიდუალი ჰომოსექსუალების მიმართ ისინი თანაგრძნობას გამოხატავდნენ. თუკი მშრომელი, პატიოსანი საბჭოთა ადამიანი თავისივე სქესით იყო დაინტერესებული, ამის გამო მას არ დევნიდნენ. პოლიტიკურ ფიგურათა შორის ამის ცნობილი მაგალითია გ.ვ. ჩიჩერინი, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა 1918-30 წლებში. აღსანიშნავია, რომ საკმაოდ მიღებულები იყვნენ სამხედრო პოზიციებზე მყოფი ქალები, რომლებიც, პრაქტიკულად, ტრანს–გენდერებს წარმოადგენდნენ. უფრო მეტიც, დახურულ კარს მიღმა სამედიცინო ექსპერტები იმაზეც კი მსჯელობდნენ, რომ მათთვის პარტნიორ ქალებზე დაქორწინების უფლება უნდა მიეცათ. 

ხელისუფლებაში იოსებ სტალინის მოსვლის და ეკონომიკის ,,პირველი 5 წლის გეგმის“ წარმოდგენის შემდეგ დღის წესრიგში დადგა ქალაქებში უზომოდ გაზრდილი მოსახლეობის პრობლემის გადაჭრის საკითხი. დაიწყო ქალაქების წმენდა ,,სოციალური ანომალიებისაგან“, რომლებსაც შეადგენდნენ მათხოვრები, უსახლკაროები და მეძავები – ანუ ადამიამები, რომლებიც სოციალისტურ სახელმწიფოში არასათანადო ეკონომიკურ ურთიერთობების წარმოშობას უწყობდნენ ხელს. სოციალურ წმენდასთან დაკავშირებული იდეები საიდუმლო პოლიციის უფროსის მოადგილის, იაგოდას მიერ მუშავდებოდა. 

იაგოდა
მიუხედავად იმისა, რომ ,,სოციალურად საშიში ელემენტები“ პირდაპირ არ ასახელებდა ჰომოსექსუალებს, ეს ტერმინი აშკარად მოიცავდა მათ. მიუხედავად ადრინდელი ,,შემწყნარებლობისა“, ჰომოსექსუალებს არსად არ ჰქონდათ ღია გასაქანი, რამაც ჩამოაყალიბა ქუჩის სუბკულტურა 1930–იან წლებში, სადაც ,,არასათანადო“ ეკონომიკური ტრანზაქციები მიღებულ პრაქტიკას წარმოადგენდა. სწორედ აქედან გამომდინარე, 1933 წელს საიდუმლო პოლიციამ სოდომის რეკრიმინალიზაცია შესთავაზა სტალინს: ,,იაგოდამ სტალინს ინფორმაცია მიაწოდა, რომ მოსკოვსა და ლენინგადში საიდუმლო პოლიციის მიერ ჩატარებული ბოლო ჩხრეკის დროს დაკავებულ იქნა 130 ადამიანი, რომლებსაც კავშირები ჰქონდათ ,,სალონებთან, ცენტრებთან, ბუდეებთან, ჯგუფებთან და პედერასტების სხვა ორგანიზებულ ფორმირებებთან“. ხოლო ამ ,,ფორმირებების“ მიზანი, სავარაუდოდ, ჯაშუშობა იყო. იაგოდა აცხადებდა, რომ ,,პედერასტი აქტივისტები“ ჯაშუშობისკენ იყვნენ მიდრეკილები და ამ განცხადებამ სტალინის ყურადღება მიიპყრო“ (ჰილი, 2002, გვ. 362). 

