Tuesday, April 1, 2014

Big girl, შენ მშვენიერი ხარ!

მათ არ დავცინით – თუმცა თანავუგრძნობთ.
მათ არ ვებრძვით – თუმცა ვდევნით ეკრანებიდან.
არ გვსურს ისინი ვიხილოთ წამყვანებად, მოდელებად, სარეკლამო რგოლებში. 
მაგრამ მზად ვართ აზარტით ვადევნოთ თვალი მათ თავგანწირვას დაგვემსგავსონ ჩვენ. ანუ გამხდრებს. ჰო, გამომრჩა მეთქვა რომ "ჩვენ" გამხდრები ვართ, ლამაზები, ნორმალურები. "ისინი" პუტკუნები არიან, საყვარლები. პუტკუნა არც ულამაზოა და არც არა–ნორმალური. უბრალოდ ყველას უნდა გამხდარი იყოს.ანუ ჩვენნაირი – ლამაზი.

ნორმა, სტანდარტი, სილამაზე

სილამაზის კრიტერიუმები ყოველთვის არსებობდა და მუდმივად იცვლებოდა. ამაზე ლექციის წაკითხვა ალბათ აღარავის სჭირდება. თუმცა, ბევრი არ აღიარებს, რომ მის გემოვნებაზე გავლენას სწორედ ის ნორმები ახდენს, რომელიც მოცემულ დროში არის მიღებული. გემოვნების გარდა, სხეულის ფორმის დადგენილი კრიტერიუმები ბევრი ქალისა თუ კაცის თვითშეფასებაზე მოქმედებს, და არც თუ ისე დადებითად.

ნორმის დადგენა სხვა არაფერია თუ არა სტანდარტიზების მცდელობა.  თუმცა, ამ მცდელობას ერთი დადებითიც ახლავს თან – ნორმის დადგენით განსაკუთებულად ხილული ხდება ის, თუ რამდენად მრავალფეროვანია რეალობა, რამდენაც ცოტა ადამიანი არის "ნორმალური". მაგალითად, დღევანდელი სტანდარტით ე.წ.  ლამაზი ქალი გულისხმობს გამხდარს და თხელს. თუმცა, "ნამდვილად ლამაზმა ქალმა" მკერდიც და უკანალიც "თავის ადგილას" უნდა შეინარჩუნოს. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ფეხები აუცილებლად გრძელი უნდა ჰქონდეს, თეძოები მოყვანილი, მაგრამ არა ზედმეტად. ტერფები პატარა და კოხტა, სასურველია გრძელი, მბზინავი თმა და თლილი თითები.

ბევრს ვიცნობთ ასეთს? არა. ამიტომ ვამბობ, რომ როდესაც ვიწრო ნორმა შემუშავდება, მაშინვე აშკარა ხდება, რომ სინამდვილეში საოცარი მრავალფეროვნებაა წელისაც, მკერდისაც, თეძოსიც და ასე შემდეგ.

ჩემი პირადი გამოცდილება რომ მოვიშველიო, არასოდეს არ ხარ "ზუსტად ის, როგორც საჭიროა" წონისა და ფორმის. ან ცოტა მეტი ხარ, ან ცოტა ნაკლები.  როდესაც 57 კგ ვიყავი, ადამიანებს არ ეზარებოდათ აღენიშნათ რომ "მოკეთებული" ვარ, ლოყები გამზრდია, ეს შარვალი დამპატარავებია. როდესაც 52 კგ ვარ, ადამიანები მხვდებიან ვიშვიშით: "რა მოგივიდა? რამე ხომ არ მოხდა? როგორ გამხდარხარ? ქალს ცოტა ფორმები უხდება!" და ამ ყველაფრის უკან არის ქვეტექსტი: "როგორ გაფუჭებულა" (ანუ, კარგად აღარ გამოვიყურები, რადგან ზედმეტად გავხდი).

ერთი პირობა მეც დავიჯერე, რომ სასწრაფოდ უნდა მომემატა რამდენიმე კილო. მერე გამახსენდა, რომ როცა რამდენიმე კილოთი მეტი ვიყავი, მუდამ დაკლებაზე ვოცნებობდი. და გადავწყვიტე, რომ არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე მიიღო შენი თავი ისეთად როგორიც ხარ. ხომ მარტივი ფორმულაა, მაგრამ ძნელია აქამდე მისვლა. ძნელია ზუსტად იმ თავსმოხვეული სტანდარტების ფონზე, რასაც მუდმივად ვხედავთ პრიალაყდიან ჟურნალებში, სხვადასხვა რეკლამებსა თუ მუსიკალურ კლიპებში.

გამხდარი = ჯამრთელი?

აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ჯანმრთელი სხეული კილოგრამებით არ იზომება, და ნაკლები კალორიების მიღება უკეთეს კვებას არ გულისხმობს. გამხდარი სხეული ხშირ შემთხვევაში სულაც არის ჯანმრთელის პირდაპირპროპორციული. იმავე ლოგიკით, მეტი კილოგრამების ქონა სულაც არ გულისხმობს ჯანმრთელობის რაიმე პრობლემას. აქ პრობლემა ერთადერთია – სილამაზის კრიტერიუმი.

დღეს უკვე ბევრი იწერება იმის შესახებ, რომ გამხდარი სხეულის პროპაგანდა განსაკუთრებულ პრობლემებს მოზარდებს უქმნის. განუწყვეტელი დიეტები, თვითშეფასების დაქვეითება, დანგრეული ჯანმთელობა – და ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის, რომ ისეთები არიან, როგორებიც არიან. სწორედ ამ თემას ეხმიანება ერთი არაჩვეულებრივი წერილი, რომელიც "Daily life"-ში გამოქვეყნდა. წერილის შემოკლებულ ვერსიას ქართულად გთავაზობთ:

"ძვირფასო დედა,
მე 7 წლის ვიყავი როდესაც აღმოვაჩინე რომ მსუქანი, მახინჯი და საშინელი ხარ. ამ მომენტამდე მჯეროდა, რომ შენ მშვენიერი იყავი – ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ყველაფერი შეიცვალა ერთ საღამოს, როდესაც წვეულებაზე წასასვლელად ვემზადებოდით და შენ მითხარი:

-"შეხედე შენს თავს. როგორი თხელი, ლამაზი და საყვარელი ხარ. აბა მე შემომხედე, როგორი მსუქანი, მახინჯი და საშინელი ვარ".

-"შენ არ ხარ მსუქანი".

-"კი, ვარ, და ყოველთვის ვიყავი".

შემდეგ დღეებში ის აღმოჩენები გავაკეთე, რამაც ჩემს ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა: შენ მსუქანი ხარ, იმიტომ რომ დედები არ იტყუებიან; მეც გავიზრდები და ვიქნები შენნაირი, ანუ მსუქანი, მახინჯი და საშინელი. 

ეხლა, როდესაც ამ დიალოგს ვიხსენებ, საშინლად ვბრაზდები შენზე რომ ასე გრძნობდი თავს. შენ ჩემთვის მისაბაძი მაგალითი იყავი და ჩემს თავზეც იგივე დამაჯერე. როგორც შენ, მეც მთელი ცხოვრება ისე გავატარე, რომ თავს მუდმივად მსუქნად ვგრძნობ.

ეხლა, როდესაც თავად დედა ვარ, ვხვდები რომ აზრი არ აქვს ჩემი სხეულის მიმართ სიძულვილში შენ დაგადანაშაულო. ჩვენ ისეთ საზოგადოებაში გავიზარდეთ, სადაც ქალებს გვაჯერებენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ როგორ გამოვიყურებით. ამავდროულად, საზოგადოება განსაზღვრავს სტანდარტს, რომელიც მუდმივად მიუწვდომელია ჩვენთვის.

მოდი, გვიყვარდეს ჩვენი სხეული იმის გამო, რასაც აკეთებს და ნუ შევიძულებთ იმის გამო, თუ როგორ გამოიყურება".

ამ წერილიდან კარგად ჩანს ის, თუ რა რამდენად კომპლექსურია გამხდარი სხეულის ნორმად ქცევის გავლენა. და რამდენად პირობითია "სიმსუქნის" ცნება. მეც უამრავ ქალს ვიცნობ, რომელიც არაჩვეულებრივად გამოიყურება, თუმცა მუდმივად წონის დაკლებას ცდილობს.


"პუტკუნ შოუ" იმედზე

იმედია პოსტის შესავალი ნაწილით მოვახერხე იმ მთავარი აქცენტების გაკეთება, რის გამოც სიმსუქნეზე და წონაზე დისკუსია სენსიტიური საკითხი მგონია. საინტერესოა, მაგრამ ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ კორექტული ტერმინები ფარისევლობაა და სიტყვის შერჩევას მნიშვნელობა არ აქვს. მე კი ვფიქრობ, რომ სიტყვებს პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს და ამ მნიშვნელობებისთვის ბრძოლაც პოლიტიკურია. არ შეიძლება სულერთი იყოს, ხანშიშესულ ადამიანს "მოხუცო"–ს დავუძახებთ თუ "ბებერო"–თი მივმართავთ. უარესი მაგალითების მოყვანაც შემიძლია, მაგრამ თავს შევიკავებ.