შედეგად, 1933 წლის დეკემბერში ჰომოსექსუალობის რეკრიმინალიზაცია მოხდა.
როგორც დენ ჰილი სამართლიანად აღნიშნავს, საბჭოთა არქივების მიუწვდომლობის გამო დღემდე შეუძლებელია ამ კანონის შედეგად რეპრესირებული ადამიანების მიახლოებითი რაოდენობის განსაზღვრა. არც ისაა გამორიცხული, რომ სხვადასხვა ბრალდების ქვეშ (,,ყოფილი ბურჟუა“, ,,ტროცკისტი“, ,,კლასის მტერი“) სწორედ ჰომოსექსუალები მოყოლილიყვნენ, როგორც ,,საზოგადოებისათვის საშიში ელემენტები“(2002, გვ. 363). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სექსუალობის პოლიტიკის  რეპრესიული ხასიათი შესაძლოა შეფარული ყოფილიყო  იმ მომენტისათვის აქტუალური მოტივებით. 

სექს–პანიკა


როდესაც სექსუალობის ისტორიას ასე ახლოდან და ყურადღებით ვაკვირდებით, უფრო ხელშესახები ხდება ის არგუმენტები, რაც ამ სტატიის დასაწყისში მოვიყვანე. სექსუალობის რეპრესია და მუდმივი დევნა, რაც ისტორიის თანმდევი იყო სხვადასხვა არგუმენტაციითა და ფორმებით, სამწუხაროდ, არც თანამედროვე რეალობაში არის აღმოფხვრილი. შესაძლოა, დღეს ამის ფორმები უფრო შეფარული და პოლიტიკურად შეფუთულია, მაგრამ არანაკლებ პარადოქსებს ვაწყდებით, ვიდრე ,,არასათანადო ეკონომიკის“ აღკვეთის მასშტაბებში ჰომოსექსუალების მოყოლა იყო. 

თანამედროვე სამართალში არსებობს ისეთი ფენომენი, როგორიცაა „ჰომოსექსუალისაგან  თავდაცვის პანიკა“ (homosexual panic defense). აღნიშნული თავდაცვა ეფუძნება ,,ჰომოსექსუალისადმი მწვავე პანიკის“ ცნებას, რომელიც 1920 წელს გაჟღერდა პირველად. ორიგინალური განმარტებით, ეს იყო ერთსქესიან გარემოში მოხვედრილი ადამიანის მიერ ვერ გაკონტროლება ჰომოსექსუალური სურვილების. შეიძლება ითქვას, რომ ორიგინალური განმარტებით ,,გეი პანიკა“ ლატენტურ ჰომოსექსუალობას აღნიშნავდა. მეოცე საუკუნის განმავლობაში ამ ტერმინმა განიცადა ცვლილება და ეხლა უკვე გამოიყენება იმ მამაკაცისათვის გარემოების შესამსუბუქებლად, რომელმაც მეორე მამაკაცის მხრიდან გამოხატული სექსუალურ ინტერესს ან გამოწვევას აგრესიით უპასუხა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის ლეგალური დაცვის მექანიზმი იმ მამაკაცებისთვის, რომლებმაც ჰომოსექსუალი მოკლეს წარმოსახული ან არსებული სექსუალური გამოწვევის გამო (კულიკი, 2003, გვ. 143). მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური აღიარება ამ ტერმინს არ აქვს, ჰომოსექსუალი მამაკაცების მკვლელების სასამართლო პროცესებზე ეს ფრაზა წარმატებულად ჟღერდება და შედეგსაც აღწევს (ლი, 2003, გვ. 475).

ერთ–ერთი ყველაზე გახმაურებული მაგალითი 1995 წელს ამერიკაში მოხდა, როდესაც 26 წლის ჯონათან შმიტცს ნაცნობი სკოტ ამადერი  სატელევიზიო გადაცემის ,,ჯენი ჯოუნსის შოუს“ საშუალებით სიყვარულში გამოუტყდა. შოუს ეთერში გასვლიდან სამი დღის შემდეგ სმიტცმა შეიძინა იარაღი, მივიდა ამადერის სახლში და ორჯერ ესროლა მკერდის არეში.  შმიტზის ადვოკატები აცხადებდნენ, რომ ამადერის სატელევიზიო განცხადება ,,აგრესიული ნაბიჯი იყო, რამაც გამოიწვია ასევე აგრესიული სამაგიერო“ (კულიკი, 2003, გვ. 145). შედეგად, სასამართლომ კულიკი არა პირველი ხარისხის, არამედ მეორე ხარისხის მკვლელობაში ცნო დამნაშავედ (პირველი ხარისხის მკვლელობა წინასწარ განზრახულს გულისხმობს, რაც არ შეეფარდა ჰომოსექსუალის მკვლელს). თუკი მივიღებთ მხედველობაში იმ ფაქტს, რომ მკვლელობა გადაცემის ნახვიდან სამ დღეში ჩაიდინა მკვლელმა, აშკარაა, რომ განაჩენზე გავლენა სწორედ მსხვერპლის ,,აგრესიულმა“ სექსუალობამ მოახდინა.  


ამ სტატიაში წარმოდგენილი მასალის ერთად თავმოყრის მიზანი არის საზოგადოების მუდმივი ყურადღების ცენტრში მყოფი სექსუალობის შეცნობის ხელშეწყობა, რომელზეც, სამწუხაროდ, ნაკლები ლიტერატურა მოიპოვება ქართულ ენაზე. როგორც მოყვანილი მაგალითები გვიჩვენებს, ყველა დროის საზოგადოება ცდილობდა და ცდილობს სექსუალობის გაკონტროლებით ადამიანზე კონტროლის მოპოვებას, რაც სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა სარჩულით ხორციელდებოდა. თუმცა, როგორც მიშელ ფუკო განსაზღვრავს (1978), შეზღუდვა ყოველთვის ბადებს წინააღმდეგობას. ამ შემთხვევაშიც, ჩემი მიზანი იყო ისტორიის და მაგალითების დემონსტრირებით უფრო თვალსაჩინო გამეხადა დადგენილი ნორმების შედეგად შეზღუდული სექსუალობა, განსაკუთებით კი – განსხვავებული სექსუალობა, და წამექეზებინა ამ ნორმების მეტად კრიტიკული გადახედვა, ვიდრე ეს დღეს ხდება ჩვენს საზოგადოებაში. ის სტერეოტიპები, რომლებსაც ნაციონალისტური დისკურსი მზამზარეულად გვაწვდის სხვადასხვა მედიატორების საშუალებით, იმ ცოდნის შედეგად უნდა დაიმსხვრეს, რაც შეძლებისდაგვარად გამჭვირვალეს გახდის ამ სტერეოტიპების შექმნის მიზეზებს და მიზნებს.  


8 comments:

  1. საღოლ ! იმიტომ რომ იშვიათია ასეთი კარგი, მეცნიერული ნამუშევარი საქართველოში. ქრქთ გენდერში, სქერთოდ სოციქლურ მეცნიერებებში. კარგი ხარ ნამეტანი!

    ReplyDelete
    Replies
    1. მადლობა, მაგრმა სრულად ვერ მივიღებ კომპლიმენტს :) ძირითადი ,,დამსახურება" რაც მაქვს ამ სტატიაში, საინტერესო მასალის თავმოყრა და თარგმნაა :))

      Delete
  2. მასალის თავმოყრა შრომატევადი საქმეა, ასე რომ გეკუთვნის კომპლიმენტი :) დიდი მადლობა, ნამდვილად ბევრს გამოადგება

    ReplyDelete
  3. ძალიან საინტერესო სტატიაა, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, ეს ისტორიული ფაქტები ძალიან ნათლად აჩვენებს ნორმისა და ნორმალურის პირობითობას, მადლობა რომ საკმაოდ დიდი მოცულობის ღირებული ინფორმაცია ამ ერთი სტატიით გახადე ხელმისაწვდომი :) იმედი მაქვს ბევრი წაიკითხავს!

    ReplyDelete
    Replies
    1. ნუ, ესეც პირობითია :)) ვისაც უნდა იგებს, ვისაც არ უნდა – ამ სტატიით გადარწმუნება გაჭირდება :)) ფორუმზე მომწერეს, რის თქმა გინდა, რომ მასტურმაცია კარგიაო? :))

      Delete