მთავარი კი ისაა, რომ სხვას თუ არა, მედიის წარმომადგენელს კი უნდა ესმოდეს სიტყვების ძალა და ავადსახსენებელი წონა. ალბათ ესმით კიდეც, მაგრამ თავისებურად.  გადაცემა "პუტკუნ შოუს" შემქმნელები არაფრისდიდებით არ მიიღებენ არგუმენტს, რომ მათი გადაცემის სახელი დამცინავი და დისკრიმინაციულია. თავს დადებენ, რომ ამ ადამიანების დახმარება სურთ და კომერცია არაფერ შუაშია, მაგრამ ფაქტი კი ფაქტად დარჩება: მალე იმედზე "პუტკუნ შოუს" ვიხილავთ. სწორედ ამ სახელწოდებით, დამრგვალებული პირით და გამოთქმით: "პუტკუნ შოუ", მალე, იმედის ეთერში!

ბევრი ვიფიქრე, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ისეთი სიტყვა რომელიც გამხდარს გამოხატავს და თან მთლად დადებითი მნიშვნელობაც არ აქვს. გამახსენდა "გალეული". რომ ყოფილიყო ფორმებიანი ქალის სტანდარტი, და გაეკეთებინათ გადაცემა "გალეულ შოუ" – იქნებოდა ეს აღქმული როგორც მოფერება გამხდარი ადამიანებისთვის? არ ვიცი, არ ვიცი, მაგრამ რაღაც არა მგონია. პუტკუნა რაც არ უნდა მოფერებითად ჟღერდეს, ამ კონტექსტში, ბოლო ხმოვან მოკლებული და შოუსთან შერწყმული – ნამდვილად დამცინავად გამოიყურება.

ცხადია, ამ შოუს კრიტიკას არ მიიღებენ ის ადამიანები, რომლებიც სრულიად სამართლიანად ფიქრობენ, რომ არსებობს წონა, რომელიც ჯანმრთელობისთვის საშიშია. მაგრამ ისევ გავიმეორებ, რომ ის წონა, რაც საზოგადოებაში ჭარბ წონად ითვლება, სულაც არ არის არც სიმსუქნე და არც ჯანმრთელობისთვის საშიში. უფრო მეტიც, ჯანმრთელობისთვის საშიში ხშირად ის არაბუნებრივი სიგამხდრეა, რასაც დღეს სილამაზის სტანდარტი ქვია.

დავუბრუნდეთ შოუს, რომელიც ჯერ მალე გავა იმედის ეთერში. ამ რამდენიმე დღის წინ  კი სარეკლამო სიუჟეტი დატრიალდა:


იდეაში, ამ სიუჟეტიდან უნდა შევიტყოთ გადაცემის შესახებ, სადაც ადამიანების ჯანმრთელობაზე იზრუნებენ, აქ კი რა არის დასაძრახი? თუმცაღა, პირველივე კადრში ვხედავთ ადამიანს, რომლიც არც ისეთი საგანგაშო და ჯანმრთელობისთვის საშიში წონის ჩანს. ამ "ჭარბწონიან" ადამიანს ხელში უხარსხო საკვები უჭირავს და მადიანად ილუკმება. არ ვიცი, რამდენად შეიძლება ეს კადრი არ ჩაითვალოს დაცინვად, მაგრამ ფაქტია, რომ აშკარად მიგვანიშნებენ – თუკი ჭარბი წონა აქვს, მისი ბრალია. ბევრს და ცუდ საკვებს მიირთმევს, "ჯანმრთელობისთვის საშიშს". ჭარბწონიანი, მართლაც პრობლემატური ადამიანების მიმართ ეს კადრი ყველა სტერეოტიპს ამყარებს და ამძიმებს. მაგრამ მუსიკა – მუსიკა მსუბუქი და ჰაეროვანია.

შემდეგ ვხედავთ გოგონას, რომელიც სტანდარტში არ ჯდება, თუმცა არაფერი ეტყობა სამედიცინო სიმსუქნის. გოგონა მომხიბლველი და სასიამოვნო გარეგნობისაა, თუმცა ინტერვიუდან ვიგებთ, რომ შოუში მოხვედრა და გახდომა სურს. მოგვიანებით ამ გოგოს ჟიური მიმართავს:

"თქვენ ანალიზში გაქვთ ისეთი პრობლემები, რომ შეიძლება საერთოდ ვერ მიიღოთ შოუში მონაწილეობა".

როგორ არა, ძალიან დაეხმარა ჟიურის წევრი ექიმი ამ გოგონას. სულ მის ჯანმრთელობაზე და თვითშეფასებაზე ზრუნავდა, ხომ ეტყობა თბილ მიმართვაში?

სიუჟეტის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ვამჩნევ, რომელსაც წონითი პრობლემები აქვს. 1:30 წუთზე კი ერთვება ინტერვიუ, სადაც ახალგაზრდა ქალისგან ვისმენთ, რომ სადაც არ უნდა იყოს, ტრანსპორტში, მეგობრებთან თუ საზოგადოებაში – ის მუდმივად განსხვავებულად გრძნობს თავს. აი, ზუსტად ამას ვამბობდი მეც. რატომ გრძნობს ადამიანი თავს დისკომფორტში საკუთარ სხეულთან? იმიტომ, რომ მის ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე, თუ იმიტომ, რომ საზოგადოება, და სილამაზის საზოგადოებრივი სტანდარტები აგრძნობინებენ თავს ცუდად?

მე არავითარი უფლება არ მაქვს ვთქვა, რომ ამგვარი შოუ არ უნდა არსებობდეს. სხვა თუ არაფერი, ეს ადამიანები თავად ირჩევენ მასში მონაწილეობას. თუმცა, მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ დროა ჩვენმა საზოგადოებამ აიმაღლოს ცნობიერება და გაუჩნდეს მეტი მგრძნობელობა სხვა ადამიანების მიმართ, რომლებიც ამა თუ იმ ნიშნით განსხვავდებიან. ის ქალები, რომლებიც ინტერვიუში ჩანან მხოლოდ ადასტურებენ იმას, რის დამტკიცებასაც ამ პოსტით ვცდილობ – ფორმიანი ქალები მუდმივი წნეხის ქვეშ ცხოვრობენ იმის გამო, რომ ცოტა მეტი სივრცე უჭირავთ, ვიდრე სხვებს.


მოძრაობა წონითი დისკრიმინაციის წინააღმდეგ

დღეს უკვე ბევრი იწერება იმის შესახებ, რომ სილამაზის სტანდარტის უარყოფითი გავლენა წონით დისკრიმინაციამდეც მიდის. პლუს–ზომის ადამიანები ერთიანდებიან, გამოდიან და აპროტესტებენ საზოგადოების სტიგმას მათ მიმართ. ეს ამბავი ჯერ კიდევ სამოციანი წლებიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება, თუმცა, არა საქართველოში.

არ ვიცი რას უნდა მივაბა, ისევ საბჭოთა გამოცდილებას დავუკავშირო, სადაც ერთნაირობას კანონი აკონტროლებდა, თუ სხვა რამე ფესვები უნდა ვეძიო, მაგრამ ფაქტია – აქ განსხვავებულობის მიმართ ბევრად უფრო შეუვალები ვართ, ბევრად უფრო მყარია სტანდარტებიც და სტერეოტიპებიც. ზედმეტი წონა კი არა, ბოლო რამდენიმე წელია "ბუნდღა" თუ გაქვს ხელზე, მანიკურშაც კი გაოცებული გეკითხება: "ხელების გაკეთება არ გსურთ?" თმაში თუ ჭაღარა შემოგერია, აუცილებლად გეტყვიან, რომ დროა თავს მოუარო და თმა შეიღებო.

არადა, რამდენი ქალი მინახავს უცხოეთში ბუნებრივი ჭაღარა თმით, მოვლილი და საოცრად მოხდენილი. მინახავს წონიანი გოგოები, კონფორტში საკუთარ თავთან, მომღიმრები და ბედნიერები. იმის თქმა არ მინდა, რომ "იქ" ყველა ბედნიერია, და ჩვენთან ყველა დაკომპლექსებული. არა, მაგრამ ნამდვილად განსხვავდება სიხშირე. რაღაც არის ჩვენს საზოგადოებაში, რაც ყველანაირ განსხვავებულობას უქმნის დაბრკოლებებს.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ცოტა უფრო გახსნილი საზოგადოებებში დღეს იმის ტენდენციაა, რომ შენი თავი მიიღო ისეთი, როგორიც ხარ. ეს დამოკიდებულება სარეკლამო კამპანიებშიც აისახება. საბედნიეროდ, ეს ინდუსტრიაც კი გაცდა ჯანმრთელი და ლამაზი სხეულის იმ ფაშისტურ გაგებას, რომ "ყველა ვინც სტანდარტში არ ჯდება, მოსაშორებელია. მინიმუმ ეკრანებიდან".

"Dove"–ის რეკლამები ფორმებიანი გოგონების მონაწილეობით:
ბოლოს კი, მინდა ყველა "დიდ" გოგოს ვუთხრა: Big girl, შენ მშვენიერი ხარ!




2 comments:

  1. მშვენიერია. ჩემი პოსტი იგივე თემაზე: http://goo.gl/WKKQ7O

    ReplyDelete
    Replies
    1. გმადლობთ, გავეცნობი :)

      Delete